"როგორ გადააქცია პუტინმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იარაღად" - კვირის პალიტრა

"როგორ გადააქცია პუტინმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იარაღად"

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია - „როგორ გადააქცია პუტინმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იარაღად“ (ავტორი - მარკ დრიუ, ლივერპულის ეპარქიის მსახური). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე (რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე), მოსკოვის საპატრიარქოს დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და უცხოეთში მოქმედი ეპარქიებისადმი, ურთიერთობა ვატიკანთან (რომის პაპთან) და ა.შ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„მართლმადიდებლური დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე 233-მა რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა მშვიდობის მოწოდებით პეტიცია გამოაქვეყნა. მასზე ხელმომწერები აღნიშნავდნენ, რომ უკრაინაში ძმათამკვლელი ომი მიმდინარეობს და აცხადებდნენ, რომ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მათ ღრმა სინანული გამოხატეს „იმ დიდი განსაცდელის გამო, რომელიც დაუმსახურებლად მოევლინა [მათ] უკრაინელ დებსა და ძმებს“. ვინც იცის, თუ როგორ ხორციელდება მმართველობა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში და რამდენად მჭიდროდაა ეკლესია დაკავშირებული ვლადიმერ პუტინის ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, ის მიხვდება, თუ რა მამაცი ნაბიჯი გადადგეს სასულიერო მსახურებმა. მაგრამ რა გავლენას მოახდენს, სავარაუდოდ, ეს ფაქტი ეკლესიის უმაღლეს ავტორიტეტზე, მის ხელმძღვანელობაზე?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თქვენ უნდა იცოდეთ, უნდა გაიგოთ რუსეთში რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლების არა მარტო მრავალსაუკუნოვანი კავშირი, არამედ - საკვანძო მოთამაშეთა სამსახურებრივი კარიერა, „ნამსახურების ნუსხა“, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია კირილე I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. იგი აქტიურად მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ქება-დიდებას უძღვნის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს. თავის ქადაგებაში შენდობის კვირას კირილემ „სამხედრო ოპერაცია“ გამართლებულად და თითქმის - "წმინდა ომად" ჩათვალა. გაიმეორა რა, გენოციდის ბრალდება [რომელიც, თითქოსდა, უკრაინელებმა ჩაიდინეს] რუსულენოვანი სეპარატისტული წარმონაქმნების („დონბასის რესპუბლიკების“) მიმართ, პატრიარქმა აღნიშნა, რომ უკრაინა ბოროტ მეტაფიზიკურ ომს ეწევა რუსეთისა და, საერთოდ, ქრისტიანობის წინააღმდეგ, როცა კიევი მხარს უჭერს ამორალურ იდეებს.

კირილეს მხარდაჭერა გარკვეულ „რელიგიურ ბრწყინვალებას“ ჰმატებს კრემლის მიერ მოწონებულ „რუსული სამყაროს“ ("რუსკი მირ") იდეოლოგიას. ტერმინი „რუსული სამყარო“ გულისხმობს, რომ რუსეთის ვალია, ყოფილი მეფისა და შემდეგ - კომუნისტური იმპერიის (სსრ კავშირის) ხალხები დაიქვემდებაროს და თავისი ხელმძღვანელობის ქვეშ ჰყავდეს. „რუსული სამყარო“, გარკვეულწილად, უკავშირდება მოსკოვის კიდევ ერთ იდეას „მესამე რომის“ შესახებ, რომელიც „წმინდა რუსეთს“ მართლმადიდებელი ხალხის დამცველად წარმოსახავს.

„მშვიდობისმოყვარე მღვდლების“ პეტიცია კირილესათვის სხვა არაფერია, თუ არა მსუბუქი გაღიზიანება. მასზე ხელმომწერები რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური სასულიერო პირების (40 ათასზე მეტი) მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ. მით უმეტეს, რომ მათ შორის არ არიან მიტროპოლიტები და სხვა რომელიმე გავლენიანი მაღალი იერარქიის სასულიერი პირები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომის მოწინააღმდეგე სასულიერო პირები ცოტანი არიან. რუსეთიდან მოსული ცნობების თანახმად, ისინი უდიდეს სტრესს განიცდიან და იძულებული არიან, კრემლს მხარი დაუჭირონ. ძალიან ცოტა თუ რისკავს, რომ სათქმელი ხმამაღლა და ღიად თქვას. "ზემოდან" მუქარა "ქვემოთ" ზეწოლაში აისახება. დიდი ქალაქების ფარგლებს გარეთ ომისადმი მხარდაჭერა უფრო ძლიერია სოფლის საშუალო და ხანშიშესული ასაკის მქონე მოსახლეობაში, რომლებიც მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობიან და პუტინის მომხრეთა ძირითად ბირთვს წარმოადგენენ.

დღეისათვის კირილეს და პუტინს შეუძლიათ იფიქრონ, რომ რუსეთის ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესების მათ არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ რაც დრო გადის, ომის შედეგები რუსული ეკლესიის საერთაშორისო მდგომარეობაზე სულ უფრო მეტად იმოქმედებს. კირილე, როგორც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერის მანტიამოსხმული პატრიარქი, უკვე გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება.

