"ოცამდე გენერალმა პუტინს წერილი გადასცა, რომელშიც ომის გაგრძელების მძიმე შედეგებია პროგნოზირებული" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ოცამდე გენერალმა პუტინს წერილი გადასცა, რომელშიც ომის გაგრძელების მძიმე შედეგებია პროგნოზირებული" - რას წერს უცხოური გამოცემა

სომხურ გაზეთ „ლრაგირში“ («Լրագիր»//«Lragir») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "გენერლები პუტინს აფრთხილებენ", რომელშიც რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში შექმნილი სიტუაციაა განხილული: რას ფიქრობს, ერთი მხრივ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და, მეორე მხრივ - გენერალიტეტი უკრაინის ომის მიმდინარეობის შესახებ, რა სამხედრო კრიზისი ელოდება რუსეთს, ვინ არიან ომის მოწინააღმდეგეები და მომხრეები, რატომ მისწერეს გენერლებმა წერილი პუტინს და ა.შ.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

„რუსეთის ძალოვან ბლოკში წარმოქმნილი ფარული წინააღმდეგობები, უკრაინული გეგმების ჩაფუშვის გამო, თანდათან აშკარა ხდება. დაკავებულნი არიან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეუმოწმებელი და არასწორი მონაცემები მიაწოდეს. როგორც ამბობენ, დაპატიმრებულია ორ ათეულზე მეტი მაღალჩინოსანი, რომლებიც გენერალურ შტაბთან ახლოს დგანან, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. ასევე, დროდადრო მედიასივრციდან ქრება თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რასაც ექსპერტები რუსულ ისტებლიშმენტში არსებული დაპირისპირებით ხსნიან.

რუსეთის მმართველი „ზედაფენის“ წინააღმდეგობრივი განცხადებები, უკრაინის კრიზისთან მიმართებით, იმავე ზედაფენაში მომხდარ განხეთქილებას ადასტურებს. პოლიტიკურ-პროპაგანდისტული ნაწილი მხარს უჭერს უკრაინასთან ომის გაგრძელებას, რადაც უნდა დაჯდეს, სამხედრო მაღალჩინოსნები კი, როგორ უცნაურადაც უნდა გვეჩვენოს, ომის ლოკალიზების მომხრენი არიან. სამხედროების პოზიცია განპირობებულია არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგებით, ლოჯისტიკური პრობლემებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ეფექტიანი გაწევით.

რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის საგრძნობი დატყმა იყო უკრაინის არმიის მიერ სარაკეტო კრეისერის - „მოსკოვის“ განადგურებაც. გარდა ამისა, ბუჩაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა თანამედროვე რუსული არმიისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების ხასიათი გამოამჟღავნეს: მკვლელობები, მოროდიორობა, მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია რუსეთში და სხვა ამგვარი სამართალდარღვევები და დანაშაულებრივი ფაქტები, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს რუსეთს, ვიდრე რომელიმე ლოკალური სამხედრო მარცხი.

ამ ფონზე სამხედროების შეშფოთება გასაგებია. როგორც საქმეში ჩახედული წყაროები იტყობინებიან, დაახლოებით, ოცამდე გენერალმა, რომლებსაც გენშტაბთან კავშირები აქვთ, ვლადიმერ პუტინს გადასცა წერილი, რომელშიც ომის გაგრძელების მძიმე შედეგებია პროგნოზირებული. რუსმა გენერლებმა უმაღლესი მთავარსარდალი გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია ბევრად უფრო მეტი დანაკარგები პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რომლის შედეგად არმიაში ღრმა კრიზისი დაიწყება. შესაბამისად, რუსეთს მოსალოდნელ გამოწვევებზე რეაგირების შესაძლებლობა არ ექნება“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