"უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოში და საქართველოში იქნება ცვლილებების ხანა... რეგიონში ან თურქეთია ძლიერი, ან - რუსეთი" - კვირის პალიტრა

"უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოში და საქართველოში იქნება ცვლილებების ხანა... რეგიონში ან თურქეთია ძლიერი, ან - რუსეთი"

ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

დღევანდელი გადასახედიდან რუსეთის მოსახლეობა კმაყოფილია პუტინით და ის რეიტინგულ ლიდერადაც კი ითვლება...

- რუსეთის მოსახლეობა არის ქვევრი, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. ვისაც­ ეტყვიან, იმას მისცემს ხმას. ახლა პუტინია პოპულარული, მაგრამ როგორც კი შეიცვლება ვითარება, ისინიც შეიცვლიან დამოკიდებულებას. მათთვის მთავარია, საჭმელი ჰქონდეთ და პროდუქტი იაფი იყოს. რუსი ხალხი ქუჩაში გამოვა მხოლოდ მაშინ, თუ იქნება საშინელი სიძვირე და სიღარიბე. დემოკრატიის მოთხოვნით არავინ გამოვა...

რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ნაწილს შეიძლება დავარქვათ "პუტინის ჰალუცინაცია". მას ეგონა, რომ უკრაინა დანებდებოდა­. ამ აზრს უმყარებდა გარემოცვაც, მაგრამ სასტიკად მოტყუვდნენ. მეორე ნაწილს კი უნდა ვუწოდოთ "სასტიკი გამოფხიზლება".

- სულ რამდენი ნაწილია?

- სამი. მესამე იქნება ან ხელშეკრულების­ ხელმოწერა, ან ბირთვული ომი. მეორე ნაწილის ფინალი ასეთია: რუსეთი ხვდება, რომ მარცხდება და აზრი არ აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამიტომ ჯდება­ მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინა თანხმდება, რომ არ შედის ნატოში და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. ყირიმის თემა 15-წლიანი ვადით გადაიდება, 15 წლის განმავლობაში კი იპოვიან საერთო ენას. დონეცკსა და ლუგანსკს რუსეთი დაცლის რუსული ჯარისგან. მხოლოდ ყირიმში იქნება საკამათო სიტუაცია. ეს არის კარგი ვარიანტი. ცუდი ვარიანტია, თუ პუტინი იტყვის, რაკი ვაგებთ, წავაგოთ ისე, რომ ყველა გადავიყოლოთო და კიევს ან რომელიმე ტერიტორიას დაბომბავს ბირთვული იარაღით, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენება ასეთი­ იოლი არ არის. მარტო პუტინს ეს არ შეუძლია, იქ მთელი ჯაჭვია, სულ ცოტა 5-6 ნაბიჯია გადასადგმელი და იმედი მაქვს, ამ ჯაჭვში ყველა არ იქნება პუტინივით ფსიქიკურად დაავადებული.

- რუსეთის დამარცხება რა შედეგს მოუტანს საქართველოს?

- იმედი მაქვს, რომ არჩევნებში, 2024-ში­ იქნება თუ უფრო ადრე, "ოცნება" დამარცხდება. საქართველოში იქნება მრავალპარტიული სისტემა, პარლამენტში არ იქნება მაჟორიტარული მმართველობის ნაწილი, ამიტომ შევლენ სუფთა სიებით და ბევრ პარტიას ექნება იქ მოხვედრის საშუალება.­ არ ვიცი, როგორი იქნება ბარ­იერი. არა მგონია, "ოცნება" მის დაწევას დათანხმდეს. პარლამენტში ოთხი-ხუთი პარტია მაინც მოხვდება და ამოქმედდება მრავალპა­რტიული სისტემა. ამ შემთხვევაში "ოცნება" ვეღარ იქნება მმართველი ძალა, მას მოუწევს სხვას გაუნაწილოს ხელისუფლება. შეიძლება კოალიციური მმართველობა იყოს. ვერც მთავრობას, ვერც ბიუჯეტს მარტო ვერ დაამტკიცებენ და მოუწევთ თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. საქართველოში ამოქმედდება ევროპული მართვის სტილი, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს გაწევრებას. უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოში და საქართველოში იქნება ცვლილებების ხანა.

თუ უკრაინამ ნეიტრალიტეტი აირჩია, მაშინ გაჩერდება, მაგრამ თუ ეს თავიდან­ აიცილა, შესაძლოა, თურქეთსა და საქარ­თველოსთან ერთად შეკრას კავშირი შავ ზღვაში. ჩვენ გვაქვს კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთთან. ამავე ტიპის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს უკრაინასთან, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება რუსეთისთვის - თუ საქართველო, თურქეთი და უკრაინა იპოვიან საერთო ენას შავ ზღვაში­ და საქართველო, თურქეთი­ და აზერბაიჯანი - კავკასიაში, თურქეთი­ ორივეგან წამყვანი მოთამაშე იქნება. ის ძლიერდება კავკასიაში. ჩვენს რეგიონში ან თურქეთია ძლიერი, ან - რუსეთი.

თუ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ჯარი დარჩა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს დიდი ხნის პრობლემად დაგვრჩება. მსოფლიო გვეტყვის, როცა საქმე იყო გასაკეთებელი, ხმა არ ამოგიღიათ,­ ახლა კი რუსეთს სანქციები მოვუხსენით და ხელახლა ვეღარ დავუწესებთო. ამიტომ საჭიროა, საქართველო სანქციებს მიუერთდეს, რათა მერე მოითხოვოს, რომ ისინი რუსეთს არ მოეხსნას, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე ჯარი ჰყავს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს მისი გაყვანა... მაგრამ როცა ხმას არ ვიღებთ და სანქციებს არ ვუერთდებით, რა სინდისით უნდა მოვთხოვოთ ვინმეს, საქართველოს გამო რუსეთს სანქციები არ მოუხსნას?! უცნაური პოლიტიკა აქვს არჩეული "ოცნებას" და არ მესმის, თუ ეს არ არის პრორუსული პოლიტიკა, მაშ, რა არის?! წაიკითხე ინტერვიუ სრულად