ომი არ გვინდა - რეინტეგრაციის ბიუჯეტი გვინდა - კვირის პალიტრა

ომი არ გვინდა - რეინტეგრაციის ბიუჯეტი გვინდა

უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების მომენტიდან, ქართულ საზოგადოებაში, პრორუსული იდეების ტრანსლატორი ნაწილი, აქტიურად პედალირებდა იდეას, რომ თითქოს საქართველოს ღია და პარტნიორული მხარდაჭერა, უკრაინის მიმართ, რუსეთთან ომის გარდაუვალობას ნიშნავდა, რაც ძალზედ მუხანათური იდეოლოგიური "ტრიუკია", რომელიც რაციონალურ შიშებს ააქტიურებს და შეუძლებელს ხდის საზოგადოების კონსოლიდირებას გარკვეული სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, რეგიონში ასეთი ხარისხის კონფლიქტის არსებობის პირობებში. რეალობა ის არის, რომ ომი არავის უნდა, არც არავის მოუთხოვია ომი დაგვეწყო რუსეთთან და როგორც შემდგომმა მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, ამის არავითარი აუცილებლობაც არ არსებობს. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, ბუნებრივად გავრცელდება რუსეთის საგარეო გავლენებზე და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ფინანსურ ინიექციებზე, რომელსაც დოტაციის სახით იღებენ აფხაზები და ოსები, მოსკოვიდან. ეს ფულადი ნაკადები, ბუნებრივია ისედაც უმწირესი იყო მაგრამ მათი მიღებაც კი შეუძლებელი გახდება უახლოეს მომავალში და ამიტომ, საჭიროა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, იზრუნოს იმაზე რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ის ტერიტორიები, რომელზეც გასეპარატისტებული ნაწილი ცხოვრობს, მობრუნდეს საქართველოსკენ და დაინახონ იქ მცხოვრებმა რიგითმა მოქალაქემ, რომ საქართველოს მიზანი მათი განადგურება კი არა, არამედ რეინტეგრაციაა და ამ რეინტეგრაციისთვის ბევრს აკეთებენ! მაგალითად, ჩემი სუბიექტური წარმოდგენით - ახლა საქართველოს ხელისუფლება, უნდა დადიოდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თუ ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, NATO-ს წევ ქვეყნებთან და ითხოვდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რეინტეგრაციის პროექტსა და ბიუჯეტის შექმნაში დახმარებას, თანაც ამას აკეთებდეს მაქსიმალური საჯაროობითა და ვიზუალური მასალების დემონსტრირებით, ნებისმიერ იარაღზე მეტი ძალა ექნებოდა იმ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ჩარჩენილი და სიმართლე რომ ვთქვათ, საშინელ გაჭირვებასა და ცივილიზაციური ჩამორჩენილობის პირობებში ცხოვრობენ. ამ პროცესის პარალელურად კი საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა აჩვენებდნენ, ადმინისტრაციული, პოლიტიკური, კომუნალური მოწყობის მასტერკლასს. ასევე საერთაშორისო აქტორების მაქსიმალურ ჩართულობას პროცესში იმისთვის, რომ იქაურ ჩვენს თანამოქალაქეებში, სანდოობა და მომავლის იმედს აჩენდნენ, ჰქონდეთ შედარების შესაძლებლობა და ა.შ. მესმის რომ ეს პროცესი არ იქნება ადვილი და რუსეთისთვის, მაინც ძალიან დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ეს ჩვენი სადარდებელი ნაკლებად არის იმ მომენტამდე, ვიდრე თავად აფხაზეთისა და ცხინვალის დაცვის საჭიროებამდე არ მივალთ, თავად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ერთად, რომლის ძალიან დაბალი ალბათობაც არის მაგრამ არა არარეალური.მიუხედავად ყველაფრისა კი ის რაც ზემოთ დავწერე, აუცილებლად გასაკეთებელი და დასაწყებია სასწრაფოდ. არავინ ვიცით როდის დაემხობა რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური სისტემა თუმცა, ამის გარდაუვალობა ფაქტია რომ უკვე ჩანს.

შესაბამისად - სრული აბსურდია ვიღაც კიჟინებდეს მტკიცებულებას "აბა ომი გინდათ" და იქვე არ იძლეოდეს შემოთავაზებას თუ როგორ შეიძლება ეს ომი თავიდან ავიცილოთ და მოვიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. გვთავაზობდეს ალტერნატიულ გზას, გარდა იმ რუსეთის მაამებელი მდუმარებისა, რომელიც ისტორიულ ჭრილში დანაშაულებრივი დუმილი იქნება, მათ შორის ჩვენი, საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან!

ომი არ გვინდა - გვინდა რეინტეგრაციის ბიუჯეტი და პროექტები... ეს არის ჩვენი ბილეთი NATO-შიც და ევროკავშირშიც, რომელთა წევრობაც, ჩვენი ქვეყნის და ეთნოსის ნატურალურ საფუძვლებზე გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვრჩება - რუსული ინტერპრეტაციის ქართველობა, რომელსაც ახლა უკვე აქტიურად გვატენიან!