"ადამიანის ცხოვრება ბევრჯერ იცვლება, ბევრჯერ ხდები სხვანაირი..." - კვირის პალიტრა

"ადამიანის ცხოვრება ბევრჯერ იცვლება, ბევრჯერ ხდები სხვანაირი..."

სახელი, გვარი: თეიმურაზ (თემო) საჯაია.

ასაკი: 33 წლის.

განათლება: დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი, სწავლობდა კონსერვატორიაში.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "საღამოს პოსტის" წამყვანი, თბილისის მერიის ბიგ ბენდის სოლისტი.

ჰობი: ნადირობა, ცხენოსნობა.

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- საკუთარ თავს - ადამიანს, თავისი ცოდვებით, სიკეთით, სიცუდით, როგორც ყველა...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნიშნით ვაფასებდი. მაგალითად, 20 წლის ასაკში ადამიანი ისეთი მაქსიმალისტი ხარ, რომ იდეალისტური იდეები გამოძრავებს. როცა ასაკი გემატება, ხვდები, არანაირი შეფასება საჭირო არ არის - ადამიანში მთავარი ერთგულება და ყოვლისმომცველი სიკეთეა. აქ ნაგულისხმებია ქრისტიანობაც, პატრიოტიზმიც... ერთადერთი, რაც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ იცვლება, ღირებულებებია: სიკეთე, ერთგულება, მეგობრობა...

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ეპიზოდი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა?

- მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრება ერთი ეპიზოდით არ იცვლება. ჩემი ცხოვრებაც ბევრი ეპიზოდით შეიცვალა. ერთ-ერთი იყო, როცა დედა გარდაიცვალა, შემდეგ - როცა მე და მარიტა დავქორწინდით, მერე - ჩემი შვილი გაჩნდა... ეს ყველაფერი 2-3 წელიწადში მოხდა. ადამიანის ცხოვრება ბევრჯერ იცვლება, ბევრჯერ ხდები სხვანაირი...

- როგორ ფიქრობთ, უკეთესი ტელეწამყვანი ხართ თუ მუსიკოსი?

- რა თქმა უნდა, უკეთესი მუსიკოსი ვარ, რადგან ჩემი ერთადერთი და ყველაზე ნამდვილი პროფესია ეს არის. ტელეწამყვანობას რაც შეეხება, საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალური ტელეწამყვანი ვარ (იღიმის).

- ნადირობის პროცესში სიამოვნებას რა განიჭებთ?

- ნადირობა ჩვენი ძველი, ოჯახური ტრადიციაა. არ შეიძლება, ეს ისე განვიხილოთ, რომ სადღაც მიდიხარ და ხოცავ... ნადირობა საერთოდ, სხვა რაღაცაა: ურთიერთობა, იარაღი (სანადირო), ძაღლი (ინგლისური სეტერი მყავს, სახელად ბონო, U2-ს სოლისტის პატივსაცემად), ძალიან მიყვარს... ყველა წესიერი მონადირე, ვინც ბრაკონიერი არ არის, ბუნებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. გარემოს არ ანაგვიანებს... პირადად მე, ტყეში თუ მინდორში, ნაგავს არ ვტოვებ, პირიქით - სხვის მიერ დატოვებულს თუ ვნახავ, მომაქვს. თუ 1 სეზონის განმავლობაში რამდენიმე მწყერი მოვკალი, ნადირობა ამის გამო კი არ მიყვარს? უფრო პირადი ურთიერთობები მომწონს, როცა ადამიანები ერთად მივდივართ, ბუნებაზე ვსაუბრობთ, ახალ-ახალ ადგილებს აღმოვაჩენთ... ძირითადი "ამბავი" ესაა, თორემ თუ ის "გევასება", რომ მწყერი მოინადირო, წახვალ და უბრალოდ, მწყერს იყიდი.

- უბრალოდ, სასეირნოდ რომ წახვიდეთ და ბუნების მშვენიერ ქმნილებას სიცოცხლე არ წაართვათ?

