ბანა - გუმბათშემოცლილი, ფერდებგაგლეჯილი, ეული, სევდიანი და მაინც... გრანდიოზული - კვირის პალიტრა

ბანა - გუმბათშემოცლილი, ფერდებგაგლეჯილი, ეული, სევდიანი და მაინც... გრანდიოზული

იხილეთ დასაწყისი - აფეთქებული კიაგმის ალტი და სოლომონისის გადათხრილი საფლავები

ნოქალაქოიდან წამოსულმა უცნობი ტაოს "მოლაშქრეებმა", უკანა გზაზე ბანასკენ გადავუხვიეთ. უმრავლესობა მას პირველად ვხვდებოდით პირისპირ და ამიტომ, გამოდის, რომ ჩვენთვის ისიც "უცნობი" იყო, ოღონდ – ნაცნობი-უცნობი! ბანა ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას (თურქები მას ფანაკს უწოდებენ) მარჯვენა ნაპირას მდებარეობს.

2-1650373364.jpg
ბანა თითქოს ხელისგულზე იდო

ვახუშტი ბატონიშვილი წერს: - მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაკსო... და თავადვე გვამცნობს: აქ „იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა“.

3-1650373413..jpg

ბანა ტაოს დედაქალაქი იყო, ბანის უდიდესი ტაძარი - საკათედრო, ხოლო ეპარქია - საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი, ისტორიული...

4-1650373461.jpg
ბანას აღმართი

მართალია, დღეს იგი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, მაგრამ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მოწადინებითა და კურთხევით, და ჩვენდა სასიხარულოდ, თანამედროვე საქართველოსთვის იგი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ნაწილია.

5-1650373547..jpg

ისტორიულად აქაური მღვდელმთავრები ბანელის ან ბანაელის წოდებას ატარებდნენ. სპეციალისტები, ბანის ტაძრის არქიტექტურიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ იგი VII საუკუნის შუა წლებში უნდა იყოს აგებული, მეცნიერები კი, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ფიქრობენ, რომ ტაძარი მოგვიანებით, IX-X საუკუნეების მიჯნაზე, ტაო-კლარჯეთის მთავრის - დავით I კურაპალატის ვაჟმა – ადარნესე II-მ განაახლებინა კვირიკე ბანელს, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გახდა, ბანა კი - საეპისკოპოსო ცენტრად გადაიქცა.

6-1650373630..jpg

კვირიკე ბანელი გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანის ეპარქიამ იარსება XVII საუკუნის დასასრულამდე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის შუა ხანებისთვის იგი „აწ არს ცალიერი“. ამის შემდეგ ბანა აღარც განახლებულა.

7-1650373645..jpg

მართალია, XIX საუკუნის შუა ხანამდე შედარებით კარგად მიუღწევია, მაგრამ ყირიმის ომმა (1853-1856 წწ.) იგი ძალიან დააზიანა - ჯერ იყო და, თურქებმა ციხესიმაგრედ გადააქციეს, რაღაც ნაწილი დააშენეს, მაღალი კოშკიც მიუდგეს, მერე კი ბანასთან მიმდინარე რუსებისა და თურქების ბრძოლებმა გვარიანად დაანგრიეს.

8-1650373663..jpg

ერთ დროს მართლაც გრანდიოზული ბანის ტაძარი, 38 მეტრის ფუძის დიამეტრით და, დაახლოებით, 30 მეტრის შიდა სიმაღლით, დღეს ნანგრევების სახით დგას... იმ ნანგრევების, რომელმაც ერთბაშად დაგვადუმა და დაგვატყვევა კიდეც...

9-1650373681..jpg

გზიდან კილომეტრ-ნახევარი ფეხით გავიარეთ, მინდორ-მინდორ - თუკი მანამდე და მას შემდეგაც კლდეებსა და მთებზე დავძვრებოდით, ბანა, თითქოს, ხელისგულზე იდო - მთაში კი იყო, ოღონდ ამას ვერ გრძნობდი, რადგან დიდი, ტრიალი მინდვრის შუაგულში მოჩანდა, პატარა გორაკზე, ამაღლებული... გუმბათშემოცლილი, ფერდებგაგლეჯილი, ეული, სევდიანი და მაინც... გრანდიოზული... საქართველოს ძველი დიდების ჭეშმარიტი ნაშთი!

10-1650373744..jpg

ბანაში საქართველოდან ტაოს დასათვალიერებლად ჩამოსული სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგ-მშობლები დაგვხვდნენ.

11-1650373761..jpg

"დიდებული" სანახავი იყო: ბავშვები ნანგრევებზე დახტოდნენ, უფროსები კი გაკვეთილების გრაფიკზე, ყოფით და სხვა "საჭირბოროტო" საკითხებზე მსჯელობდნენ, გოლიათი ტაძრის ნანგრევები კი თავისთვის, სადღაც, ფიქრებში გარინდულიყო...

12-1650373777..jpg

ხმაურიანი ქართველების გამგზავრების შემდეგ ჩვენც დავიფანტეთ ბანას სივრცეებში, დავდუმდით და ჩვენეულ ფიქრებში გავირინდეთ - ვინ იცის, ეგებ, ფიქრებით ერთმანეთსაც გადავეყარეთ ჩვენ და ბანა, ერთი კია - წამოსვლა აღარ გვინდოდა.

13-1650373795..jpg

კიდევ დიდხანს ვისხდებოდით ქვებზე, ჩვენს მეგზურ თამთა ჭანტურიას რომ არ შევეფხიზლებინეთ - იმ დღეს ვაჩეძორის მონასტრის ნახვაც უნდა მოგვესწრო, მით უფრო, რომ ჯერ მისკენ სავალი გზა უნდა გვეპოვა...

ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება იქნება)