მართლმადიდებელ ეკლესიას რომის პაპი არ ჰყავს, თუმცა, სამაგიეროდ, მოსკოვი ცდილობს კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) პატრიარქის - ბართლომე I-ის შევიწროებას, რომელიც თანასწორთა შორის პირველად ითვლება. 2019 წელს ბართლომემ უკრაინაში მოსკოვისაგან დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

მართალია, ეს ეკლესია სულ უფრო მეტ მიმდევარს იძენდა, მრევლს აფართოებდა, მაგრამ უკრაინელი მართლმადიდებელი რუსულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს, [მოსკოვის საპატრიარქოსადმი] ლოიალური იყო. დღეს კი მათი დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ დაძაბულია. რუსულ ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტეს რიგმა ეპარქიებმა და ეს გაუცხოების ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - იმიტომ, რომ უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნეების რაოდენობა, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს (ანუ კირილეს) მრევლს შეადგენენ, თითქმის 90 მილიონია.

უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსულ ეკლესიას პრობლემები აქვს უცხოეთში შექმნილ ეპარქიებთან, რომლებიც კრემლის გავლენის ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენენ. ისინი არ იწონებენ მოსკოვის საპატრიარქოს პროსამთავრობო პოზიციას და კირილესთან ურთიერთობა ეძაბებათ. მაგალითად, ამსტერდამში არსებულმა რუსულმა მართლმადიდებელმა მრევლმა უკვე განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფის შესახებ. სხვებიც მეტ-ნაკლებად დისტანცირებას ახდენენ. მათ უმრავლესობას, სავარაუდოდ, შიდა ერთიანობის პრობლემები აქვს. უფრო მეტიც - ზოგიერთი ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მხარს უჭერდა მოსკოვის საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაპირისპირებაში, როგორც ჩანს, რუსეთისადმი მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს გავლენა ეკუმენურ მოძრაობაზე. როგორც კირილემ განაცხადა, რუსული ეკლესია რომელიმე საკითხის მოსაგვარებლად არამართლმადიდებლურ ეკლესიებთან არ გაერთიანდება, თუმცა კარგი ურთიერთობა აქვს ვატიკანთანაც და მსოფლიო საეკლესიო საბჭოსთანაც: მოსკოვი ვარაუდობს, რომ მათ თავისი გავლენის გასაფართოებლად გამოიყენებს. 2016 წელს, როცა კირილე კუბაში იყო, იგი მოსკოვის პირველი პატრიარქი გახდა, რომელიც იქ მყოფ რომის პაპს შეხვდა და ორივე ისეთი განცხადებით გამოვიდა, ბევრი მართლმადიდებლის, მათ შორის - მოსკოვის მოწინააღმდეგეების აზრით, ეს უჩვეულოდ შეესაბამებოდა მოსკოვის ეკლესიის „რუსული სამყაროს“ დოქტრინას.

დღეისათვის რომის პაპმა ფრანცისკემ უარი თქვა ვატიკანის ტრადიციულად ნეიტრალურ მიდგომაზე საერთაშორისო კონფლიქტების მიმართ და კირილეს ვიდეოკონფერენციის დროს არაორაზროვანი საყვედური უთხრა, რითაც მკაფიოდ მიანიშნა ვლადიმერ პუტინის აგრესიაზე. თვით როუენ უილიამსიც კი, კენტერბერის არქიეპისკოპოსი, თეოლოგი, რომელმაც კარგად უწყის რუსული ეკლესიის როლი და მნიშვნელობა, პატივს სცემს მის რელიგიურ ტრადიციებს, კარგად იცის რუსული ენა, ისიც კი იძულებული გახდა, მოეწოდებინა მსოფლიო საეკლესიო საბჭოსათვის, რომ რუსული ეკლესიისათვის წევრის სტატუსი ჩამოერთმიათ, თუ მისი ხელმძღვანელობა ჩადენილ [შეცდომას] არ მოინანიებს.

კრემლის სტრატეგიის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს ის, რომ მან ეკლესიის მეშვეობით კულტურული რიტორიკა იარაღად გადააქციოს. კონსერვატიული ქრისტიანები - კათოლიკე-ტრადიციონალისტებიდან და მართლმადიდებლებიდან დაწყებული და ევანგელისტ-პროტესტანტებით დამთავრებული, კირილესა და მის ეკლესიას მნიშვნელოვან მოკავშირედ თვლიან დასავლური ლიბერალური ზნეობის ბატონობისადმი წინააღმდეგობის გაწევაში.

რა თქმა უნდა, არიან ისეთები, რომლებიც კრემლის მიერ შეთხზულ ვერსიას ენდობიან, მაგრამ უფრო ბევრი ხედავს იმ მკაცრ ავტორიტარიზმს, რომელიც ღვთისმოსაობის ნიღბით არის დამალული. ანუ მხილებულ იქნა კონსერვატიული მორალური პრინციპების კავშირი არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ მიზნებთან.

შეუძლებელია იმის ზუსტად გაგება, რამდენად მყარი და მტკიცეა დღეს პუტინის ხელისუფლება და რა ელოდება ეკლესიას, რომელიც რუსეთის ლიდერმა ხელისუფლების ისეთ ინსტრუმენტად აქცია, როგორც ადრე მეფე-იმპერატორები აკეთებდნენ. კირილეს შეუძლია საკუთარი თავი მეფის (პრეზიდენტის) მსახურად ჩათვალოს, მაგრამ იგი ხომ უპირველესად უფლის მსახურია... შეიძლება უფლის წყალობით მას საშინელი სამსჯავრო ასცდეს, მაგრამ ისტორიის სამსჯავრო ისეთი გულმოწყალე და შემბრალებელი არ იქნება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