პუტინი ეძებს  ჯაშუშებს  ეფ-ეს-ბეში: პირველი მსხვერპლი გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა გახდა? - კვირის პალიტრა

პუტინი ეძებს  ჯაშუშებს  ეფ-ეს-ბეში: პირველი მსხვერპლი გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა გახდა?

1999 წლის 20 დეკემბერს, მოსკოვში "ჩეკისტის დღისადმი" მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოსთქვა: ”ნება მომეცით მოგახსენოთ: ეფ-ეს-ბეს ოფიცრების ჯგუფი, რომლებიც მივლინებული იყვნენ მთავრობაში ფარულად სამუშაოდ, პირველ ეტაპზე თავიანთ ამოცანებს უმკლავდებიან .” ვითომ ხუმრობით ნათქვამ ფრაზას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. „ძველი ჩეკისტები“ სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მივიდა. ამ ვითომდა ხუმრობაში პუტინის მთელი მსოფლმხედველობა იმალება: ის იყო და დარჩა ერთი კომუნისტური სპეცსამსახურის ოფიცრად და ვერ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი დღესაც კვლავ „ჩეკისტურია“, ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პუტინის აზროვნების შეზღუდული არეალი მხოლოდ სპეცსამსახურების მეთოდებით შემოიფარგლება, ის განსაკუთრებით გასული საუკუნის 20-30 იანი წლების სისხლიანი რეპრესიების თაყვანისმცემელია.

პუტინის კარიერა მართლაც, რომ გასაოცარია. 1998 წლის დასაწყისში საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო, ერთი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი გახდა - არაა სასწაული? არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიოს უახლესი ისტორია ყველაფერი ამგვარად რომ არ მომხდარიყო.

1998 წლის ივლისში პუტინი “თეთრ ცხენზე” ამხედრებული დაბრუნდა რუსეთის მთავარ სპეცსამსახურში, როცა პრეზიდენტმა ელცინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად დანიშნა.

პუტინისთვის ეფ-ეს-ბე მეორე ოჯახია, უფრო ზუსტად – ერთადერთი ოჯახი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს. ბოლო დღეებამდე რუსეთის დიქტატორი მხოლოდ ამ სპეცსამსახურს ენდობოდა, იმიტომ რომ 1998 წლიდან მოყოლებული თავად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს და ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ მის მიერ შერჩეული ან მოწონებული კადრები ინიშნებიან. 1999 წლის 16 აგვისტოს თავის „მემკვიდრედ“ ნიკოლაი პატრუშევი დატოვა (რომელიც, არსებული ინფორმაციით , პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელ კორპუსების აფეთქებას), ხოლო 2008 წლის 12 მაისს ეფ–ეს–ბეს დირექტორად ასევე ლენინგრადელი ალექსანდრე ბორტნიკოვი დანიშნა (რომელიც, არსებული ინფორმაციით , პირადად ხელმძღვანელობდა ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკოს ლიკვიდაციი ოპერაციას).

ხედავთ ხომ, პუტინი, როგორც „მაფიოზური კლანის“ ბოსი, მხოლოდ „საქმეში“ შემოწმებულ კადრებს ენდობა. სწორედ ერთობლივი დანაშაული აერთიანებს „მაზიოზურ კლანს“, სადაც ბრძანების შეუსრულებლობა ღალატად ითვლება და სასტიკად ისჯება. პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი თავისებურება ისიცაა, რომ რუსეთის დიქტატორი ძირითადად ლენინგრადში დაბადებულებს ენდობა.

1998 წლის შემოდგომაზე ეფ–ეს–ბეს ახლად დანიშნულმა დირექტორმა პოლკოვნიკმა პუტინმა შექმნა ახალი სამმართველო, რომლის ძირითადი მოვალეობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფართო ჯაშუშური ქსელის შექმნა და ამ სივრცეში ფაქტობრივად საგარეო დაზვერვის ფუნქციების შესრულება იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ამ სამმართველოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან ოფიციალური კონტაქტების კოორდინაციაც დაევალა და მისი სტატუსი „სამსახურის“ დონემდე გაიზარდა. პუტინი თავის „პირმშოს“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თუ ვინ უხელმძღვანელებდა მე-5 სამსახურს (ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ).

სამოცდარვა წლის სერგეი ბესედა უკვე ცამეტი წელია რაც მე–5 სამსახურს ხელმძღვანელობს. ისიც პუტინის კადრია, ლენინგრადელია და ჯერ კიდევ 2003 წლიდან იყო ეფ–ეს–ბეში სხვადასხვა მაღალ პოსტებზე. ბოლო დრომდე სწორედ ბესედა კურირებდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ეფ–ეს–ბეს მიერ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას.

2-1650350727.png
გენერალ–პოლკოვნიკი სერგეი ბესედა

2014 წლის გაზაფხულზე კიევში „მაიდანის მოვლენების“ დროს გენერალი ბესედა უკრაინაში რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა.

