მარიუპოლის "აზოვსტალის" კატაკომბებში რუსები უკრაინელებს საბრძოლველად არ ჩაყვებიან - რა არის ამის მთავარი მიზეზი? - კვირის პალიტრა

მარიუპოლის "აზოვსტალის" კატაკომბებში რუსები უკრაინელებს საბრძოლველად არ ჩაყვებიან - რა არის ამის მთავარი მიზეზი?

მარიუპოლის "აზოვსტალის" კატაკომბებში რუსები უკრაინელებს საბრძოლველად არ ჩაჰყვებიან - რა არის ამის მთავარი მიზეზი?

21 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თავის პრეზიდენტ პუტინს ტელეკამერის წინ მოახსენა, რომ მარიუპოლი „განთავისუფლებულია“ (ნორმალური ადამიანების ენაზე ეს ნიშნავს, რომ მარიუპოლი დაპყრობილია) და მხოლოდ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სათავსობში თავს აფარებს ორი ათასამდე უკრაინელი მებრძოლი, რომელთა გასანადგურებლად სამი-ოთხი დღე კიდევ გვჭირდებაო...

პუტინის პასუხი შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად ჟღერდა - შეაჩერეთ იერიში, მარიუპოლის კატაკომბებში ძრომიალი და იქ კიდევ რუსი სამხედროების დაკარგვა არ გვჭირდება, მაგ ადგილს ისეთი ალყა შემოარტყით, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს და გამოფრინდესო...

თუ რუსეთის არმიამ მართლაც შეაჩერა იერიში „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, ეს მისი დამცველებისთვის, როგორც "აზოვის“ პოლკიდან, ისე საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადიდან, ამოსუნთქვის კარგი საშუალება გახდება.

2-1650547652.jpg
რუსული ჭურვებისა და ბომბებისგან განადგურებული „აზოვსტალის“ მიწისზედა საამქროები...

მაგრამ რატომ შეაჩერა კრემლმა იერიში „აზოვსტალზე“, ნუთუ მართლაც უფრთხის მის მიწისქვეშეთში ახლო ბრძოლებში დიდ მსხვერპლს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ „აზოველები“ მართლაც უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოლებენ?

რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ მთავარი მაინც სულ სხვაგან იმალება - „აზოვსტალის“ ბლოკირებისა და იქ მყოფი „აზოველების“ გასანადგურებლად, რუსეთს მარიუპოლში მობილიზებული ჰყავდა 10 ათასზე მეტი საერთო რიცხოვნობის სხვადასხვა საუკეთესო საბრძოლო დანაყოფი, რომელიც ეხლა ჰაერივით სჭირდება ფრონტის ხაზის სხვა მონაკვეთებზე, პირველ რიგში კი - დონბასში სლოვიანსკის, კრამატორსკის, ბახმუტისა თუ იმ სხვა დასახლებული პუნქტის ასაღებად, რის მოსწრებასაც კრემლი 9 მაისამდე ესწრაფვის.

ამ მიმართულებაზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის არმია ეცდება, ალყაში მოაქციოს უკრაინის გაერთიანებული ძალების ის დაჯგუფება, რომელიც ორი თვეა, ფეხმოუცვლელად იკავებს თავდაცვით პოზიციებს უშუალოდ დონეცკიდან რამდენიმე კმ-ში.

ერთ-ერთი ბრძოლისუნარიანი დანაყოფი, რომელიც რუსეთის გენშტაბმა დღესვე მოხსნა მარიუპოლში „აზოვსტალის“ იერიშიდან, არის სეპარატისტული დონეცკის „სომალის“ ბატალიონი, რომელსაც თავიდან სათავეში ჩვენთვის არცთუ უცნობი „გივი“ ედგა, სანამ უკრაინელმა დივერსანტებმა ის თავისსავე კაბინეტში არ ააფეთქეს.

თითქოს ამხელა რუსეთს არ უნდა უჭირდეს ცოცხალი ძალის მოძიება საბრძოლო მოქმედებებისთვის, მაგრამ როგორც ომის პირველმა ორმა თვემ უჩვენა, ეს ასე არ არის.

