EXCLUSIVE: "მანგო ფულს "ტეხავდა". საზოგადოების დარიცხული თანხის 20% არ წასულა დანიშნულების მიხედვით" - რას პასუხობს დომენიკ მანგო მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას
უკრაინაში ომი ამ დრომდე გრძელდება. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქ არსებული ვითარებისკენ არის მიმართული. ომის დაწყების პირველივე დღეებში ბევრი გულანთებული ქართველი ჩავიდა უკრაინაში საომრად და მათი ნაწილი ამ დრომდე წინა ხაზზე იბრძვის, ნაწილი უკვე სამშობლოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, ამ უთანასწორო ბრძოლაში 9 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა.
ბლოგერი კუკური ბარამიძე, რომელსაც საზოგადოება დომენიკ მანგოს სახელით იცნობს, უკრაინაში საომრად იყო ჩასული და იქიდან უკვე დაბრუნდა. ომის პირველივე დღეებში მან სოციალური ქსელით მოუწოდა უკრაინაში წამსვლელ ადამიანებს, ერთად შეკრებილიყვნენ და რომ მგზავრობას თავად გაუწევდა ორგანიზებას. მართლაც ასე მოხდა, ისინი ერთი ავტობუსით ჩავიდნენ უკრაინაში. მანგომ მაშინ ანგარიშის ნომერიც დადო სოციალურ ქსელში და ხალხს მოუწოდა, თანხები ჩაერიცხათ, რომ საბრძოლველად წასულ ბიჭებს ტრანსპორტის, გზის და კვების ფული ჰქონოდათ. მათ გარდა უკრაინაში სხვადასხვა გზით კიდევ ბევრი ქართველი ჩავიდა.
სოციალურ ქსელში მანგოს მისამართით ბრალდებები გაისმა და მას ამ ჩარიცხული თანხების მითვისებაში ამხელენ, თავად მანგო კი ამას კატეგორიულად უარყოფს.
"კვირის პალიტრასთან" გიორგი გოგოტიშვილი საუბრობს:
"მე გიორგი გოგოტიშვილი ვარ. უკრაინის ომი რომ დაიწყო, იქ ჩასვლა გადავწყვიტე, რადგან ამ მოვლენებს შორიდან ვერ ვუყურებდი. მინდოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დავმდგარიყავი, რადგან ვთვლი, რომ იქ დღეს საქართველოს ბედიც წყდება. როცა დავინახე, დაიწყო ჯგუფების ორგანიზება და მათ მეც შევუერთდი. გახსოვთ, მაშინ ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობდა თვითმფრინავით ჩვენს იქ წასვლაზე, ამიტომ დომენიკ მანგოს დავუკავშირდი, რომელიც სოციალური ქსელით აცხადებდა, რომ ჯგუფს უხელმძღვანელებდა. მან სასწრაფოდ თავისი ანგარიშის ნომერიც გახსნა, ხალხს მოუწოდებდა, თანხები ჩაერიცხათ, რათა ამ ფულით საომრად წასვლა შეგვძლებოდა.
ამ ანგარიშზე მართლაც ირიცხებოდა სერიოზული თანხები. ომის დაწყების პირველი დღეები იყო და ხალხი იმდენად იყო შეძრული რუსეთის აგრესიით, რიცხავდნენ თანხებს. მანგოს ლაივ-ჩართვებიც ჰქონდა. ბევრი გულანთებული ბიჭი იყო შეკრებილი და ერთად წავედით. სწორედ მაშინ, მგზავრობის დროს, გავიცანი დავით მენაბდიშვილი, მეომარი ბიჭი, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა და, სამწუხაროდ, იქ დაიღუპა.
