"როცა კარზე მომღერალთა გუნდი მოგადგება და სიმღერით გლოცავენ, გულგრილი ვერ დარჩები და კარსაც უღებ" - რა არის ჭონა? - კვირის პალიტრა

"როცა კარზე მომღერალთა გუნდი მოგადგება და სიმღერით გლოცავენ, გულგრილი ვერ დარჩები და კარსაც უღებ" - რა არის ჭონა?

რამდენიმე დღის წინ, სააღდგომო ბაზრობის ციებ-ცხელებაში ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა. საყიდლებში გართული ხალხის ხმაური ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა დაარღვიეს და ჯეჯილსა და პასქებში ჩაფლულები ერთიანად დაგვადუმეს. ხელი-ხელ გადახვეულმა ახალგაზრდებმა სიმღერ-სიმღერით ჩამოიარეს და ჭონაც დაიწყო. ასე, სრულიად მოულოდნელად, სააღდგომო ბაზრობაზე ჭონას შევესწარი, აღდგომის ძველი ტრადიცია პირდაპირ ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა, ღვინით, ლექსებითა და ცეკვა-თამაშით ეს მონდომებული გოგო-ბიჭები შაირებსა და სიმღერაში ჩვენც გვრთავდნენ და მთელი მონდომებითა თუ ხასიათით სააღდგომო ამბებს გვიყვებოდნენ. სანახაობა მორჩა და აპლოდისმენტების შემდეგ ტრადიციულ, ძველ სამოსში გამოწყობილი ბავშვები იქვე გაიფანტნენ. ხალხში რამდენიმე გამოვარჩიე და ანსამბლი “ამერ-იმერი” აღმოვაჩინე.

მომღერალი ბავშვების გუნდი, რომლებიც საშობაოდ ალილოსა და სააღდგომოდ ჭონას ასრულებენ, ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის წევრები აღმოჩნდნენ. ჭონა კი, როგორც გავარკვიე, უძველესი ქართული ხალხური ტრადიციაა, რომელიც აღდგომაზე ლექს-სიმღერის შესრულებას მოიცავს. ჭონას დროს, ბავშვების გუნდი სოფელ-სოფელ დადის და მოსახლეობას ლოცვასა და კეთილ სურვილებს უზიარებს, მათგან კი ისინი მხოლოდ ჭიქა ღვინოსა და მცირე სანოვაგეს ითხოვენ. ისიც გაჭირვებული და ობოლი ოჯახებისთვის.

ჭონას „ამერ-იმერი“ უკვე წლებია ასრულებს, ჯერ კიდევ ედიშერ გარაყანიძე დადიოდა კარდაკარ და მივიწყებულ ტრადიციას საგულდაგულოდ ეძებდა ხალხში. ჭონაზე, ანსამბლსა და მათ ისტორიაზე სასაუბროდ „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელს მაგდა კევლიშვილს დავუკავშირდი:

- ჩემს თავზე საუბარი ალბათ იმით უნდა დავიწყო, რომ მრავალფეროვანი საქმიანობა მაქვს. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ვმუშაობ სადაზღვევო კომპანიაში და ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ ქართულ-ხალხურ სიმღერასთან. როგორც ბავშვი, გავიზარდე „ამერ-იმერში, 10 წლიდან იქ ვარ, უკვე 30 წელზე მეტი გავიდა. “ამერ-იმერის” შემდეგ ანსამბლ „მთიებშიც“ ვიყავი და ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ „ამერ-იმერისა“ და „მთიების“ ხელმძღვანელობა მხვდა წილად. ახლა უკვე ყოველ საღამოს ამ სივრცეში, ქართულ ჰანგებში, ბავშვებთან ერთად ვატარებ. ორი ჯგუფი გვყავს, ბავშვები 6-დან 9 წლამდე და დიდები 14-დან 20 წლამდე.

- როგორც ვიცი, თქვენს ანსამბლს დიდი და გამორჩეული ისტორია აქვს...

- „მთიები“ 1982 წელს დაარსდა და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ამ ანსამბლს რთული ცხოვრების გზა არგუნა, დღემდე გადარჩენა შეძლო. 1991 წელს „ამერ-იმერი“ ჩამოყალიბდა, ანსამბლი ედიშერ გარაყანიძემ და ნინო ბაღათურიამ დააარსეს, ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამდენ ხანს იარსებებდა ორივე.