რუსეთის რეგულარული არმიის მოტომსროლელი დანაყოფების პირადი შემადგენლობის საბრძოლო ჟინი არც უკრაინაში შეჭრამდე იყო უმაღლეს მწვერვალზე და პირველ უკრაინულ ჩასაფრებაში მოყოლისთანავე ხუხულასავით ჩამოიშალა.

უფრო მაღალი საბრძოლო მომზადებით რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების, საზღვაო ქვეითთა ბრიგადების, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და სპეციალური ოპერაციის ძალების მეომრები გამოირჩევიან, თუმცა წმინდა საბრძოლო გამოცდილებით მათ მაინც ჯაბნით სეპარატისტულ ლუგანსკისა და დონეკის ოლქებში განვლილ რვა წელში შექმნილი და მოქმედი „სომალის“, „სპარტას“, „პიატნაშკასა“ თუ სხვა, ნახევრად სამხედრო, ნახევრად კრიმინალური დანაყოფები.

ამ უკანასკნელებს საბრძოლო მოტივაციაც მეტი აქვთ მოსკოვიდან თუ შორეული აღმოსავლეთიდან გადმოსროლილ რუს ოფიცრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კონტრაქტით მომსახურეებზე, თუნდაც იმიტომ, რომ იციან - უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, მათ დონბასში აღარ დაედგომებათ და მოუწევთ პასუხის გაცემა ყველა იმ საშინელ დანაშაულზე, რაც ამ წლებში ადგილობრივი მოსახლეობისა და დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ჩაიდინეს.

azovstali-1650547734.jpg

ეს არის დასავლეთის მასმედიაში გავრცელებული „აზოვის“ მეტალურგიული კომბინატის მიწისქვეშა სათავსოების ამსახველი ინფოგრაფიკა, რომელიც მიახლოებით ასახავს რეალობას.

ამ კატაკომბების ზუსტი სქემების მოპოვება რუსეთის სამხედრო დაზვერვას საერთოდ არ უნდა გასჭირვებოდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ „აზოვსტალის“ აღდგენის დროს (არადა, თვით ფაშიტურ გერმანიასაც ასე არ დაუნგრევია მარიუპოლი ოკუპაციის სამწლიან პერიოდში, რაც უფრო მეტად ფაშისტურმა რუსეთმა თვე-ნახევარში გააკეთა) სპეციალურად გაკეთდა რამდენიმეიარუსიანი მიწისქვეშა სათავსოები, სადაც წარმოების ნაწილის გადატანა მოხდებოდა, თუკი პირველი ცივი ომის ბირთვული დაპირისპირება „აზოვსტალის“ მიწისზედა კორპუსებს შეიწირავდა.

ასე რომ, მარიუპოლის გმირმა დამცველებმა 11 მარტიდან, რაც ქალაქი ალყაში აღმოჩნდა, თავისკენ მიიზიდეს და ბრძოლებით შებოჭეს რუსეთის არმიის 10 ათასზე მეტი რიცხოვნობის დაჯგუფება ანუ ათზე მეტი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი, რითაც უთუოდ მნიშვნელოვნად შეანელეს უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციის ტემპები.

პუტინის სიტყვები როდის დაიჯერებოდა, ეხლა რომ ვინმემ ყური უგდოს - თუ კატაკომბებში არ ჩაჰყვებიან, „აზოვსტალის“ გამანადგურებელ საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებს რუსეთი მაინც გააგრძელებს, შეიძლება ბევრად უფრო ინტენსიურად და უფრო გამანადგურებელი იარაღით - მოცულობით აფეთქებადი (ანუ ე.წ. ვაკუუმური) და ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბებით, მიწისქვეშა სათავსოებში მომწამვლელი აირის შეშვების ჩათვლითაც კი, და ამასთან, დაელოდება, როდის გაუთავდებათ უკრაინელ მებრძოლებს სასმელი წყლისა და საკვების მარაგი.