"ჩვენ არ ვდგავართ უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა - ხმას ვაძლევთ გაეროში, ჰააგაში, მაგრები ვართ საერთო სიმღერაში, გუნდში ვმღერით, სოლო კი არ არის" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვდგავართ უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა - ხმას ვაძლევთ გაეროში, ჰააგაში, მაგრები ვართ საერთო სიმღერაში, გუნდში ვმღერით, სოლო კი არ არის"

ვიდრე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „წუწაობას“ განაგრძობს, არაფერი მოხდება - ჩვენ არ ვდგავართ უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ხმას ვაძლევთ გაეროში, ჰააგაში, მაგრები ვართ საერთო სიმღერაში, გუნდში ვმღერით, სოლო კი არ არის, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, ქვეყნის შიდა დაპირისპირება გავლენას მოახდენს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე. ამასთან, დასძენს, რომ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლით არაფერი გამოსწორებულა.

„არ ჩასვლით უფრო ფუჭდებოდა საქმე, მით უფრო გაღრმავდებოდა უფსკრული ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. ჩასვლით ეს ამოივსო, გზა გაკეთდა. ჩასვლით არაფერი გამოსწორებულა. ვიდრე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „წუწაობას“ განაგრძობს, „ნაციონალური მოძრაობაა“ მისთვის დედამიწაზე მთავარი ამოცანაა, "ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრისტობა იქნება წამყვანი თემა, მანამდე არაფერი მოხდება. შიდა ქართული დაპირისპირება გავლენას მოახდენს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ყირგიზეთის მთავრობაში რომ იყოს, პრობლემა არ იქნებოდა“,- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება. მისივე თქმით, ჩვენ არანაკლები მსხვერპლი გავიღეთ, შესაბამისად, პრეტენზია და მორალური უფლება გვაქვს მსოფლიოს მოვთხოვოთ, რომ უკრაინის გვერდში ვდგავართ, პირდაპირ გვეხება ის, რაც უკრაინაში ხდება.

ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს პირობა და ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს.

„ვიდრე პუტინი იქნება ხელისუფლებაში, ეკონომიკური სანქციები არ მოიხსნება. ჩვენი მთელი ტრაგედიაა ხელისუფლება როგორც იქცევა. თითქოს, ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართ და ვეხმარებით უკრაინას. არა, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, ჩვენ და უკრაინას მთელი მსოფლიო უნდა გვეხმარებოდეს. როდესაც ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე წავა საუბრები, ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ, ვთქვათ, რომ ხალხო, რა ეკონომიკურ სანქციებს ვხსნით, როდესაც რუსეთს აღიარებული აქვს ჩვენი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და ვერ შესრულდა. ჩვენ უკრაინა ვართ. ჩვენც არანაკლები მსხვერპლი გავიღეთ, შესაბამისად, პრეტენზია და მორალური უფლება გვაქვს მსოფლიოს მოვთხოვოთ, რომ უკრაინის გვერდში ვდგავართ. ჩვენ არ ვდგავართ უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ხმას ვაძლევთ გაეროში, ჰააგაში, მაგრები ვართ საერთო სიმღერაში, გუნდში ვმღერით, სოლო არ არის. ამიტომაც, ამაში ვედავებით, თქვით ის, რასაც ყოველთვის ამბობდი. თქვი, რომ ოკუპირებულები ვართ და რუსეთს გასაყვანი აქვს ჯარი, ისევე როგორც უკრაინიდან. ახალს არაფერს ითხოვენ. რატომ გაჩუმდით, მაინც და მაინც ომის დროს, როდესაც ამას ყოველთვის ამბობდი. ეს ხელშეკრულება ცოცხალია, ჟენევის შეხვედრები ამ ხელშეკრულების ფონზე არსებობს. რუსეთი რომ ჩამოდის ჟენევაში, გალსა და ერგნეთში რომ მონაწილეობს, ჟენევის თანათავმჯდომარეები ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩადიან მოსკოვში. ევროკავშირი ამ ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ჩვენთან. რუსეთი ამ ხელშეკრულებას ასრულებს მთლიანად, გარდა ერთი პუნქტისა, მას არ გაჰყავს ჯარები. მოვითხოვოთ, ეს! ცოცხალი დოკუმენტის შესრულება მოვითხოვოთ. გაჩუმებულები ვართ, ვითომ, ჩვენ არ გვეხება რაც უკრაინაში ხდება. პირდაპირ გვეხება ის, რაც უკრაინაში ხდება“,- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას სთავაზობს. როგორც ის განმარტავს, სოლიდარულები უნდა ვიყოთ იმ ხალხის მიმართ, ვინც სიცოცხლე გაწირა და მისთვის 9 მაისი არის გამარჯვების დღე.

„ეს ის თემაა, რომელიც ნაკლებად მაწუხებს. დღეს, თუ ვინმე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გვყავს დარჩენილი, ამ ხალხისთვის 9 მაისი არის გამარჯვების დღე. ელემენტარულად სოლიდარულები ვიყოთ. ქართველებს ბევრი რამ გვაკლია, მათ შორის, ცნება სოლიდარობა. არ ვიცით, ეს რა არის. სოლიდარულები ვიყოთ იმ ხალხის მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლე გაწირა და მისთვის 9 მაისი არის გამარჯვების დღე. დაელაპარაკეთ ვეტერანებს, მოიწვიეთ და ილაპარაკონ მათ. მე ამის გამო ქუჩაში არ გამოვალ და არ დავიწყებ პროტესტს არა 8 მაისი, არა 9 მაისი, როგორც შეთანხმდებიან ისე იყოს, ღმერთმა გაუმარჯოთ. ვფიქრობ, ვიდრე ვეტერანები არსებობენ და მათ პოზიცია არის 9 მაისი, 9 მაისი უნდა იყოს“, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ინტერპრესნიუსი