რუსეთის ქალაქ ტვერში თავდაცვის კვლევით ინსტიტუტში ხანძრის გამო ექვსი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

რუსეთის ქალაქ ტვერში თავდაცვის კვლევით ინსტიტუტში ხანძრის გამო ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ტვერში თავდაცვის კვლევით ინსტიტუტში ხანძრის გაჩენის შემდეგ ექვსი ადამიანი დაიღუპა, - აღნიშნულ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ხანძარი ქალაქ ტვერის ცენტრში მდებარე საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის შენობაში გაჩნდა.

რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალების, TASS-ის ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულის ერთ-ერთ ოფისში გაჩნდა.

"სანამ მეხანძრეებმა ხალხი შენობიდან გამოიყვანეს, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მოიცვა ოთხიდან ზედა სამი სართული. ხანძრის ჩაქრობას შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურა და ძალიან ძლიერი კვამლი ართულებდა. ხანძრის ფართობმა, რომელსაც სირთულის მესამე დონე მიენიჭა, დაახლოებით 2,5 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ცეცხლის ჩაქრობაში 240-ზე მეტი ადამიანი და 69 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა“, - აღნიშნულია TASS-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო დაწესებულების პერსონალიდან 30-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ამასთან, 10-ზე მეტი ადამიანის ბედი, წყაროს ცნობით, უცნობია. ისინი, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ინსტიტუტის შენობაში, რომელიც ხანძრის გამო ნაწილობრივ ჩამოინგრა.

TASS-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი „ელექტრო ქსელის ავარია გახდა - შენობა და მასში არსებული ელექტროგაყვანილობა ძველი იყო“.

"ინტერპრესნიუსი"