ბავშვებში რესპირატორული ვირუსი გააქტიურდა - აღნიშნული დიაგნოზით მხოლოდ იაშვილის საავადმყოფოში 78 ბავშვი მოთავსდა - კვირის პალიტრა

ბავშვებში რესპირატორული ვირუსი გააქტიურდა - აღნიშნული დიაგნოზით მხოლოდ იაშვილის საავადმყოფოში 78 ბავშვი მოთავსდა

2 წლამდე ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გააქტიურდა. აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 78 ბავშვი მოთავსდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გააქტიურება ყველაზე არასასურველია, რაც ამ პანდემიას მოჰყვა. ვირუსს ახასიათებს ბრონქების ანთება, შეტევითი ხასიათის ხველა, სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, სახის ფერის ცვლილება, შესაძლოა, ბავშვებს ტუჩის არეში ლურჯი შეფერილობა აღენიშნებოდეთ. ამ და სხვა სიმპტომების შემთხვევაში ბავშვი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

„რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი რესპირაციული ვირუსების განსაკუთრებული სახეა, რომელიც ძირითადად წვრილ ბრონქიოლებს აზიანებს. ეს დაავადება ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, ბრონქიოლიტი ჰქვია და პოტენციურად საშიში დაავადებაა. ეს ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, სახის ფერის შეცვლით, შესაძლოა, ბავშვს ტუჩის არეში ლურჯი ფერი ჰქონდეს. ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად. ამ ტერმინს მაშინ ვიყენებთ, როდესაც დედა ხედავს, რომ შვილის სუნთქვის დროს მთელი გულ-მკერდი მონაწილეობს. ჩვეულებრივ, ბავშვებში ვერ ხედავთ როგორ სუნთქავს ბავშვი, სუნთქვა ზედაპირულია, სუნთქვისთვის ძალა არ არის გამოყენებული. თუ ვითარდება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ბავშვს ძალიან უჭირს სუნთქვა. თუ ბავშვს გახშირებული, გაღრმავებული, ხმაურიანი სუნთქვა აქვს და გულ-მკერდის ჩადრეკვას ხედავთ, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობას, დაუყოვნებლივ მიიყვანეთ ბავშვი საავადმყოფოში. ეს უკვე სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანების მაჩვენებელია. სავალდებულო არ არის მაღალი ტემპერატურა იყოს, როგორც წესი ეს ვირუსი 2-3 დღიანი პერიოდით იწყება, როდესაც ბავშვს ცხვირიდან გამონადენი აქვს. შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურა და ხველა, შემდეგ კი უეცრად ვითარდება შეტევითი ხასიათის ხველა, ეს ხველა გრძელდება რამდენიმე წუთი, პაუზის გარეშე, ეს შესაძლოა, რამდენჯერმე განვითარდეს.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გააქტიურება ყველაზე არასასურველია, რაც ამ პანდემიას მოჰყვა. პირველი იანვრიდან დღემდე, მარტო ჩვენთან ჰოპიტალიზირებული და დიაგნოზირებულია 78 ბავშვი. ეს არ ნიშნავს, რომ მეტი ბავშვი არ არის. 78 ძალიან მაღალი ციფრია, 2021-2022 წლის სეზონზე ყველაზე მეტად აქტიური ვირუსია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი.

ბავშვების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მათ სჭირდებათ ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, ინტრავენური გადასხმა, ვინაიდან სუნთვის გაძნელების ხარჯზე სითხეს კარგავენ. ეს არ ნიშნავს, რომ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ნიშნების არსებობის დროს ბავშვი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს კლინიკაში გადაყვანილი“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.