"აზოვში" ხალხის არჩევა სათითაოდ ხდებოდა, ყველას არ იღებდნენ" - რას ჰყვება "აზოვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი - კვირის პალიტრა

"აზოვში" ხალხის არჩევა სათითაოდ ხდებოდა, ყველას არ იღებდნენ" - რას ჰყვება "აზოვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი

"აზოვის" პოლკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქუფარაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ ისაუბრა, თუ როგორ იქმნებოდა პოლკი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე იცავს უკრაინის ტერიტორიას:

"უკრაინაში კიევის აღება არ ნიშნავს მარტო იმას, რომ ომი საერთოდ დამთავრდება ან ჯარი განადგურდება. აქ არის საუბარი მორალურ, სულიერ მდგომარეობაზე.

"აზოვის" ფენომენი ისაა, რომ აქ ყოველი პირადი შემადგენლობა, მისი დიდი ნაწილი არის უკრაინელი ნაციონალისტი და ყველაფერი მის იდეოლოგიაზეა დაფუძნებული. მუშაობა მიმდინარეობდა ყოველ შემადგენლობაზე, ხალხის არჩევა სათითაოდ ხდებოდა."აზოვში" ყველას არ იღებდნენ, ვერ მოხვდებოდნენ. აქ საუბარი არ იყო მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე, აქ გადამწყვეტი სულიერი მდგომარეობა იყო. მიმდინარეობდა მათთან მუშაობა ყოველთვის ჯგუფებთან, ქვედანაყოფებთან.

აქ შეიქმნა ე.წ. Band of brothers, იგივე "საძმო". ეს არის საკმაოდ მტკიცე ოჯახი, თავისი შიდა კანონებით, იმიტომ, რომ 2014 წლიდან დღემდე, რბილად რომ ვთქვათ, უკრაინის სახელმწიფო ცდილობდა, "აზოვის ბატალიონი" დაეკნინებინა, ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა, მაგრამ ეს ბატალიონს პირიქით - აძლიერებდა, ის სულიერად ძლიერდებოდა.

ხდებოდა პატრიოტულ იდეოლოგიაზე მუშაობა და ამან თავისი ნაყოფი გამოიღო. მთავარი იყო მისი სამხედრო, საბრძოლო მომზადება. 8 წლის მანძილზე ჩვენ ყოველდღე ვმუშაობდით ახალ გეგმაზე და ვცდილობდით, საჭიროებისამებრ შეგვეცვალა გეგმები მარიუპოლის დაცვასთან დაკავშირებით, რადგან, როგორი კარგი გეგმაც უნდა შეადგინო, შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ის მთლიანად ჩაიშალოს, ამიტომ გავხადეთ მობილური, მოქნილი.

ჩვენ შევქმენით საერთო ჩონჩხი, რომელიც წლების განმავლობაში შევიმუშავეთ და ეს უნდა ყოფილიყო შერწყმული პირად შემადგენლობასთან. პირადი შემადგენლობა თუ არ იქნებოდა მზად, ეს გეგმები არ იმუშავებდა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, მოგვემზადებინა როგორც ფიზიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ასევე - იდეოლოგიურად. ამავდროულად, ვწვრთნიდით მათ ხელმძღვანელობას.

შემიძლია გითხრათ, რომ ისინი იყვნენ ფეხბურთის ფანები, "ხულიგნები", ნაციონალისტები, საჭირო იყო მათი ერთ ბირთვში გაერთიანება. ამ ბირთვში უნდა ყოფილიყო რაღაც ისეთი სიძლიერე, რაც მათ ერთ ოჯახად, საძმოდ გააერთიანებდა. შეიქმნა ეს და ამ მომზადებამ თავისი ნაყოფიც გამოიღო", - ამბობს გიორგი ქუფარაშვილი გადაცემა "360 გრადუსში".

ცნობისთვის, "აზოვი" თავდაპირველად ბატალიონის სახით ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში იმ მოხალისეებისგან ჩამოყალიბდა, ვინც მაღალი პატრიოტული სულით გამოირჩეოდა და ვერ შეეგუა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უბრძოლველად ოკუპირებას და ამის შემდეგ ლუგანსკსა და დონეცკში, მოსკოვის მხარდაჭერით, ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების გააქტიურებას.

იხილეთ ასევე: ვინ არიან "აზოველები", ვისთანაც თვით რუსი „გე-ერ-უშნიკებიც" კი ახლო ბრძოლებში მარცხდებიან...