"აქ არიან დაკრძალულნი შენი ნათესავები, რომლებსაც ძალიან უყვარდი" - უკრაინელი დედა ოკუპანტების მხარეს მებრძოლ შვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

"აქ არიან დაკრძალულნი შენი ნათესავები, რომლებსაც ძალიან უყვარდი" - უკრაინელი დედა ოკუპანტების მხარეს მებრძოლ შვილს მიმართავს

ვოლინის ოლქში მცხოვრები დედა, რუსეთის მხარეს მებრძოლ შვილს მიმართავს და მოუწოდებს, დაყაროს იარაღი და შეწყვიტოს თანამემამულეების ხოცვა-ჟლეტა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წელს მისი შვილი საცხოვრებლად უკრაინიდან რუსეთში გადავიდა. 2017 წელს, ქალაქ ომსკში, დაასრულა სამხედრო სასწავლებელი და აგრესორის ქვეყნის არმიაში გააგრძელა სამსახური.

ბოლოს, შვილი დედას მარტში დაუკავშირდა, მაგრამ არ აღიარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა, უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა გაარკვია, რომ ის ამჟამად ხერსონის მიმართლებით საოკუპაციო ჯარის შემადგენლობაში იბრძვის.

"დედის გულს უჭირს იმის დაჯერება, რომ საკუთარი შვილი მშობლიურ მიწაზე თანამემამულეების მოსაკლავად დაბრუნდა. ამიტომ შვილს სთხოვს დაყაროს იარაღი და არ იბრძოლოს მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შენი ყველა ნათესავი აქ არის. აქ არიან დაკრძალულნი მამაშენი, ბებიები, რომლებსაც ძალიან უყვარდი. უზომოდ მენატრები და გევედრები, შვილო, დადე იარაღი და დაუბრუნდი შენს მშობლიურ ქალაქს და სახლს", - მიმართავს დედა შვილს.

ასევე, მან მიმართა იმ უკრაინელ დედებს, რომელთა შვილებიც ოკუპანტების მხარეს იბრძვიან: "მოუწოდეთ თქვენს შვილებს სახლებში დაბრუნებისკენ, ეს მათი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსია". წყარო