გზაში რამდენიმე ბიჭმა დომენიკ მანგოს რამდენჯერმე ვუთხარით, ჩვენი სახელით ფულს რომ არიცხვინებ ამ ხალხს, ჩაგვახედე, ვინ რას გირიცხავს და ამ თანხებს რაში ხარჯავ-თქო. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გზაზე ხალხს საჭმელსაც არ აჭმევდა, არადა, ვხედავდით, სერიოზული თანხები ირიცხებოდა. მოლაპარაკებული ვიყავით, ყოველ 4 საათში უნდა გაეჩერებინათ ტრანსპორტი და უნდა უზრუნველყო ხალხის ჩარიცხული თანხით ჩვენი კვება. მანგოს იმედად არ ვყოფილვარ წასული, ჩემი ფული მიმქონდა, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. ავტობუსი რომ ჩერდებოდა, თვითონ და მისი ჯგუფის კიდევ რამდენიმე ადამიანი ჭამდა და სხვებს არაფერს აწვდიდა. ხშირად ვერ სადილობდა ის, ვისაც ფული არ ჰქონდა წამოღებული. ასეთი უსამართლობა რომ დავინახე, ვუთხარი, ჩარიცხული თანხები მაჩვენე-მეთქი. ჩავალ ლვოვში და იქ გაჩვენებ ყველაფერს, ახლა ხმაურს ნუ ატეხავო, - მითხრა.
საერთოდ არ მაინტერესებდა მისი ფული, მაგრამ მინდოდა, ეს ბიჭები მშიერები არ ყოფილიყვნენ და ხალხის გადმორიცხული ფული ამ მეომარ ბიჭებს მოხმარებოდა. მანგო ფულს "ტეხავდა". ლვოვში რომ ჩავედით, ვიღაცებმა მანქანით მოაკითხეს, უცებ ჩასხდნენ თვითონ და მისი ხალხი და საერთოდ გაქრნენ. ჩვენ ცალკე დავრჩით. საბრძოლველად მივდიოდით კიევში, მანგოს იმედად არ ვყოფილვართ, დათო მენაბდიშვილი იქ ბევრ მეომარს იცნობდა და წავედით კიევში, ვანო ნადირაძის ჯგუფს შევუერთდით. ქუჩაში ძებნას ხომ არ დავუწყებდით მანგოს?
ჩემს მეუღლეს მაშინ მესიჯი მივწერე და ვთხოვე, ის ტექსტი სოციალურ ქსელში დაედო. ქართველებს მოვუწოდე, მანგოს ანგარიშზე თანხები არ ჩაერიცხათ, რადგან ის თაღლითობს და ამ თანხებს ითვისებს, პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს-მეთქი. ეს სტატუსი ვიღაც "ოჩოპინტრეს" არ მოეწონა, ასეთი სახელით არის ის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში. მან და დომენიკ მანგომ ჩვენკენ დაიწყეს ისრების სროლა, ჩვენი ლანძღვა, როგორ გავბედეთ ამის სააშკარაოზე გამოტანა და ჩვენ დაგვადანაშაულეს. საშინელი სიტყვებით მოგვიხსენა ამ "ოჩოპინტრემ", რომლის ვინაობა ვერაფრით გავარკვიე. გულისამრევ რაღაცებს მწერდა, მეც ვაგინე და დაგვბლოკა. კაცმა არ იცის, ვინ არის. მასთან პოლემიკაში რომ ჩავერთეთ მე და სხვა ბიჭები, ჩვენი ლანძღვა განაგრძეს, ეს სქრინებიც მაქვს. ისიც კი იკადრეს და თქვეს, თითქოსდა, მოროდიორები ვართ და ამისთვის წავედით უკრაინაში. წარმოიდგინეთ, ბრძოლის ველზე ხარ და ამას ისმენ, რა განწყობაზე იქნები ადამიანი? ჩვენ კიევში ვიყავით და მანგო - ლვოვში, აქედანაც მიხვდებით, ვინ იყო საომრად წასული - ჩვენ თუ მანგო და მისი გარემოცვა. ის სადაც ჩავიდა, იქ არ იყო ბრძოლა, ამბობს, რომ ლეგიონის ბიჭებთან იყო. ჩვენ რამდენიმე ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა. რაც გზაში დახარჯა მანგომ, 10-ჯერ მეტი თანხა ჩაერიცხა ანგარიშზე, რომელსაც პერიოდულად ვიღაც გოგოს ანგარიშზე რიცხავდა. უფრო მეტიც, ჩემგან 150 ევრო წაიღო, სხვებსაც გამოართვა ფული. გულანთებული ბიჭების ხარჯზე შეეცადა, მოგება ენახა. 1000 პროცენტით ვაგებ პასუხს ჩემს ყველა სიტყვაზე და მინდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ მათი დარიცხული თანხების 20% არ წასულა დანიშნულების მიხედვით.
