"ბოდიში ამ გამოთქმისთვის და, არ მესმის, ახლა როგორ უნდა "აბლატაო" დამპყრობელი?!" - კვირის პალიტრა

"ბოდიში ამ გამოთქმისთვის და, არ მესმის, ახლა როგორ უნდა "აბლატაო" დამპყრობელი?!"

„შემოვუშვათ რუსეთის ბევრი მოქალაქე და მერე პუტინი იტყვის, რომ ახლა საქართველოში ვუშვებ ჯარს, სპეციალური ოპერაციისთვის, რომ დავიცვა რუსეთის მოქალაქეებიო... ვაჟა, ილია, აკაკი და ა.შ. ჩვენც კი გვაქვს წაკითხული“ _ წერდა სოციალურ ქსელში ნოდიკო ტატიშვილი, ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ... რუსეთის მიმართ თავისი უკიდეგანო გაბრაზება ცნობილმა მომღერალმა "კვირის პალიტრას" გაგვიზიარა...

- რაც ახლა უკრაინაში ხდება, გულწრფელად გეტყვით, ვერაფრით წარმომედგინა, მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა, ოცდამეერთე საუკუნეში მომხდარიყო... აქვე, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ტრიალებს ეს კოშმარი... თუმცა რუსეთის იმპერიის სისასტიკისადმი და ამორალურობისადმი ჩემი წარმოდგენა არასოდეს შეცვლილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში 2008 წელს ჩაიდინეს!

- 2008 წელიც ხომ ოცდამეერთე საუკუნე იყო?

- დიახ, ძალიან დიდი უბედურება იყო, რაც ჩვენს ქვეყანას დამართეს, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, საზღვარს კიდევ წევენ და კაცისშვილი დამშლელი არ ჰყავთ! საერთოდ, რაღაზე ვსაუბრობთ?! უბრალოდ, ახლა ის ვიგულისხმე, რომ 2008 წელს ომის ამხელა მასშტაბი არ ყოფილა, 3-5 დღეში ყველაფერი ჩაცხრა და უკრაინაში თითქმის ორი თვეა, გაუგონარი საშინელება ხდება... ამდენი ბავშვის, უდანაშაულო ხალხის ამოხოცვისთვის არ ვიცი, რუსეთს რა მოელის! მაგალითად, მე, ჩემი ანალიზით, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მანამდეა დამთავრებული, სანამ ეს იმპერიალისტები და მიუღებელი ხალხი იჯდება იქ სათავეში.

საგარეო ურთიერთობები დაანგრიეს, ეკონომიკა თავზე ჩამოენგრათ და მთელ მსოფლიოში, სადაც კი გაიგებენ რუსი ტურისტის შესახებ, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება უჩნდებათ. პუტინმა თავისივე ხალხი მსოფლიოსთვის საზიზღარი გახადა! ჩვენ, საქართველოში, ისედაც კარგად ვიცით, რუსეთს აქ რა ინტერესებიც ჰქონდა და რაც ჩვენს თავს დაატრიალეს. ეს ყველაფერი ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს?! - მე მგონია, რომ უკრაინა დაამთავრებს! ისევ ვიმეორებ, ძალიან ვწუხვარ და სულ მაგას ვამბობ, ამდენი ბავშვის, ამდენი ადამიანის მსხვერპლი უზარმაზარი ტრაგედიაა მთელი მსოფლიოსთვის!

ეგ რომ რუსეთს არ შერჩება, ზუსტად ვიცი, მაგრამ დაღუპულებს რაღა ეშველებათ და რა დააშავა ამ საწყალმა ხალხმა?! - იმდენად განვიცდი, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში რამდენიმე კონცერტი გავაუქმე...

- რუსეთში?

- არა, რას ამბობთ... რუსეთში არც მქონია კონცერტები დაგეგმილი და არც ვყოფილვარ 2008 წლის შემდეგ! საქართველოში მქონდა კონცერტები დაგეგმილი, მაგრამ აღარ შემეძლო ჩატარება. 8 მარტის კონცერტიც კი, სადაც ძალიან ბევრი ხალხი აპირებდა მოსვლას, გავაუქმე. არ იყო მაგის დრო და - იმიტომ!

