"კარგია, სპექტაკლებში რომ არ ვმონაწილეობ: ასე მგონია, ვერ ვითამაშებდი, საამისოდ ძალა არ მეყოფოდა..." - კვირის პალიტრა

"კარგია, სპექტაკლებში რომ არ ვმონაწილეობ: ასე მგონია, ვერ ვითამაშებდი, საამისოდ ძალა არ მეყოფოდა..."

რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები რუსეთ-უკრაინის ომზე

ძნელი სათქმელია, რას ფიქრობენ ომზე დიქტატორები, მაგრამ ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება ნამდვილი შოკი იყო. შოკისმომგვრელია ის კადრები, რომელსაც 25 თებერვლიდან დღემდე ვუყურებთ: დაღუპული, ნაწამები ბავშვები და ქალები, ატირებული, სასოწარკვეთილი მოხუცები, გადამწვარი დაბები და ქალაქები...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნანა შონია, მსახიობი:

"ალბათ, გონება უნდა გავთიშოთ და ვილოცოთ, ღმერთს ვევედროთ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე გადარჩეს. ყველაზე რთული ისაა, რომ უკრაინის ომმა ძველი ჭრილობებიც გაგვიხსნა. მე მაგალითად, აფხაზეთის ომი გამახსენა, სადაც ჩემი მეგობრები დაიღუპნენ. ადრე ხელში იარაღი რომ არ სჭერიათ, ომში ისეთი ბიჭები წავიდნენ და მეორე დღესვე დაიხოცნენ. ჩემი თაობის საუკეთესო ნაწილი ამოწყდა - მართლა საჯიშე ბიჭები დაიხოცნენ..."

"შეშინებული ვარ! ეს დაუნდობელი, სასტიკი ომი ჩვენთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენთან ანალოგიური მოვლენები არ დატრიალდება. პანდემიის გამო ისედაც საშინელი სტრესი გამოვიარეთ, ფეხზე წამოდგომას ვაპირებდით და უცბად ასეთი საშინელი რამ მოხდა. ზოგჯერ ვფიქრობ, კარგია, სპექტაკლებში რომ არ ვმონაწილეობ: ასე მგონია, ვერ ვითამაშებდი, საამისოდ ძალა არ მეყოფოდა..."

ნუგზარ კვაშალი, მომღერალი:

"სამწუხაროდ, ომი უდანაშაულო მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია. ვუსმენ ამ საშინელ ამბებს და ჩემ თვალწინ ცოცხლდება ყველა ტკივილი, რომელიც ბოლო წლებში გამოვიარეთ. ზოგჯერ ვფიქრობ, პუტინი იმიტომ მოევლინა ქვეყანას, რომ რუსეთი დაანგრიოს და ეს უკრაინელების ხელით მოხდება-მეთქი...

ყველაზე მძიმე ასატანი კი ის არის, რომ ხალხი იღუპება, ბავშვები კვდებიან - ეს დიდი უბედურებაა, რომელიც ომს მოაქვს! არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა, ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ხალხი არ დაიხოცოს..."

ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:

"რატომ სჩადიან ომის დანაშაულს რუსი ჯარისკაცები? - ისინი ფანატიკოსები არიან. ამ ერს სხვისი დაპყრობა და დამორჩილება გენში აქვს, ამიტომ, უკრაინის დამარცხება ამ ომში მთელი ცივილიზებული მსოფლიოს დამარცხებას ნიშნავს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, თორემ მერე, გამარჯვებულ რუსეთს ვერავინ გააჩერებს - ის უკან აღარ დაიხევს. ამ ხალხს კარგად მოერგო მარქსის სიტყვები, - პროლეტარებს არაფერი აქვთ დასაკარგი, გარდა ჯაჭვებისაო...

" სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე