ღირსი იოანე სინელის "კიბე" განმარტებებით – 28 აპრილიდან! - კვირის პალიტრა

ღირსი იოანე სინელის "კიბე" განმარტებებით – 28 აპრილიდან!

28 აპრილიდან ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად ახალ პროექტს გთავაზობთ – ეს გახლავთ ხუთწიგნეული: ღირსი იოანე სინელის "კიბე" განმარტებებით.

"წმინდა იოანე სინელი (იგივე კიბისაღმწერელი, იღუმენი) მე-7 საუკუნის უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა "კლემაქსი", ანუ "კიბე". წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: სწავლებანი, განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი - წინამძღვართათვის. ეს სწავლებანი წმინდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით არის დაწერილი. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც უწოდებენ და ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლება დაუსახავს მიზნად".

"კლემაქსი", ანუ "კიბე" - ესაა წიგნი, რომელიც სარკეა სულისა, რომელიც არათუ მხოლოდ საკუთარი თავის შემეცნების ძალას გვაძლევს, არამედ ვისაც თავისი სახელის ზეცაში, ცხოვრების წიგნში დაწერა სურს და ზეციურ ნეტარებაში აღსვლას ესწრაფვის, გზას ეს წმინდა წიგნი უჩვენებს და ასწავლის. მისი მკითხველი იპოვის უცდომელ წინამძღვარს, რომელიც თავის თითოეულ მიმდევარს ცათა სასუფევლისკენ გაუძღვება და ყოველგვარი დამაბრკოლებელი ქვისგან უვნებლად დაიცავს.

პროექტის ავტორი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი: "ღვთის მადლით, ბევრნი დავდივართ ტაძარში, ქრისტეს წმინდა, სამოციქულო ეკლესიაში, ვლოცულობთ, ვეზიარებით ცხოველმყოფელ საეკლესიო საიდუმლოთ, თითქოს ვცდილობთ, ქრისტიანული წესით - ახალი აღთქმის მაცხოვნებელი საეკლესიო რჯულის მიხედვით ვიცხოვროთ, მაგრამ ხშირად არაფერი იცვლება ჩვენში უკეთესობისკენ, რაც გულისხმობს პიროვნების შინაგან გარდაქმნას, ზნეობრივსა და სულიერ ფერისცვალებას, ღმერთს მიმსგავსებას, რაც არის უმთავრესი მისია ქრისტიანი ადამიანისა, სანამ ამ ხილულ სამყაროში მოქალაქეობს, პირიქით კი უფრო ითქმის - თითქოს ისევ გაყინულია ჩვენი გული, ჩვენი შინაგანი სამყარო, თითქოს ვერ ვგრძნობთ ღვთისა და მოყვასისადმი სათანადო პასუხისმგებლობას და ამასობაში გადის ეს დღეები, თვეები, წლები, მთელი ცხოვრება... რატომ ხდება ასე? რადგან უფლის მადლის დატევნა მხოლოდ განწმენდილ, წრფელსა და სუფთა გულს შეუძლია... როგორც მხოლოდ ქალწულ მარიამისგან, ყოვლადწმინდისგან იშვა მაცხოვარი, ასევე, მხოლოდ წმინდა გულში დაივანებს უფალი თავისი მადლით, რითაც ადამიანი უნდა განიღმრთოს... ჩვენ კი - დარდიანები, ბოღმიანები, შურიანები, ამქვეყნიურ საფიქრალს მიჯაჭვულნი, დაცემულები, ვნებიანები, უსიყვარულონი... აბა, სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი?

მაშ, როგორ ვაქციოთ ჩვენი გულები - შინაგანი კაცი - მადლის სავანედ? როგორ შევცვალოთ ჩვენი ცოდვიანი ყოველდღიურობა? ნაბიჯი უნდა გადავდგათ უფლისკენ, ოღონდ ნაბიჯი სწორი მიმართულებით. სწორედ უფლისკენ აღმავალ გზას, უფრო სწორად - კიბეს ეხება ახალი პროექტი ამავე სახელწოდებით - "კიბე", რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიმოგვატარებს ჩვენი სულის ლაბირინთებში, დაგვანახებს გულის უფსკრულში დალექილ ბალღამსა და ჭუჭყს, მერე კი ჩაგვკიდებს ხელს და გაგვიძღვება, რათა დაუსაბამო სიხარულსა და ბედნიერებას ვეზიაროთ ასავლელ კიბეზე.

წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც უწოდებენ და ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მარადიული მყოფობა დაუსახავს მიზნად.

ჰოდა, მაშ გავყვეთ წმინდა იოანე კიბისაღმწერელს ამ მაცოცხლებელ საფეხურებზე!"

ღირსი იოანე სინელის "კიბე" 30 საფეხურისგან შედგება. ჩვენს სერიაში გათვალისწინებულია ხუთი წიგნის გამოცემა. ყოველი წიგნი სათნოებათა კიბის რამდენიმე საფეხურზე მოგვითხრობს.

"კიბის" თითოეული საფეხურის შინაარსს მოსდევს მუხლობრივi განმარტება. მკითხველი გაეცნობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მოძღვართა სწავლებებს, განმარტებებს, ქადაგებებს, რომლებიც ამ საფეხურის მნიშვნელობის უკეთ გაგებასა და გათავისებაში დაგვეხმარება. ასევე გავეცნობით წმინდა მამათა თუ გამორჩეულ ერისკაცთა ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, რომელთაც ღირსეულად აიარეს სათნოებათა კიბის საფეხურები.

სერიის ყოველ ტომში გთავაზობთ ნაწყვეტს სქემარქიმანდრიტ პანტელეიმონის (აგრიკოვის) წიგნიდან - "ღირსი იოანე კიბისაღმწერელი - აღმოსავლური ასკეტიზმის წარმომადგენელი", ეს წიგნი "კიბის" საგულისხმო მომენტების განმარტებისა და ასკეტიზმის სულის ჩვენამდე მოტანის მცდელობაა. თითოეულ ტომში მოყვანილი ნაწყვეტი კი "კიბის" ამ ტომში მოთხრობილ საფეხურებს განგვიმარტავს.

მუხლობრივი განმარტებანი მომზადებულია ეკლესიის წმინდა მამების - ათანასე დიდის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, კირილე ალექსანდრიელისა და სხვათა ღვთივსულიერ სწავლებებზე დაყრდნობით არქიმანდრიტ მაკარის (აბესაძის) მიერ.

წიგნის სააქციო ფასი ჟურნალთან ერთად 9 ლარი იქნება. მის შეძენას შეძლებთ საგაზეთო ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიებში – თვეში ერთხელ, "კარიბჭესთან" ერთად.