"პირადად მე, მათ ადამიანებად არ ვთვლი. ყველამ კარგად ვიცით, ვინ, სად და რატომ დგას!" - კვირის პალიტრა

"პირადად მე, მათ ადამიანებად არ ვთვლი. ყველამ კარგად ვიცით, ვინ, სად და რატომ დგას!"

"ნორმალურ ადამიანს ომი არ უნდა გინდოდეს! ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი, სამშობლო და ასე შემდეგ...

თანაც, ომი გვინახავს, ძალიან ბევრი და მტკივნეული...

ომი უკიდურესი შემთხვევაა, რაც შეიძლება ერს დასჭირდეს! თუმცა ღირსებაზე მეტი არაფერია და - "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი", - ამბობს ცნობილი მომღერალი და მსახიობი - ანდრია გველესიანი... იგი უკრაინის იმ მოვლენებზე გვესაუბრა, რომელმაც მსოფლიო შეძრა...

- ყველა ნორმალური ადამიანისთვის ომზე საზარელი რამ, ალბათ, არც არსებობს! მით უმეტეს, თუ ომი შენს მეზობელ ქვეყანაშია და მოძმე ერს ეხება. მე, ჩვენს თეატრს, ჩემს მეგობრებს უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა... ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ უკრაინული სისხლი მაქვს - ჩემი დიდი ბებია უკრაინელი გახლდათ.

ძალიან მძაფრად განვიცდი, რაც ახლა იქ ხდება. ყველაზე საშინელება ის არის, რომ დასასრული არ უჩანს! უკრაინა ძლიერად დგას და ყველას იმედი გვაქვს, რომ ის გაიმარჯვებს! ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ეს სიკეთის ომია ბოროტებაზე!

სამწუხაროდ, მსხვერპლი ძალიან დიდია... ომს ასე მოსდევს და ამის გამოცდილება ჩვენც გვაქვს. 2008 წელს ომი გადავიტანეთ და მანამდეც, ჯერ კიდევ როდის დაიწყო რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება. შესაბამისად, ომები, მსხვერპლი, ყველანაირი უბედურება საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

- მათზე რას იტყვით, ვინც დღეს მაინც რუსეთს უჭერს მხარს?

- ბევრჯერ მთხოვეს, ტელევიზიით გამოვსულიყავი და მათ შესახებ ჩემი აზრი გამომეთქვა... არავისზე საუბარი არ მსურს, მით უმეტეს, „ადამიანებზე“, რომელთაც პირადად მე ადამიანებად არ ვთვლი. ყველამ კარგად ვიცით, ვინ, სად და რატომ დგას! ამიტომაც არ მსურს არანაირი კომენტარის გაკეთება. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის სწორ და ვინ - არასწორ გზაზე! ვფიქრობ, ეს მათი პრობლემაა, თან - ძალიან, ძალიან დიდი!

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს მხრიდან რამდენად სათანადოდ არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატული?

- მე ხალხის წარმომადგენელი ვარ, ერის ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ხალხის მხარდაჭერაა... ჩვენმა საზოგადოებამ მთელი არსებით გამოხატა მოძმე ერის მხარში დგომა, რაც ძალიან დიდი სიამაყით მავსებს!

უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს და ისინი უაღრესად მადლიერები არიან. ჩვენგან გულწრფელ და ნამდვილ მხარდაჭერას გრძნობენ.

საქართველოში ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი იყო ჩართული, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით იქნებოდა ეს თუ სხვა სახის მხარდაჭერა. ამიტომაც, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ხალხმა სათანადო თანადგომა გამოხატა!

- ძალიან ცნობილი ხელოვანების შვილი ხართ... მამა ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი - დავით გველესიანია, დედა კი - მსოფლიოში წარმატებული საოპერო მომღერალი - თეა დემურიშვილი... როგორც ვიცით, ისინიც უკიდურესად შეშფოთებული არიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით...

- მე მათ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა სწორად აღნიშნეთ... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი საშინლად განიცდის იმას, რაც ხდება და სიკეთის მხარეს არის, რასაკვირველია, მათ შორის არიან ჩემი მშობლებიც!

- თუ ნახეთ ვიდეო, სადაც საქართველოში, კაფეში რუსები რუსულ სიმღერაზე ერთობოდნენ და რომელმაც საზოგადოების უმწვავესი აღშფოთება გამოიწვია?

- სიმართლე გითხრათ, ორი კვირაა სოციალურ ქსელს, ფაქტობრივად, ჩამოშორებული ვარ... ბევრი საქმე მქონდა და არ მინახავს. რაც არ მინახავს, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რუსეთის მიმართ გამოხატულ ყველანაირ მხარდაჭერას სასტიკად ვგმობ!

საბედნიეროდ, სადაც მე მიწევს ყოფნა, არსად შემხვედრია, თუნდაც, შეფარვით პრორუსი ადამიანი.

- "აბა, ომი გინდათ?", - მსგავს ფრაზებზე რა არის თქვენი პასუხი?

- ძალიან რთული კითხვაა და არ ვიცი, რა უნდა იყოს პასუხი... დავიწყოთ იქიდან, რომ ნორმალურ ადამიანს ომი არ უნდა გინდოდეს! ადამიანს, რომელსაც უყვარს თავის ოჯახი, სამშობლო და ასე შემდეგ... თანაც, ომი გვინახავს, ძალიან ბევრი და მტკივნეული ომები გამოგვივლია. ომი უკიდურესი შემთხვევაა, რაც შეიძლება ერს დასჭირდეს! თუმცა ღირსებაზე მეტი არაფერი არ არის და, - "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი".

ღმერთმა არ დაგვაჭირვოს და ასეა!

ომი დღეს ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, რადგან პრიორიტეტი უნდა იყოს ერის გამრავლება, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ისაუბროს ქართულად, რადგან, ფაქტობრივად, ქართველები გადაშენების პირას ვართ... მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც უკვე ვთქვი, არსებობს ღირსება და დარწმუნებული ვარ, საქართველო ასე მოდიოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში...

ჩვენ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ერი ვართ!

იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავისუფლება მოგვიპოვეს! მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება და თავისუფლება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება!

(სპეციალურად საიტისთვის)