"ჩინური დრაკონი რუსული დათვის დასახმარებლად" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ჩინური დრაკონი რუსული დათვის დასახმარებლად" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული „დეილი ექსპრესი“ (The Daily Express) ბეჭდავს სტატიას სათაურით - "ჩინური დრაკონი რუსული დათვის დასახმარებლად: რას გადასცემს სი ძინპინი პუტინს ომში გარდატეხის შეტანის მიზნით" (ავტორი - ენტონი აშკენაზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ვრცელდება ინფორმაციები, რომ ჩინეთი რუსეთისათვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. პეკინის მძლავრ არსენალში არის ისეთი იარაღის სახეობები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

ექსპერტები შიშობენ, რომ ჩინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტი მალე დასრულდება: ევროკავშირმა უკვე „აღმოაჩინა დამარწმუნებელი მტკიცებულებები“, რომ სი ძინპინი იარაღს რუსეთში საიდუმლოდ გზავნის. უფრო ადრე გავრცელდა ცნობები, რომ პეკინმა უკვე გაუგზავნა სერბეთს თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების მსხვილი პარტია, საიდუმლო ოპერაციის ჩარჩოებში. მასმედიისა და სამხედრო ექსპერტების დაკვირვების შედეგად, ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Y-20 ტიპის ექვსი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებიც სავსე იყო HQ-22 მარკის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, აპრილის დასაწყისში ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ აეროდრომზე დაეშვა.

და თუ ჩინეთი საბოლოოდ გადაწყვეტს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მიღებას, მაშინ იბადება კითხვა: რით დაეხმარება სი ვლადიმერს? აი, 5 მრისხანე იარაღი, რომელიც ჩინეთის შეიარაღებაშია:

J-20 - „უჩინარი“ გამანადგურებელი

J-20, მეტსახელად „ჩენდუ“ („მძლავრი დრაკონი“) - ჩინური პასუხია F-22 და F-35 ტიპის ამერიკული გამანადგურებლებისადმი. მართალია, „უჩინარის“ ჩინურ ვერსიას მოწინააღმდეგის რადარებიდან სრული „გაქრობა“ არ შეუძლია, მაგრამ მას მაინც აქვს რიგი უპირატესობები ამერიკულთან შედარებით.

თვითმფრინავი აღჭურვილია გაუმჯობესებული საბორტე რადარით და უახლესი მოწინავე სენსორებით, აქვს საუკეთესო ავიონიკა და შეუძლია „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების გამოყენება მცირე და დიდ მანძილზე, აგრეთვე, ლაზერული დამიზნების მქონე ბომბების ჩამოყრა. ეს ყველაფერი „მძლავრ დრაკონს“ საჰაერო ბრძოლებში მრისხანე ძალად აქცევს.

Type 003 - ავიამზიდი

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ბოლო თაობის ავიამზიდი ჯერ კიდევ არაა მწყობრში, მაგრამ მისი აგების პროცესი მალე დასრულდება. მოსალოდნელია, რომ Type 003 ბევრად ძლიერი იქნება თავის ორ წინამორბედზე, რომელიც ჩინური სამხედრო ავიამზიდი ხომალდებიდან პირველი გადავა კატაპულტის მეშვეობით აფრენის მეთოდზე. დღეისათვის ეს სისტემა დანერგილია მხოლოდ აშშ-სა და საფრანგეთის ავიამზიდებზე.

ხომალდის სავარაუდო სიგრძე 300 მეტრია და მას გაუმჯობესებული დაცვა ექნება მოახლოებული რაკეტების (ან ტორპედოების) გასანადგურებლად.

DF-17 - ჰიპერბგერითი რაკეტა

„დუნფენ-17“ წარმოადგენს საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსს, რომელიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი აპარატით და მას ლივლივიც შეუძლია. ფრენის დროს 10 მახამდე მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს (ანუ ბგერის სისწრაფეზე 10-ჯერ მეტს).

DF-17 ისეთი რაკეტაა, რომელიც, შეიძლება ითქვას, უნიკალური და განუმეორებელია მთელ მსოფლიოში - ის ძალიან მანევრირებადია, რადარებზე არ ჩანს და მას ვერც ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები Patriot და THAAD „დაიჭერს“.

პერსპექტივაში „დუნფენები“ შეიძლება ბირთვული ქობინებით აღიჭურვოს და სამიზნე 2,6 ათასი კილომეტრის სიშორეზე გაანადგუროს.

DF-41 - საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა

„დუნფენების“ ოჯახის წარმომადგენელი ამხანაგ სი ძინპინის სამხედრო არსენალში უძლიერეს ბალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს. მას შეუძლია 10-მდე ბირთვული ქობინა ატაროს და აშშ-ის ტერიტორიას მისწვდეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს რაკეტები მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო ანტირაკეტული დაცვის დასარღვევადაც შეიძლება გამოიყენონ. საინტერესოა, რომ ჩინეთს ეს რაკეტები ორნაირი ბაზირების აქვს - როგორც მობილური, ისე - საშახტე.

ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები

ჩინეთის არმიის შეიარაღებაშია „ავიამზიდების მესაფლავეების“ ორი სისტემა - DF-21D და DF-26B. ორივე „დუნფენის“ მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს. ფრენის სიშორეა - 1,7 ათასი კილომეტრი. ვრცელდება ცნობები, რომ თავისი მონაპირე ზღვების აკვატორიის დასაცავად ჩინეთმა DF-21D-ის 200 მობილური დანადგარი განათავსა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