პუტინი ნადირაძის ბირთვულქობინიანი "ტოპოლების" შემდეგ ახალი "სატანით" ემუქრება ამერიკას, ანუ რა საფრთხეს წარმოადგენს 200 ტონიანი "სარმატი" ? - კვირის პალიტრა

პუტინი ნადირაძის ბირთვულქობინიანი "ტოპოლების" შემდეგ ახალი "სატანით" ემუქრება ამერიკას, ანუ რა საფრთხეს წარმოადგენს 200 ტონიანი "სარმატი" ?

თავის დროზე ქართველი გენერლის გალაქტიონ ალფაიძის მიერ აშენებული პლესეცკის კოსმოდრომიდან რუსეთმა გამოსცადა თავისი ახალი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში გამოიყენა დასავლეთის და პირველ რიგში კი, აშშ-ის დაშინების მთავარ ბერკეტად.

გასაგებია, რომ უკრაინაში შეჭრილი რუსული ტანკები თუ „გრადები“ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტამდე ვერ მიაღწევენ, მაგრამ ჯერ კიდევ პირველი ცივი ომის პერიოდიდან აშშ სამიზნეში ამოღებული აქვთ საბჭოთა/რუსულ ბირთვულქობინიან ბალისტიკურ რაკეტებს.

დღეისათვის რუსეთს სავარაუდო მოწინააღმდეგეების სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებული აქვს არანაკლებ 700 ერთეული ბალისტიკური რაკეტა (როგორც მიწისქვეშა შახტაში, ისე წყალქვეშა ნავებში განთავსებული) მათზე დამონტაჟებული 1 550 ბირთვული ქობინით.

ამ რუსული ბალისტიკური რაკეტების უმეტესობას ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ კონსტრუირებული მობილური „ტოპოლები“ და მისი მოდერნიზაციის შედეგად შექმნილი „ტოპოლ-მ“-ები და „იარსები“ შეადგენენ, თუმცა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების არსენალში ასევე არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, 200 ტონიანი „სატანებიც“, რომლებიც სხვათაშორის უკრაინის იმ დნეპროპეტროვსკში მზადდებოდა, რომელსაც დღეს ასე უმოწყალოდ ბომბავს რუსეთის ავიაცია.

თავის დროზე ეს „სატანები“ შიში ზარს სცემდნენ მთელ მსოფლიოს და ეს სპეციფიკური სახელიც იმიტომ უწოდეს ნატოს კლასიფიკაციით, მაგრამ რაკეტებს უკვე 40 წელი უსრულდებათ და შახტებიდან მათი უპრობლემო სტარტის შესაძლებლობა, შეიძლება მალე ეჭვის ქვეშ დადგეს.

ამიტომაც რუსეთი მეათე წელია ცდილობს საბჭოთა უკრაინაში დამზადებული „სატანები“ თავისი, რუსული ახალი „სატანებით“-„სარმატებით“ ჩაანაცვლოს.

3-surati-1650529547.jpg
რუსეთის შეიარაღებაში რჩება ალექსანდრე ნადირაძის „ტოპოლის“ 36 ასეთი მობილური დანადგარი, რომლიდანაც გაშვებულ რაკეტას 800 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული აფეთქების გამოწვევა შეუძლია...

რას წარმოადგენს რუსული „სარმატი“ და რამდენად უნდა ეშინოდეს მსოფლიოს დიდ ნაწილს ამ რაკეტების არაპროგნოზირებადი პუტინის ხელში აღმოჩენის შემდეგ?

ჯერ კიდევ საცდელ რეჟიმში მყოფი „სარმატის“ ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები მართალია გასაიდუმლოებულია, მაგრამ მიახლოებითი ციფრებიც იძლევიან კარგ წარმოდგენას მის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

სამსაფეხურიანი, თხევადსაწვავიანი „სარმატის“ სიგრძე 35 მ-ს აღემატება და ის სტარტის წინ 208 ტ-ზე მეტს იწონის.

მის საბრძოლო ნაკვეთურში, დოლურაში განთავსებულია 10 ბირთვული ქობინი, თითოეული 750 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის, რომელთა გადატანა „სარმატს“ მაქსიმალურ, 18 ათასს კმ-ზე შეუძლია.

„სარმატი“ სხვა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტებისგან გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით.

პირველი - რუსეთის ტერიტორიიდან „სარმატის“ გაშვება შეიძლება დედამიწის სამხრეთ პოლუსის გავლით ჩრდილო ამერიკის კონტინენტისკენ, სადაც ამერიკელებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები ძირითადად ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მოგერიებაზე ორიენტირებულად აქვთ განთავსებული და სამხრეთი მიმართულება ნაკლებად დაცულია.

ეს არის „ორბიტალური დაბომბვის“ კონცეფცია, როდესაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გასული რაკეტის ქობინი არასრული ორბიტალური წრის ფრენის შემდეგ სამიზნეს ეცემა.

