ვინ მოხვდა ამერიკის იმ 29 მოქალაქეს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ - კვირის პალიტრა

ვინ მოხვდა ამერიკის იმ 29 მოქალაქეს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ

რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის იმ მოქალაქეების სია გააფართოვა, რომელთაც რუსეთში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ ჩამონათვალში შევიდა 29 ამერიკელი „უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, ბიზნესმენი, ექსპერტი და ჟურნალისტი, რომლებიც რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

კერძოდ, სიაში არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რონალდ კლაინი, Bank of America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან მოინიჰანი, Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი, სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ხელმძღვანელები და ინგლისურენოვანი Meduza-ს მთავარი რედაქტორი, კევინ როტროკი.

გარდა ამისა, "მუდმივად მზარდი ანტირუსული სანქციების“ საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "სტოპ სიაში“ კანადის 61 მოქალაქე შეიყვანა.

The Insider-ის ინფორმაციით, 20 აპრილს რუსეთმა უკრაინიდან 31 საზოგადო მოღვაწის შესვლა 50 წლით აკრძალა. სიაში მოხვდნენ ჯგუფ "Okean Elzy“-ის ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, მომღერალი სვეტლანა ლობოდა, ჯგუფი „ნერვი-ს“ ლიდერი, ჟენია მილკოვსკი, შოუმენი ანდრეი დანილკო (იგივე ვერკა სერდიუჩკა), მომღერალი დიმიტრი მონატიკი და გადაცემა “Орел и Решка”-ს წამყვანები და პროდიუსერები.

"ინტერპრესნიუსი"