- რა არის ამ ორი ანსამბლის შემოქმედების ნაწილი, მათი საქმიანობა?

- „ამერ-მერისა“ და „მთიების“ შემოქმედების ნაწილი ძირითადად, ძველი ქართული-ხალხური სიმღერების შესრულებაა, ამ სიმღერებთან ერთად, საკრავების დახმარებით თანმხლები ცეკვის შესრულებაც. გვაქვს საავტორო სიმღერების შესრულების გამოცდილება და ქალაქური სიმღერებიც თავისუფლად გამოგვდის.

- როგორც ვხედავთ, ძირითადად, ძველ სტილს ინარჩუნებთ, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა...

- ჩვენი სტილი გულისხმობს გლეხური მანერით სიმღერის შესრულებას და არა მხოლოდ განყენებული სიმღერის შესრულება, არამედ სიმღერას ყველა საჭირო დეტალის გათვალისწინებით. ჩვენი სიმღერები მხოლოდ მელოდია არ არის, ისინი ყველა რაღაცას უკავშირდება და უკავშირდებოდა, ესენი იყო: შრომა, სიმინდის ფურჩქნა, ყანის მოთოხნა და საინტერესოა, რომ ძველად, ყველა ყოფით მოვლენას თან ახლდა სიმღერაც.

ჩვენი ერი ჭირსა და ლხინშიც მღერის, ჭირში მღერა ისეთი გულით ამოთქმული და ამოხეთქილია, რომ რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. სამგლოვიარო კაცის სიმღერა თავზარდამცემია და ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანის შინაგან მდგომარეობასა და განცდებს, რაც მას გულწრფელად აწუხებს.

- იმ დღეს, პირველად შემთხვევით მოვუსმინე „ჭონას“ ძველ მივიწყებულ სააღდგომო ტრადიციას. მოვუყვეთ მათ, ვინც არ იცის, რა არის „ჭონა“....

- მივიწყებულ სააღდგომო ტრადიციას ვერ დავარქმევდი, ვფიქრობ, უკვე აღდგენილია, სწორედ „მთიების“ სახელთან არის დაკავშირებული ალილოს და ჭონის ტრადიციის სოფლად დაბრუნება. ჭონა სხვადასხვა სიმღერით კარდაკარ ჩამოვლას და ხალხის დალოცვას მოიცავს. ჭონას სიმღერები განსხვავებულია, ტექსტი საინტერესოა და ჩვენც ამ ძველ შემონახულ ტექსტებს მივყვებით. რაც „ამერ-იმერისა“ და „მთიების“ მიერ სრულდება, ძველიდან შემონახული, ჩაწერილი ტექსტებით ნასწავლი სიმღერები და ლექსებია. ფოლკლორის ბუნება ასეთია, თუ ყველა შემსრულებელი თავისუფალია და ჩარჩოებში არ არის მოქცეული, შესაძლებელია თავისი იმპროვიზაციით ტექსტი შეცვალონ ან თავად მიამატონ რაიმე.

ჭონის ტრადიცია სიმღერის კარდაკარ ჩამოვლას მოიცავს, თავისი დალოცვით, ლექსებით, შემდეგ სახლში შეპატიჟებით. ბუნებრივია, როდესაც დღესასწაულზე კარზე მოგადგება მომღერალთა გუნდი და ისინი სიმღერით გლოცავენ, კეთილ სურვილებს გიზიარებენ, გულგრილი არ რჩები და კარსაც უღებ. საბედნიეროდ, დღესაც, როდესაც სოფლებში დავდივართ და ხალხს ვხვდებით, გულწრფელად უხარიათ ჩვენი მოსმენა, გვტოვებენ, გვმასპინძლობენ და რაც კი რაიმე გააჩნიათ გვატანენ. ყველაზე ღარიბ ოჯახსაც კი სურს ხოლმე გვასიამოვნოს. ამ სურვილით, დაჩირებული, დაძველებული ვაშლიც გამოუტანიათ, მთელი სულით და გულით უჩუქებიათ ჩვენთვის. საბედნიეროდ, წელსაც ვახერხებთ რომ აღდგომის დღესასწაულზე, მას შემდეგ რაც დავესწრებით სააღდგომო ლიტურგიას, დილით სადმე წავიდეთ და ხალხი გავახაროთ, სად წავალთ ჯერ არ ვიცით.