ერთ თვეს ვიყავი იქ და მერე წამოვედი. დათო მენაბდიშვილი თავის ძველ თანამებრძოლთან, გოჩა ხორავასთან გადავიდა, წინა ხაზზე იბრძოდა, სამწუხაროდ, დაიღუპა ამ უთანასწორო ომში ეს მეომარი, საოცრად კარგი ბიჭი და ძალიან განვიცდი ამ ამბავს...
ბუნებრივია, "კვირის პალიტრა" დომენიკ მანგოს დაუკავშირდა და ამ ბრალდებებზე კომენტარი ვთხოვეთ, მან კატეგორიულად უარყო თანხის მითვისება...
- თქვენ გადანაშაულებენ ხალხის ჩარიცხული თანხების მითვისებაში. ამბობენ, რომ იმ ბიჭებისთვის, რომლებიც საომრად მიდიოდნენ, გზაში საჭმელსაც არ ყიდულობდით და, საერთოდ, ლვოვში დატოვეთ ადამიანები.
- ტყუილია ეს ყველაფერი, ვიცი, თქვენ ვინც მოგცათ ინტერვიუ, ამ გიორგის სოციალურ ქსელშიც ჰქონდა ლაივ-ჩართვა და იქაც იმავეს ამბობდა. ჯერ ერთი, ბანკის ანგარიშიდან ძალიან კარგად შეიძლება იმის გარკვევა, სად რა თანხა დაიხარჯა და რაში დაიხარჯა, ეს ყველაფერი დამახსოვრებული მაქვს, დეტალურად. რეალობა ასეთია - ავტობუსმა, რომლითაც ვიმგზავრეთ, აქედან თურქეთამდე წაგვიყვანა, მერე იმ კომპანიამ გაგვიშვა თურქეთიდან პოლონეთამდე სხვა ავტობუსით და მათი დირექტორის ანგარიშზე 15 000 ლარი მაქვს გადარიცხული. 36 ადამიანი ვისხედით ავტობუსში, ვაჩერებდით გზადაგზა ტრანსპორტს და ის თანხა, რაც იყო ხალხისგან მოგროვებული, ფაქტობრივად, სანამ მივაღწიეთ იმ ადგილამდე, 90% დაიხარჯა. ლვოვში ჩავედით ყველანი, 4 ადამიანის გარდა, რადგან ისინი პოლონეთში გაუჩინარდნენ.
ლვოვში რომ ჩავედით, იქ ქართველი ლეგიონის ბიჭებმა 4 მანქანით გამოგვაკითხეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 30-ზე მეტნი ვიყავით, ოთხ მანქანაში ვერ ჩავეტეოდით და ორ ნაწილად წავედით. ვინც ჩაეტია, ლეგიონის ბაზაზე წავედით, უკრაინის სამხედროებმა გზაში გაგვაჩერეს. იქ პაროლის პრინციპი მუშაობს, უნდა გვეთქვა პაროლი, რაღაცები აგვერია და ამიტომ 3 საათი იქ შეგვაყოვნეს, მანამდე გავაფრთხილე სხვები, რომ მანქანები ისევ მობრუნდებოდა და მათაც წამოიყვანდნენ. მაგრამ რადგან შეფერხება იყო, უკან დაბრუნებულ მანქანებს ეს გიორგი და კიდევ რამდენიმე ადამიანი არ დახვდა, ისინი კიევში წასულან. უნდა გაითვალისწინო, რომ ომია და ამ დროს რაღაც შეფერხებები ხდება, ასეთი შეფერხება იყო ჩვენი ამდენი საათით პოსტზე შეჩერებაც. დანარჩენები, ვინც იქ დარჩნენ, მერე ისევ ამ მანქანებით წამოიყვანეს.