- რუს კოლეგებზე რას იტყვით?

- ნებისმიერ რუსზე ერთს ვიტყოდი: როდესაც ხმას არ იღებ და ამ ყველაფერს წყნარად უყურებ, მგონია, რომ აბსოლუტურად იმავე ინტერესების გამტარებელი ხარ! კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელი არტისტი როგორია... მე, მაგალითად, ერთი რუსი კოლეგა მყავს, საერთაშორისო კონკურსებზე ერთად გამოვდიოდით, ის რუსეთს წარადგენდა, მე - საქართველოს... მან 2008 წელს სოციალურ ქსელში მომწერა, გთხოვ, მაპატიე ასეთი მთავრობა რომ მყავს, საქართველოში რომ ასეთ რამეებს სჩადის, ძალიან მრცხვენიაო... ახლა უკრაინაში რომ ეს საშინელება დაიწყო, მივწერე და ვკითხე, რას ფიქრობდა, ისევ ისე მომწერა, ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცდი და მრცხვენიაო. როდესაც ვკითხე, ხალხი რას ამბობს-მეთქი, მიპასუხა, ნაწილი აპროტესტებს, ნაწილს - მოსწონსო... ზუსტად მაგის თქმა მინდა, რომ რუსებს ვერა აქვთ საქმე კარგად, როცა საზოგადოების ნაწილს ეს ყველაფერი მოსწონს!

-ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ვიდეომ, სადაც აღმაშენებელზე მდებარე კაფეში რუსულ სიმღერაზე რუსები ილხენდნენ...

- ვნახე და სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია! არის ჩვენთანაც ხალხის ნაწილი, ვინც კიდევ ბევრ რამეს ვერ ხვდება... ამაზრზენია ეს ყველაფერი, როცა ამ მდგომარეობაშიც კი, ოკუპანტების დაკრულზე ცეკვავ! რაღა ქართველობაზე და ეროვნულობაზეა აქ საერთოდ საუბარი?! - „ჩორნი ბუმერს“ რომ რთავ და გარშემო ყველას ასმენინებ...

კიდევ კარგი, იქ არ ვიყავი, თორემ აუცილებლად გავაპროტესტებდი. ასე არაფრით შეიძლება! ჯერ მათიც არ მესმის! იმ ქვეყანაში ჩამოდიან, რომლის 20% ოკუპირებულია მათი ხელისუფლების მიერ და აქ ძალიან ამაყად მოდიან! იმდენად თამამად შემოდიან, გეგონება, აქ ხალიჩები უნდა დავუფინოთ!

- ამბობენ, ჩვენ ხომ ცუდად არ ვექცევით რუსეთში მყოფ მილიონზე მეტ ქართველსო...

- საქართველოს არ დაუპყრია რუსეთის ტერიტორიები! მესმის, რომ დღესაც ბევრი რამით ვართ რუსეთზე დამოკიდებული და "ზემოთ" ეტყობა ვიღაცების განწყობაც არის, მათზე დამოკიდებული ვიყოთ. ყველაზე დიდი და საშინელი ქვეყნის მეზობელი ვართ. რუსი ხალხის უდიდესი სირცხვილია, როცა ასეთ რამეს მათი მთავრობა სჩადის! ჩვენ რომ დაგვენახა რუსი ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოსულიყო და მთავრობის საქციელი გაეპროტესტებინა, მსოფლიოში რუსი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა იქნებოდა და სახელმწიფოს მეთაურებიც ამდენს ვეღარ გაბედავდნენ! ვერაფერს გაიგებ, ეტყობა, მოსწონთ...

- იმ ცნობილ ქართველებზე რას იტყოდით, რომლებიც დღეს მხარს რუსეთს უჭერენ?

- ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ეგენი ქართველები აღარც არიან... თიკა კანდელაკზე მხოლოდ გვარის მიხედვით ხომ არ უნდა ვიმსჯელოთ? სადაური ქართველი ეგ არის?! მეხოტბეები არიან საქართველოს პირველი მტრის! გეხვეწებით, იქაური მთავრობის მეხოტბეებზე ნუ მალაპარაკებთ, სირცხვილია!

- რუსეთიდან შემოსულებს არ უნდა უმღერონ, მაგრამ მათ მიმართ გამოვლენილ აგრესიას თუ ამართლებთ?

- როგორც ვიცი, 30 ათასზე მეტი რუსი ეროვნების ადამიანი შემოვიდა... მე არ ვემხრობი იმ პოლიტიკას, რასაც ამ მწვავე პერიოდში რუსეთისთვის საზღვრის გახსნა ჰქვია. ერთხელაც შეიძლება პუტინმა თქვას, ჩემს მოქალაქეებს საქართველოში ავიწროებენ და მათ დასაცავად მივდივარო.

რაც ჩემი ახალგაზრდობიდან მახსოვს, რუსეთისგან კარგი არაფერი მიგვიღია! ემბარგოს გვადებენ, საზღვარს გვიკეტავენ, ფრენებს გვიჩერებენ, გვბომბავენ და, როგორც უნდათ, ისე გვექცევიან! ხომ შეიძლებოდა ჩვენც გვეთქვა, საზღვარს ვკეტავო და ეს სანქცია მაინც დაგვეწესებინა?! აქ შიში გვაქვს კი არა, ცოტა არ იყოს, უთავმოყვარეოები ვართ! ან ბოლოსდაბოლოს, თუ რუს ტურისტს მიიღებ, შეზღუდვა დაუწესე! მაგალითად, შემოსულმა რუსმა ტურისტმა საქართველო ორ კვირაში, ერთ თვეში დატოვოს!

ეს ძალიან სერიოზული საკითხია, დაჯდომა, ყველა წახნაგის განხილვა სჭირდება, მაგრამ მსურს, რეზიუმე გავაკეთო: ქვეყანა, რომელმაც ჩემი ქვეყანა დაიპყრო, 20% ოკუპირებული აქვს, დამიხოცა მოქალაქეები, ჩემი ქართველები, ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ჩემი მტერია და ჩვენთვის კარგი არაფერი ნდომებია, ქვეყანა, რომელიც ახლა იმავეს აკეთებს ჩვენს უსაყვარლეს, მოძმე ქვეყანაში, არ მჭირდება მაგათი ტურისტი და მაგათი მოწოდებული წყალიც არ მინდა! ჩვენს ქვეყანაში სანამ ამ დასკვნამდე ყველა არ მივა, მანამდე, სულ მგონია, რომ ასეთი პატარ-პატარა ნერვების მოშლა სულ გვექნება. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ ვგულისხმობ! იმ კაფეში ხელისუფლება იყო? ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და იმდენს როგორ ვერ უნდა მიხვდნენ, ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის და, რომ არ უნდა „აბლატაონ“ დამპყრობელი?! სულ რომ ხვალვე რუსეთში მთავრობა შეიცვალოს, პროდასავლური ხელისუფლება მოვიდეს და თქვან, დემოკრატიული ქვეყანა ვხდებითო, მე მაინც მგონია, რომ მინიმუმ, სანამ სამი თაობის ცვლა არ იქნება, მანამდე წარმოუდგენელია რუსეთის რეაბილიტაცია საერთაშორისო მასშტაბით! მე და ჩემზე პატარებსაც, ვისაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გვახსოვს, რამ შეიძლება რუსეთზე წარმოდგენა შეგვაცვლევინოს? - არაფერმა! ამიტომაც, რაც მათ საშინელება საქართველოში, უკრაინაში და სხვაგანაც ჩაიდინეს, უპირველესად, საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას გაუკეთეს!

(სპეციალურად საიტისთვის)