- ზოგადად, რომელი მხარის ტრადიციას მიეკუთვნება ჭონა?

- ჭონას ქართლში შეხვდებით, იმერეთსა და კახეთშიც, თუმცა მაინც იმით ვმსჯელობთ თუ რომელი კუთხის ვარიანტებია შემორჩენილი. მეჭონე კიდევ ცალკე სამეცნიერო სასაუბრო თემაა, ძველად მეჭონეს ტყავის სამოსში შემოსილ ადამიანს ეძახდნენ, ჭონას გაზაფხულის დღესასწაულთან აკავშირებდნენ, ასევე პარალელს ავლებდნენ ბერიკაობასთან და ყვავილობასთან.

- ალილო ყველამ იცის, ჭონა კი თანამედროვე ახალგაზრდებში ჯერ კიდევ უცნობი ტრადიციაა...

- როდესაც ანსამბლმა „მთიებმა“ ალილო გააცოცხლა და ოჯახებში საშობაოდ ჩამოვლა დაიწყო, ხალხს ალილოს შესახებ არაფერი ჰქონდა გაგონილი და მხოლოდ ოჯახის ასაკოვანი წევრები ამბობდნენ, რომ ისინი დადიოდნენ ალილოზე ბავშვობაში. მხოლოდ მათთვის იყო ეს ტრადიცია ნაცნობი. „მთიების“ პირველი თაობა ედიშერის თაოსნობით ყოველ წელს სხვადასხვა სოფელში ჩადიოდა და სიმღერით ულოცავდა ხალხს შობას. მაშინ სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა, თუმცა დროთა განმავლობაში სოფლად სიარული ჭონაზეც დაიწყეს. ბავშვობაში, ჩვენი ჯგუფი თბილისში ჩამოგვატარეს და ცნობილ ადამიანებს მივულოცეთ შობის დღესასწაული. როდესაც ეკლესია ჩაერთო ამ დღესასწაულის სახალხოდ ქცევაში საზოგადოებამ უკეთ გაიცნო ალილო და ჭონა, ახლა უკვე ეს ორი ტრადიცია ბევრისთვის კარგად ნაცნობია.

აღსანიშნავია, რომ ჭონას კეთილშობილური მიზანი ჰქონდა. ის რაც გროვდებოდა, საციქველი, მოგროვებული ნობათი, რასაც ოჯახები გამოიტანენ, ქვრივებს და ობოლ ბავშვებს ურიგდებოდათ ან თუ სოფელი მდიდარი იყო და ასეთი არ ჰყავდათ, ამ მოგროვილი ნობათით ერთად მოილხენდნენ ხოლმე. ჩვენთან, დღესდღეობით ჭონა ეკლესიის თაოსნობით ტარდება და ყველაფერი რასაც ვაგროვებთ ეკლესიაში მიგვაქვს, შემდეგ ისინი ურიგებენ ხალხს.

ხშირად, როდესაც სიმღერას ვასრულებთ ღვინო გამოაქვთ და გვთხოვენ მათი ოჯახები დავლოცოთ. ყოფილა შემთხვევები როდესაც, ოჯახს არ ჰქონია სახლში არაფერი და თანხაც შემოუთავაზებიათ, თუმცა ჩვენ თანხას არ ვიღებთ. ბევრსაც უთხოვია ჩემთან მოდით და დაგვლოცეთო. ადრე ასეთი წესი იყო, მეჭონეები ისეთ ოჯახებს მოსალოცად არ აკითხავდნენ, რომლებსაც სოფელში ცუდი სახელი ჰქონდათ, რადგან თუ მეჭონეები თავიანთი ფეხით მივლენ და ოჯახს დალოცავენ ის წელი იმ ოჯახისთვის ხვავრიელი და ბარაქიანი იქნება. სიმღერის შემდეგ ნობათის გამოტანაც მადლობის წინასწარ თქმას ჰგავდადა. ასე ამბობდნენ, მადლობა ჩემთან რომ მოხვედი, მე დალოცვილი წელი მექნებაო.