- ვიღაცას ფერმა რომ აქვს, ქათამს კლავს და საკვებად ყიდის, ის არ ართმევს სიცოცხლეს? თუნდაც, სწრაფი კვების ობიექტში ვიღაც ბურგერს რომ ჭამს, ის ბურგერი ხორცისგან არის მომზადებული, არა? ფერმაში დამწყვდეული ღორების დახოცვა უფრო ჰუმანური რატომ არის, ვიდრე ის, რომ 2-3 მწყერი მოვკლა (რომელიც მაგალითად, ხორბალს ანადგურებს) ან ვერც მოვკლა?.. ხანდახან უბრალოდ, სასეირნოდ მივდივარ, რადგან არც არაფერი მხვდება და ვერც ვერაფერს ვკლავ...

- ცხენოსნობაზე რას გვეტყვით?

- იპოდრომის სპორტსკოლა მაქვს დამთავრებული - ცხენოსანი ვარ. უბრალოდ, სიმაღლეში გავიზარდე და ჟოკეი ვერ გამოვედი. ცხენოსნობა ჩემი ჰობია, პროფესიულ დონემდე (ცხენების სელექცია, ჯიშები...). სხვათა შორის, "ფეისბუკზე" არსებული მძლავრი გვერდი - "ცხენების მოყვარულთა კლუბი" - ჩემია.

- ვინ არის თქვენი მესაიდუმლე?

- ჩემი ცოლი არის ჩემი მესაიდუმლეც, საუკეთესო მეგობარიც და რაც მთავარია, უახლოესი, ყველაზე საყვარელი ადამიანი. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით. არ არსებობს საიდუმლო, რაც მარიტასგან დამალული მაქვს.

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ და ვხედავ ჩემს შვილს, რომელსაც ჯერ ისევ სძინავს და როგორც კი გაიღვიძებს, გამიცინებს და ჩემს მეუღლეს. ამაზე მეტი მიღწევა ის იქნება, რომ მეორე, მესამე შვილი მეყოლება - ღმერთი როგორც ინებებს, თორემ სოლო კონცერტს "ბლექ სი არენაზე" გავმართავ თუ უემბლის სტადიონზე, დამიჯერეთ, შედარებით ნაკლებ მიღწევად ჩავთვლი (იცინის).

- ბოლოს რომელი ფილმი ნახეთ?

- დაახლოებით 6-7 თვეა, არანაირი ფილმი არ მინახავს, რადგან რაც ბავშვი იზრდება, არაფრის ყურების საშუალება არ მაქვს (იცინის)... თუ არ ვცდები, ბოლოს Don’t look up ვნახე...

- რომელი დღესასწაული გიყვართ ყველაზე მეტად?

- შობა ყველაზე დიდებული დღესასწაულია. აღდგომაც ძალიან მიყვარს.

- კერძებს კარგად ამზადებთ?

- ისე - ვერა, როგორც "მასტერშეფში" ამზადებენ, მაგრამ "სამეგობრო სამზარეულოში", ხორციანი კერძების მომზადებაში მაგარი ვარ.

- ყველაზე ხშირად რის მომზადებას გთხოვენ მეგობრები?

- ჩაქაფულის, მწვადის, საცივის. ნამდვილ გურულ საცივს უმაღლეს დონეზე ვამზადებ.

- თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- ის ადამიანი, ვისაც ის "უტყდება", რაც მას არ აურჩევია: საკუთარი ქალაქი, ქუჩა, მშობლები, გვარ-სახელი... მაგალითად, ვიღაცას "უტყდება", რომ თბილისელი არაა ან ცენტრალურ უბანში არ ცხოვრობს და ამის გამო, რაღაცებს "ნამეტანი ინდომებს".

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- საერთოდ, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე წიგნს ვკითხულობ. ბოლოს ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" წავიკითხე, ასევე - 1832 წლის აჯანყების შესახებ ისტორიული კვლევები. ამჟამად, უკვე მეორედ ვკითხულობ "ულისეს". არის წიგნები, რასაც ვუბრუნდები და ხელახლა ვკითხულობ.

- დღე-ღამის განმავლობაში რამდენი საათი გძინავთ?

- ძალიან ცოტა ხანი, 5-6 საათი მძინავს, რადგან 9 თვის ბავშვი მყავს: ბედნიერად გამოუძინებელი ვარ (იცინის)...

- თქვენს უარყოფითი თვისებად, მავნე ჩვევად რას მიიჩნევთ?