რა დავალებას ასრულებდნენ ისინი?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით მათ ევალებოდათ კიევში რუსეთის საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. ჩემი აზრით, მაშინ რუსეთის სპეცსამსახურები ფარულად ხელს უწყობდნენ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობას. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინაში შეექმნათ სამართლებრივი ვაკუუმი: „რადიკალ–პატრიოტებმა“ კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხეს და ამ ვითარებაში უკრაინაში შემავალი იურიდიული სუბიექტების (ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის) მოსახლეობას უფლება აქვს „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადოსო. მართლაც, სანამ კიევში ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიდიოდა, ყირიმში „მწვანე კაცუნებმა“ (განმასხვავებელი ნიშნების გარეშე სამხედრო ფორმაში გადაცმულმა რუსეთის არმიისა და სპეცსამსახურების თანამშრომლებმა) ჯერ ყირიმში ძლაუფლება უბრძოლველად ჩაიგდეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, შემდეგ კი „რეფერენდუმით“ რუსეთის ფედერაციას შეუერთდნენ. ასევე „მაიდანის მოვლენებით“ ისარგებლეს ძირითადად რუსულენოვანი დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებმა და თავი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადეს.

ალბათ გაგახსენდათ: საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული აფხაზი და ოსი სეპარატისებიც ანალოგიური სცენარით მოქმედებდნენ 1991 წლის ბოლოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ასე, რომ ყველა დანაშაულებრივი გზა მოსკოვში მიდის!

დავუბრუნდეთ გენერალ ბესედას. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ის ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გაეგრძელებინა პუტინის დავალებების შესრულება, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (რა თქმა უნდა, საქართველოშიც) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება. სერგეი ბესედას ხელმძღვანელობით ეფ–ეს–ბეს მე–5 სამსახურის თანამშრომლებს ევალებოდათ უკრაინაში სადაზვერვო ინფორმაციას შეგროვება, ასევე უნდა შეესწავლათ და გაეანალიზებინათ უკრაინის მოსახლეობის განწყობა რუსეთის არმიის შეტევის შემთხვევაში. რაც ყველაზე მთავარია: სერგეი ბესედას უნდა შეექმნა და დაეფინანსებინა კიევის ხელისუფლების პრორუსული ოპოზიცია, რაზეც ათეულობით მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. სერგეი ბესედას სამსახურის მიერ მომზადებული ოპერატიულ ინფორმაცია პუტინის „მწვანე საქაღალდეში“ ხვდებოდა, სადაც გროვდება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია საგარეო დაზვერვის სამსახურიდან, გე-ერ-უდან და ეფ-ეს-ბედან.

უკრაინის არმიისგან მოულოდნელი და მედგარი წინააღმდეგობის შემდეგ პუტინმა უკვე მარტის შუა რიცხვებში მოღალატეების ძებნა დაიწყო, რათა მათთვის გადაებრალებინა წარუმატებლობა ბრძოლის ველზე. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ფრონტზე და მიხვდა, რომ თავდაპირველი სწრაფი გამარჯვების გეგმა ჩაიშალა. ამის შემდეგ პუტინმა დაიწყო უკრაინასთან ომის წარუმატებლობაში პასუხისმგებელი პირების ძებნა.

რუსეთის მთავარ სპეცსამსახურში, ეფ–ეს–ბეში, რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ დაიწყო გამოძიება შესაძლო უცხოელი აგენტების გამოსავლენად და ფინანსების არამიზნობრივი გამოყენების დასადგენად. პუტინი შიშობს, რომ უცხო ქვეყნების დაზვერვამ შესაძლოა შეაღწია ეფ–ეს–ბეს სტრუქტურებში. ეს კი რუსეთის დიქტატორისთვის ნამდვილი ტრაგედიაა, იმიტომ რომ მისთვის ეფ–ეს–ბე იგივე მშობლიური კა–გე–ბეა, რომლის თაყვანისმცემელია პუტინი დღესაც და რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. ამ „მაფიოზურ ოჯახში“ ღალატს პუტინი არავის აპატიებს და სხვების დასანახად სამაგალითოდ დასჯის.

2022 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერგეი ბესედა არასწორი სადაზვერვო–ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებისთვის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ხოლო 2022 წლის 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით სერგეი ბესედა გადაიყვანეს „ლეფორტოვოს“ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე–5 სამსახურიდან კი 150–დე ოფიცერი დაითხოვეს.

3-1650350883.jpg
„ლეფორტოვოს“ ციხე

ისტორიულად ასე ყოფილა: ყველა დიქტატორი საკუთარი შეცდომების, უმეცარი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მძიმე შედეგების გადაბრალებას ყოველთვის სხვაზე ცდილობს. აბა, თვითონ როგორ შეცდებოდა! ასე, რომ უკრაინასთან წარუმატებელი ომის პარალელურად იმატებს რუსი გენერლების რიცხვი „ლეფორტოვოს“ ციხეში.