ჭონა რომელიც ბაზარში მოისმინეთ, დიალოგისგან შედგება და წლების წინ, გაირკვა რომ ამ სიმღერაში მეჭონისა და მასპინძლის დიალოგებია ჩართული. როგორც აღმოჩნდა, ძველად მასპინძელიც სიმღერით პასუხობდა კითხვას და შაირის სტილში იწერებოდა სხვა სიმღერებიც. ჩვენი წინაპრები თავისუფლები იყვნენ, ასე ექსპრომტად იწერებოდა ტექსტები „მე არა მაქვს ორი კვერცხი დააყარე გზას ბარაქა, სარგებელსა აქ ვერ ნახავ ცარიელი მაქვს კარადა...“

- როგორც შევნიშნე ტრადიციული სიმღერების გარდა, სამოსს ატარებთ, ეს წესებიც დაცული გაქვთ?

- „ამერ-იმერისა“ და „მთიების“ სურვილი ასეთი იყო რომ ტრადიციულ სამოსში შესრულებულიყო ეს სიმღერები. რადგან ყველა გლეხი არ იყო ერთნაირი და ყველას ისე ეცვა როგორი გემოვნება და ჯიბეც ჰქონდათ. ასე ვართ ჩვენც, ყველას განსხვავებული სამოსი აცვია, ყველას ძველებურად, თუმცა ფერებითა და სტილით განსხვავებული. იმ დღეს, ერთ ბიჭს ედიშერ გარაყანიძის ჩოხა ეცვა, ერთ-ერთს ძველებური ხევსურული კაბა. თანამედროვე ატლასს ძველებური ჩითის სამოსი სჯობს, ასე სიმღერის ზუსტი სახე და ხასიათი არ იკარგება. გულწრფელად რომ გითხრათ, მეც ძალიან მომწონს ჩვენი სამოსი, უცხო თვალით რომ ვუყურებ მსიამოვნებს განსხვავებული და ძველი სტილი.

- ახსენეთ, რომ სოფლებში დადიხართ, უფრო რომელ მხარეს სტუმრობთ, თუ არჩევანი ყოველთვის სხვადასხვაა ხოლმე?

- ძალიან ბევრ სოფელში ვართ ნამყოფი, თუმცა არის სოფლები, სადაც რამდენჯერმე ვიყავით და ადგილები, რომლებიც გამორჩეულად მახსენდება. მაგალითად ერთაწმინდაში რამდენჯერმე ვართ ნამყოფი, შილდაშიც სხვადასხვა შემადგენლობა და სხვადასხვა თაობა ვართ ნამყოფები. შარშან ზესტაფონს ვესტუმრეთ, ერთ-ერთ სოფელში ჩამოვიარეთ და ღამეც იქ გავათენეთ.

- ახლა ახსენეთ, რომ ერთ სოფელში, სხვადასხვა დროს, რამდენიმე თაობა იყავით. როგორ ფიქრობთ, ამ დროის განმავლობაში რაიმე შეიცვალა? ხალხის დახვედრა, სიყვარული ან პატივისცემა ხომ არ შეცვლილა?

- ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, პატარა ვიყავი და თავიდან ძალიან მსიამოვნებდა ყველასთვის სიმღერა, შემდეგ მცირე პერიოდი ვიღლებოდი, თუმცა მომწონდა რასაც ვაკეთებდი. ახლა ყველაფერი ორმაგად მიხარია, მშობლის თვალით ვუყურებ ამ საქმეს, თან სოფელში ახალგაზრდების რამდენიმე თაობა მივდივართ ხოლმე და ამ ბუნებრივი ემოციის გაცვლა-გამოცვლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

დამოკიდებულება ალბათ უფრო მეტია, დღევანდელობა ძალიან აჩქარებულია, მითუმეტეს ამ პანდემიის ფონზე. გვეკითხებიან ხოლმე საიდან ხართო და რომ ვპასუხობთ თბილისიდან, უკვირთ, რაა, ამ სიშორიდან ჩამოხვედით მე რომ მომილოცოთ აღდგომის დღესასწაულიო.

ჩვენი პატარა მოგზაურობებიდან, ყველაზე კარგად მახსენდება ხურვალეთში სტუმრობა. ხურვალეთი დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, საზღვართან ახლოსაა. გზიდან რომ გადავუხვიეთ სოფელში შესვლამდე ქართველების ჯარი დაგხვდა და გამოგვკითხეს რა მიზნით მივდიოდით სოფელში. როდესაც გაიგეს რომ მისალოცად ჩავდიოდით გაუხარდათ და დალოცვით შეგვიშვეს სოფელში. იქ სულ შიშში არიან, ხურვალეთში ძირითადად ეუთოს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები დადიან და უეცრად ადამიანები ჩავიდნენ, რომლებსაც არც კამერა მიჰყვებოდა, არც ოფიციალური მხარე, უბრალოდ მოსალოცად ჩავიდნენ იქ. ის აღდგომა ემოციურად გამორჩეული იყო ჩვენთვის. მთელს ტერიტორიაზე პოლიციელი დაგვყვებოდა, პირობითი საზღვრებია და ჩვენს დასაცავად წამოგყვა.

