ბორის ჯონსონს შესაძლოა გადადგომა მოუხდეს - რას წერს BBC - კვირის პალიტრა

ბორის ჯონსონს შესაძლოა გადადგომა მოუხდეს - რას წერს BBC

ბორის ჯონსონს პარლამენტში უკანონო წვეულების გამო კიდევ ერთხელ უსაყვედურეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარლამენტში გამოსვლისას კოლეგების კრიტიკულ კითხვებს პასუხობდა. საქმე დაუნინგ-სთრითზე გამართულ წვეულებას ეხებოდა, რომლის ორგანიზატორი თავად ჯონსონი იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა წვეულება მაშინ მოაწყო, როცა კარანტინის გამო ქვეყანაში შეკრებები აკრძალული იყო, მან ამ ფაქტზე ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს, არ იცოდა, თუ კარანტინის წესები დაარღვია.

პრემიერის ოპონენტებმა, მათ შორის - ლეიბორისტმა კირ სტარმერმა ბორის ჯონსონის სიტყვებს აბსურდული უწოდა.

გასულ კვირას ლონდონის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის პრემიერს - ბორის ჯონსონს ანტიკოვიდური რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმა გამოუწერა. საქმე წვეულებას ეხებოდა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის დაბადების დღის აღსანიშნავად მოეწყო.

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კონსერვატორთა პარტიის წევრმა მარკ ჰალეპმა პრემიერს გადადგომისკენაც მოუწოდა.

როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მათივე თქმით, ბორის ჯონსონს წვეულებები ძალიან უყვარს. 2020 წლის 18 დეკემბერს, ზამთარში დაწესებული ლოკდაუნისას, პრემიერის რეზიდენციაში საშობაო წვეულება გაიმართა, მაშინ, როცა ორი დღით ადრე, 16 დეკემბერს, ლონდონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა: დაიხურა რესტორნები, კაფეები, ზოგიერთი სავაჭრო ცენტრიც, თითქმის შეწყდა ტრანსპორტის გადააადგილებაც. შეზღუდვების გამო, ბევრი იძულებული გახდა, საშობაოდ დაგეგმილი შვებულება თუ ღონისძიება გადაედო.

17 დეკემბერს კი „ტვიტერის“ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა პოსტი:

„არ არის რეკომენდებული საშობაო წვეულებებზე დასწრება“...

ამჯერად, ჯონსონის ბოლო წვეულებას უფრო დიდი კრიტიკა მოჰყვა. ლეიბორისტებმა ხმის მიცემის ინიცირება მოახერხეს, პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე გადაწყდება, უნდა გადაიხედოს თუ არა ჯონსონის ქმედება. შემდეგ პარლამენტის კომისია შეისწავლის ამ საკითხს და დაადგენს, რამდენად შეიძლება გახდეს ეს ქმედება პრემიერის გადადგომის მიზეზი.

როგორც ამბობენ, განხილვა არ იქნება, რადგან კონსერვატორები ჯონსონს უჭერენ მხარს და არც მათი ლიდერის წინააღმდეგ წავლენ, შესაბამისად, ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა საკმარის ხმას ვერ მოაგროვებს.

თავად პრემიერმა კონსერვატორ პიტერ ბოუნის კითხვაზე, თანახმაა თუ არა წვეულების შესახებ ჩვენება მისცეს, მოკლედ უპასუხა - არა.

გასულ კვირას გამოწერილი ჯარიმით ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი დაჯარიმებული პრემიერი, რომელმაც კანონი დაარღვია.

jonson-1650444080.jpg

პრემირმა განაცხადა, რომ „ვერასდროს წარმოიდგენდა, ვერც მაშინ და ვერც ახლა, რომ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას ეხებოდა, კანონდარღვევა იქნებოდა“.

„გავიმეორებ, შეცდომა დავუშვი და გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, - განაცხადა მან.

პრემიერის ბოდიშის მიუხედავად, კრიტიკა მაინც არ სრულდება. შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა ბენ ბლექფორდმა ბორის ჯონსონი კანონდამრღვევად და რეციდივისტადაც კი მოიხსენია. მან ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯონსონი ამომრჩევლებს წვეულების გამართვის გამო ბოდიშს უხდის. იანვრის ბოლოს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა სიუ გრეიმ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ პრემიერის აპარატის წევრები თავადვე არღვევენ ქვეყანაში შემოღებულ კანონებს. მიუხედავად მსგავსი განცხადებისა, ხელისუფლების წარმომადგენელს არც ერთი პოლიტიკოსის სახელი არ გაუჟღერებია.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ბრიტანული გამოცემები აქამდეც წერდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი შეკრებების და წვეულებების მოყვარულია. ITV-მ და BBC-მ მოიპოვა დამადასტურებელი მასალა, რომ 2020 წლის მაისში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში ლოკდაუნი მეორედ გამოცხადდა, პრემიერმა რეზიდენციის ტერიტორიაზე პიკნიკი მოაწყო, სადაც ათეულობით ადამიანი იყო მიწვეული. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, წვეულება 100 სტუმარზე იყო გათვლილი, თუმცა მაშინ, როცა ბრიტანელებს ყოველგვარი შეკრება ეკრძალებოდათ, წვეულებაზე 30 სტუმარი მივიდა, მათ შორის იყო პრემიერი მეუღლესთან ერთად, რომელიც იმ პერიოდში ჯონსონის საცოლე გახლდათ. (წყარო)