წყნეთში, დეტექტივის მიერ გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი დეტალებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

წყნეთში, დეტექტივის მიერ გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი დეტალებზე საუბრობს

თვითმხილველი წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამაკაცი, რომელიც პოლიციელის, ერიკ წურწუმიას გასროლის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე „მიწას თხრიდა, სადაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა“.

როგორც გუდიაშვილის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სახლის დაცვის თანამშრომელი აცხადებს, მოკლულს ტყვია გულის არეში ჰქონდა მოხვედრილი, გასროლამდე კი ხმაური არ გაუგია.

„გუშინ, დაახლოებით, 7-ის ნახევარზე მოხდა. აქ ტაქსით ამოსულა, ტაქსი ელოდებოდა. ეს ბიჭი ნაძვის ძირში მიწას ხელით თხრიდა. მე მგონი, თვითონ პოლიციელმა იპოვა ნარკოტიკი. ერთი გასროლის ხმა იყო, მერე გაივსო ტერიტორია პოლიციელებით. გარდაცვლილს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მისი ქურთუკი ეგდო გვერდით, გაჩხრიკეს, საბუთებიც არ ჰქონდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გულის არეში ჰქონდა ნასროლი“,- აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ერიკ წურწუმია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ზურა გველესიანი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.