თავიდან ბოლომდე სიცრუეა რასაც ის ამბობს, ათობით ადამიანი იჯდა ავტობუსში და თვე-ნახევარი გავატარე მათთან ერთად უკრაინაში და რომ ჰკითხოთ, ნებისმიერი დაგიდასტურებთ იმას, რასაც მე ვამბობ.
- ის ამბობს, რომ გზაში საჭმელს არ აჭმევდით ამ ადამიანებს და მარტო თქვენი საახლობლოს კვებას აფინანსებდით.
- ეს ყველაფერი არის სიცრუე. საერთოდ ვერ გავიგე, რაზე აქვს პრეტენზია. გზაზე პრობლემები იქმნებოდა, მაგრამ ფინანსების გამო კი არა, მძღოლის გამო, რადგან ის არ გვიჩერებდა ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა, გვეყიდა საჭმელი ნორმალური რაოდენობით. ამიტომ გვიწევდა მუდმივად ძახილი, გააჩერე, გააჩერე. ყოფილა შემთხვევა, სხვას რომ ეჭამა, მე მშიერი დავრჩენილვარ. როგორც ვამბობ, საკმარისი რაოდენობით სენდვიჩებს და რაღაცებს ვერ ვყიდულობდით, რადგან ისეთ ადგილებში აჩერებდა, სადაც ყველასთვის საკმარისი რაოდენობა არ იყო. ახლა ამის ასე დეტალებში შესვლა ძალიან უსიამოვნოა.
სიცრუეა, რომ მე თანხები მივითვისე. რაც შეეხება იმას, გოგოს ანგარიშზე ირიცხებოდა თანხებიო, ასეთი მომენტი იყო, ბანკის ბარათი არ გვქონდა, რომ თანხა გამოგვეყენებინა და ამიტომ ჩავრიცხეთ მის ანგარიშზე, მისი ბარათით ვისარგებლეთ, მაგრამ იქიდან გახარჯული ყოველი თეთრი დამახსოვრებულია. რამდენიც უნდა ილაპარაკოს გიორგიმ და კიდევ რამდენიმემ, ეს საკითხი მე საერთოდ არ მაწუხებს, თანხები გაიხარჯა, ყველაფერს იმახსოვრებს ბანკის ანგარიში.
რაც შეხება ლვოვის ამბავს, როგორც გითხარით, მანქანა უკან მობრუნდა და ეს ხალხი იქ არ დახვდა, ეს რა ჩემი ბრალია? ასეთი საშინელი ადამიანი გავხდი ამათთვის და დანარჩენებისთვის არა, ვისთან ერთადაც გავატარე ეს დრო ქართულ ლეგიონში. ჩვენ ვიყავით ომში და როცა ომში ხარ, შეიძლება გაგიხანგრძლივდეს გზა, ეს არის მისი მოუთმენლობის საკითხი და არა - ჩემი პრობლემა. თუკი დანარჩენები არ აპროტესტებენ, რომლებთან ერთადაც ეს პერიოდი ვიყავი, მაინცდამაინც ესენი რატომ აპროტესტებენ? ისინი წავიდნენ თავიანთი ნებით ლვოვიდან და ეს რა ჩემი ბრალია? მე რა შუაში ვარ? რაც შეხება "ოჩოპინტრეს", მე მას არ ვიცნობ და არ ვიცი, ის რაზე საუბრობს.
მე უარვყოფ, რომ ამ თანხების მითვისება მოხდა.
(სპეციალურად საიტისთვის)