სოფელში სტუმრობიდან, ყველაზე სასიხარულოა, როდესაც მოხუც ადამიანებთან მივდივართ და ჩვენს ნამღერზე ცრემლი ადგებათ ხოლმე თვალეზე, მათაც ამ სიმღერებზე ბავშვობა ახსენდებათ. შეგვხვედრია მომღერალიც, უთხოვიათ აგყვებით და მეც ვიმღერებო.

- ალბათ, ხალხისგან დალოცვა და კეთილი სურვილები არასდროს გაკლდებათ ხოლმე...

- ნამდვილად, ხალხისგან ლოცვა არ გვაკლია. ერთხელ, კაცი შეგხვდა. დილით წინა ღამის ნათევს ხორცი უყიდია, დაუმუშავებია, დაუჭრია და საღამოს დასასვენებლად წამოწოლილა, მალე ჩვენი სიმღერა გაუგია, წამოხტა, შეგვიპატიჟა და იმ ხორცით მწვადები შეგვიწვა. წინა ღამის ნათევმა გვიმასპინძლა და ისე გამოგვიშვა უკან.

ამ მოგზაურობებით ერთ რამეს მიხვდი, ადამიანს მიმბაძველი ბუნება აქვს, თუ ის კეთილ გარემოში, კეთილ როლში მოხვდა, სიკეთე რომელიც იქ ტრიალებს მასაც აუცილებლად გადაედება და ის მერე ამ სიკეთეს სხვას გადადებს. ამ კეთილ გარემოს ადამიანები ქმნიან, მთავარია არ დავიზაროთ და თავისუფლები ვიყოთ, ენერგია გამოვხატოთ, ერთმანეთს კარგი სიტყვა ვუთხრათ, გავუზიაროთ სხვასაც. ჩვენ შეგვიძლია იმაზე კარგი ერი ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ.

- სანამ საუბარს დავასრულებთ, ხომ არ იცით წელს საით გაქვთ გეზი?

- ჯერ-ჯერობით ვფიქრობთ, ალბათ ამ დღეებში გადავწყვეტთ ვის ვესტუმრებით. წელს დაგეგმილი გვაქვს ორჯერ წავიდეთ ჭონაზე, მინდა, აღდგომას დიდების ჯგუფი წავიყვანო და ერთ კვირაში პატარების.

ასე ხდებოდა ადრეც, ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ამ სიმღერებს თანაცხოვრების დროს სწავლობდნენ, ყოფაში ასე ხდებოდა ყველა სიმღერასა და ლექსს თავისთავად იზეპირებდნენ. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, პატარებმა თეორიულად იციან რა არის ჭონა და როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ როდესაც ისინი რეალობაში შევლენ და ხალხს პირისპირ შეხვდებიან უკეთ ისწავლიან წესებს, სიმღერებსაც და ტრადიციებსაც. მათ მაგალითს უჩვენებენ უფროსი წევრები, ანახებენ რომ გამოწვდილი თეფშიდან ყველაფერი არ უნდა აიღონ, ხანდახან უარს ვამბობთ, ვტოვებთ ნობათს თეფშებზე.

თავის დროზე ედიშერმა ჩვენც წაგვიყვანა უფროს ჯგუფთან ერთად, ორად გავიყავით ჯგუფები და შევეჯიბრეთ ვინ უფრო მეტ ნობათს მოიტანდა, ყოველთვის კარგი მაგალითია უმცროსს უფროსის გამოცდილებით ასწავლო. ზოგადად, ჩვენ ვართ ამ ყველაფრის ორგანიზატორებიც და დამფინანსებლებიც. წლიდან წლამდე ამ პერიოდს ველოდებით რომ ჩავიდეთ და ამ ემოციით დავიმუხტოთ, ბავშვებს სიმღერა ვასწავლოთ, ხოლო ხალხი ჩვენი მისვლით გავახაროთ.

(სპეციალურად საიტისთვის)