"უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო - ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია" - კვირის პალიტრა

"უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო - ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია"

უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე - მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

„სრულიად არანორმალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, პოლონეთში ვიყავი ჩასული, მივმართე უკრაინას. უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე და არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან. ამასობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის სიმპტომები, რომლებიც თავიდანვე იყო გამოხატული, ახლა ბევრად უფრო დამძიმებულია.

მე ვიყავი პოლონეთში, შევხვდი კაჩინსკის, გავიცანი პრემიერიც და ყველა მოწადინებულია ყველანაირად და ყველაფერი გააკეთა ამ ხალხმა, ჩამოვიდა პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო მინისტრი, ლიტვამ, სეიმმა მიიღო რეზოლუცია გაყვანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო და მაინც არაფერი არ იძვრის. ყველას აზრი და რჩევა გვაინტერესებს, რა ვქნათ? რა ხერხს მივმართოთ?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა.

„საგანგაშო მდგომარეობაა, ჩემთვის რომ არის, ფაქტია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველასთვის არის. ადამიანი, რომელსაც ეს ეხება, საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, საერთოდ მნიშვნელოვანია იმ მოვლენებისთვის, რომლის მოწმეებიც გავხდით, რაც ხდება უკრაინაში. ჩემთვის მისი ჯანმრთელობა, პირველ რიგში, არის პრიორიტეტი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა რუტინული, ჩვევაში გადავიდა, ადამიანი ზის და ზის, რა მოხდა?! ერთეულები არიან, რომლებიც ახსენებენ. როგორ მოვიქცეთ?!თითქოს ყველ ხერხს მივმართეთ, ყველას მივმართეთ თხოვნით, რომ იქნებ ვუშველოთ ამ ადამიანს”, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა ოჯახის წევრებს მხოლოდ თვეში ერთხელ აქვთ და ისიც მცირე დროით.

„უამრავი მიმართვა არის პენიტენციურ დაწესებულებასთან, მაგრამ არავითარი რეაქცია იქიდან არ არის, პირიქით, - უფრო და უფრო დაუმძიმეს მდგომარეობა. ადრე თუ ნახვის შესაძლებლობა მქონდა უფრო მეტი სიხშირით, ახლა თვეში ერთხელ შეუძლია ოჯახის წევრს, რომ როგორმე შეაღწიოს, ძალიან მცირე დროით და ეს არის სულ მთელი ფუფუნება. ადვოკატებსაც ძალიან უჭირთ ეს ურთიერთობა, - ურთიერთობა ხომ უნდა იყოს კონფიდენციალური, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ასე არ არის, ყველაფერი ისმინება, ყველაფერს უყურებენ. სრულიად არანორმალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.