"როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ" - რას ამბობს ვლადიმერ ზელენკი რუსეთთან შეთანხმების დოკუმენტის შესახებ? - კვირის პალიტრა

"როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ" - რას ამბობს ვლადიმერ ზელენკი რუსეთთან შეთანხმების დოკუმენტის შესახებ?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ ადასტურებს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთისგან ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის პროექტი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება „არათუ არ უნახავს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არც არსებობს“.

ის ასევე პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "ბურთი კიევის მხარესაა".

"პრინციპში, ადრე ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. რა წესებია იქ: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი არ ჩქარობს რეაგირებას.

მისი თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე.

"ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ ველოდებით პასუხს", - განაცხადა პესკოვმა.