- სიგარეტს ვეწევი და მთელი ჩემი არსით ვცდილობ, ეს ჩვევა "განვაგდო", თავი დავანებო. ალბათ, ჩემთვის ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა. თუ ვინმე ჩემგან რჩევას მიიღებს, ვეტყვი: მოწევა ძალიან ცუდია და ეცადეთ, დასძლიოთ... უარყოფით თვისებას რაც შეეხება, მგონი, ყველაფერი უარყოფითი მაქვს, მაგალითად - გურული ვარ და შემიძლია, რაღაცაზე უაზროდ ავფეთქდე, გავბრაზდე, ჯაჯღანი დავიწყო. გურულებისთვის დამახასიათებელი ჭეშმარიტი ტემპერამენტი მაქვს (იღიმის).

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- სიმართლე გითხრათ, არანაირი თვისება არ მეამაყება. მგონია, რომ ეს უხერხულია...

- იქნებ, შრომისმოყვარეობა?

- მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, შრომისმოყვარეობას მოკლებული არასოდეს ვყოფილვარ, მაინც მგონია, რომ საკმარისი არ არის. მეტი რესურსი მქონდა, ვიდრე გამოვიყენე, ქრისტეს ასაკში... მეგობრების, ოჯახის, საყვარელი ადამიანების ერთგული ვარ. მათთვის არასოდეს მიღალატია - შემიძლია, ხატზე დავიფიცო, მაგრამ ეს საამაყო კი არაა, ასეც უნდა იყოს.

- მეგობრები ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?

- თავისუფალი დროის უქონლობას, რადგან მათთვის ხშირად ვერ ვიცლი.

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- რთული საკითხია. ალბათ, ყველა ადამიანს რაღაც მისია აქვს, მათ შორის - მეც. ეგ რომ ვიცოდე, რა სარგებლობის მოტანა შემიძლია, ჩემი საქმე (მუსიკის გარდა) რა არის, კარგი იქნებოდა... არ ვიცი, რა სარგებლობის მოტანა შემიძლია და ალბათ, ცხოვრების აზრიც ამაშია, რომ მერე, ბოლოს გაიგებ ადამიანი ან ვერ გაიგებ და როცა აღარ იქნები, ვიღაც იტყვის, რა სარგებლობაც მოუტანე სამყაროს, ქვეყანას, ქალაქს თუ ოჯახს...

- ბოლოს მომხდარმა რომელმა ფაქტმა მიიქცია თქვენი ყურადღება?

- მგონი, ახლა ასეთი ფაქტი ყველა ადამიანისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომია. ეს საშინელებაა. ყურადღებაც მიიქცია, შემძრა... საკუთარი უსუსურობა მაშინებს, მაოგნებს და ცუდად მხდის, რადგან პატარა ერის შვილს არაფრის გაკეთება არ შემიძლია დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ახლა დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება, სადაც უამრავი ბავშვი, მოხუცი და ახალგაზრდა იხოცება. ამ ყველაფერს საზღვარი არ აქვს, რადგან ერთი ტვინგადაღრძუებული და გადაბოროტებული, პოსტსაბჭოთა მენტალობაში ჩარჩენილი კაცი ამას აკეთებს და სამწუხაროდ, დედამიწაზე არავინაა ისეთი, ვინც რეალურად, ხელს უშლის, თორემ მესმის, შეიძლება სანქციებით 2-3 წელიწადში რუსეთი დასუსტდეს. ცუდი ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში, ერის გენოციდი ხდება და შეიძლება, უკრაინელი ერი გაქრეს, უკრაინელები ლტოლვილებად იქცნენ... ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 1991-92 წლიდან გამოვიარეთ და დღემდე გრძელდება, რადგან რუსეთთან არც კონფრონტაცია შეგვიწყვეტია და არც - ომი: როცა ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვეულებრივად, ომში ხარ. დღეს რომ ერთმანეთს იარაღს არ ვესვრით, არ ნიშნავს, რომ ომი არ გვაქვს. ეს საკითხი ყველა ადამიანს უნდა აშფოთებდეს და აფიქრებდეს.

- რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს თქვენს თითოეულ ნაბიჯს?

- დათა თუთაშხიას ძალიან ცნობილი პოსტულატი, რომელიც ყველასთვის გასათვალისწინებელი რამეა: "შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ქვეყნის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!"

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"