"უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ?

უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის - დღეს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს.

"დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს, მხოლოდ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება. დღეს, მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე, ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის, ყველა ვხედავთ რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიას და აგრესორს.

უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან ამერიკის მიერ გამოცხადებული სოლიდარობა, ევროკავშირისა და ამერიკის ქვეყნებს შორის უპრეცედენტო ერთიანობა უკრაინის და უკრაინელების მხარდასაჭერად.

საქართველოს კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა. დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატოს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა. და ბოლოს, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს და გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე შემდეგი 30 წლისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"