მეორე - „სარმატის“ საბრძოლო ნაწილში ათ ბირთვულ ქობინთან ერთად დამატებულია „მატყუარა სამიზნეები“, რომლებიც რაკეტის სტარტისა და ფრენის ტრაექტორიაზე ახლო კოსმოსში ქობინების „გაფანტვის“ შემდეგ ისეთივე რადილოკაციურ არეკვლას იძლევიან, როგორც ნამდვილი ბირთვული ქობინები, სანამ დედამიწის ატმოსფეროში შემოვლენ და დამუხრუჭდებიან. ეს მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენის ტექნიკურ საშუალებებს საქმეს ურთულებენ იმის გასარკვევად, თუ რომელია ნამდვილი ბირთვული ქობინი და რომელი იმიტატორი და რომელს დაუმიზნონ ანტირაკეტა.

მესამე - რაკეტის ქობინი მიზნისკენ მიემართება ბალისტიკური ტრაექტორიით, რისი გამოთვლა დღეს უადვილესია და თანამედროვე ამერიკულ ანისარაკეტო სისტემას შეუძლია ახლო კოსმოსში ანტირაკეტის მართვადი მოდული (რომელშიც ერთი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაც კი არ არის) პირდაპირ შეაჯახოს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტის მიერ გაშვებულ ბირთვულ ქობინს და მხოლოდ დაჯახებისას წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე გაანადგუროს ის.

ამის თავიდან ასაცილებლად რუსი კონსტრუქტორები გეგმავენ „სარმატის“ საბრძოლო ნაკვეთურში „ავანგარდის“ ტიპის ჰიპერბგერითი მართვადი ბირთვული ბლოკის დამონტაჟებას, რომელიც ჩვეულებრივი ქობინისგან განსხვავებით წინასწარ პროგნოზირებადი ბალისტიკური ტრაექტორიით კი არ მიფრინავს, არამედ, უზარმაზარი - არანაკლებ 9 კმ/წმ-ში სიჩქარით მანევრირებს, რითაც ანტირაკეტის მართვად მოდულს მასთან შეჯახების შანსს აღარ უტოვებს.

მეოთხე - მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების განადგურების ყველაზე ადვილი საშუალებაა მათი სასტარტო შახტებზე ზუსტი ბირთვული დარტყმების მიყენებაა, რის შემდეგაც ისინი დიდი ალბათობით სტარტს ვეღარ შესძლებენ.

ამერიკის კოსმოსური დაზვერვისთვის რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტითაა ცნობილი ყველა რუსული საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის მიწისქვეშა შახტის მდებარეობა, ისევე როგორც რუსებისთვის ამერიკული სარაკეტო შახტების.

21042022-1208-1650529501.12_REC.png
მიწისქვეშა შახტის ათეულტონიანი ხუფი ახდილია და ბალისტიკური რაკეტა სტარტს იღებს...

ეს სარაკეტო შახტები დაცულია ათეულტონიანი მოძრავი ხუფებით და თავად რაკეტებიც ამ შახტებში სპეციალურ ამორტიზატორებზეა ჩამოკიდებული, რომ ახლო ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა მიწის რყევამ რაკეტა არ დააზიანოს და სტარტი შესაძლებელი იყოს.

ახალი „სარმატის“ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, რუსი სამხედროები უფრო შორს მიდიან და მიწისქვეშა სასტარტო სარაკეტო შახტების ირგვლივ ამონტაჟებენ „მოზირის“ ტიპის აქტიური თავდაცვის კომპლექსებს, რომელიც თავისი მოქმედების პრინციპით ძალიან წააგავს ტანკის აქტიური თავდაცვის სისტემას.

ოღონდ „მოზირის“ კომპლექსის 100 (დიახ,ასი) ლულა ცას შეჰყურებს და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რადილოკატორები დააფიქსირებენ „სარმატის“ მიწისქვეშა სასტარტო შახტისკენ მფრენ მოწინააღმდეგის ბირთვულ ქობინებს, 6 კმ სიმაღლემდე გაისვრიან 40 ათასამდე დამაზიანებელ ელემენტს-ლითონის ისრებსა და 30 მმ დიამეტრის რკინის ბურთულებს.

ასეთ „რკინის წვიმაში“ (რომელიც რაღაცით წააგავს მონადირის მიერ ფრინველისკენ თოფიდან გასროლილ საფანტის ნაკადს) მოხვედრილი ბირთვული ქობინის კორპუსი აუცილებლად დაზიანდება და თანაც იმის დიდი გარანტიით, რომ არ მოხდეს ბირთვული აფეთქება, ან თუკი მაინც განხორციელდა ჯაჭვური რეაქცია, ქობინის ინიცირება მიწიდან რამდენიმე კმ-ის სიმაღლეზე მოხდება, ხოლო საჰაერო ბირთვული აფეთქება კი ბევრს ვერაფერს დააკლებს მიწისქვეშა შახტაში საიმედოდ დაცულ ბალისტიკურ რაკეტას...

აი, ეს არის ახალი რუსული ბირთვულქობინიანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ ძირითადი უპირატესობები, რითაც პუტინი დასავლეთის დაშინებას ცდილობს, თუმცა „სარმატის“ გამოცდები მეათე წელია გრძელდება და მისი სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა.