"ძნელი ასახსნელია ის მდგომარეობა, რომელშიც მოულოდნელად აღმოვჩნდი" - კვირის პალიტრა

"ძნელი ასახსნელია ის მდგომარეობა, რომელშიც მოულოდნელად აღმოვჩნდი"

რატომ გაურბის დედაზე საუბარს ანი კეკუა

"ამ სამყაროში უკვე აღარაფერი მაკვირვებს. არ მსიამოვნებს ადამიანებს შორის ურთიერთობები რომ გაცივდა, ეს მაშინებს კიდეც", - ამბობს მომღერალი ანი კეკუა. როგორ მოხვდა პროექტში "მიმღერე", რა ხდება ამ პროექტის კულისებში, ჰყავს თუ არა ფავორიტი ოჯახი, რისი ეშინია, რას ამბობს შემოქმედებით პაუზაზე და როგორ იხსენებს იმ დღეს, როცა დედა გახდა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1990 წლის 16 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი ან მსახიობი. ადრეული ასაკიდანვე დავდიოდი სტუდიებში, 3 წლიდან სცენაზე ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მხიარული და პოზიტიურიაო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მეტს ვიმღერებდი, ამ მხრივ განვითარებას დიდ დროს დავუთმობდი, მეტ ყურადღებას მივაქცევდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ალბათ 3 წლის ასაკში, როდესაც დიდ სცენაზე გავედი. ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ კონცერტებზე გამოვდიოდი, ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი. ის აურა, მაყურებლისგან მიღებული ემოციები იყო დაუვიწყარი, თუმცა ამას მაშინ დიდად ვერც ვაცნობიერებდი. შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა წარმატებები. პროფესიის მიღმა წარმატებაზე თუ ვისაუბრებ, ეს უდავოდ ის დღე იყო, როცა ჩემი შვილი დაიბადა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...პედაგოგებს და ოჯახის წევრებს. მშობლები, ბებიები, მამიდა - ყველანი აქტიურად იყვნენ ჩართულები, საკონცერტო კაბებს მიკერავდნენ და ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დედა ჩემზე მეტად მოტივირებული იყო, ენერგიას არ იშურებდა, ბევრ წრეზე მატარებდა.

- შემოქმედებითი პაუზა...

- ...წლების განმავლობაში გამიგრძელდა. არც ხასიათი მქონდა, არც რესურსი. დედა გარდამეცვალა, ძნელი ასახსნელია სიტყვებით მდგომარეობა, რომელშიც მოულოდნელად აღმოვჩნდი. დრო დამჭირდა, აზრზე რომ მოვსულიყავი, შემდეგ ჩემი შვილი დაიბადა, 2 სამსახურში ვმუშაობდი და... როცა სცენაზე დგახარ და შენი საქმე ძალიან გიყვარს, მერე კი ამ ყველაფერს შორდები, ძალიან გაკლდება ის ემოცია და ენერგეტიკა, რომელიც მსმენელსა და მომღერალს შორის იცვლება ხოლმე. ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ხდება, მე მრავალფეროვნების მომხრე ვარ.

- პროექტში "მიმღერე"...

- ...მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი. აჩიკო ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ახალი სატელევიზიო პროექტი იწყებოდა. ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ, ნათელ-მირონი გვაკავშირებს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობდით. აჩიკოს ოჯახის მომღერალი წევრი არ ჰყავს და რადგან ამ პროექტში მხოლოდ ოჯახის წევრები გამოდიოდნენ, შემომთავაზა, ერთად ხომ არ ვიმღეროთო? დავთანხმდი. შემდეგ ორგანიზატორებს გავესაუბრე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ პროექტის მონაწილე გახლავართ. ძალიან კარგი, თბილი პროექტი გამოვიდა - ისეთი, ტელესივრცეს ძალიან რომ აკლდა. რაც მთავარია, ქართული სიმღერის პოპულარიზაცია ხდება.

- სცენის მიღმა, კულისებში...

- ...ერთმანეთთან კიდევ უფრო თბილი ურთიერთობა გვაქვს. ამ პროექტში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთთან ვმეგობრობთ, გადაღებების შემდეგ ხშირად ვინაცვლებთ ერთმანეთის სახლებში და იქ არანაკლებ საინტერესო საღამოები გვაქვს. ერთ დიდ ოჯახად გადავიქეცით.

- ფავორიტი ოჯახი...

- ...გულწრფელად გეტყვი, რომ არ მყავს. ყველა ოჯახს თავისი ხიბლი და პეწი აქვს, ყველა თავისებურად საყვარელი და საინტერესოა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი, მაქვს ნიჭი ემოციების გამოხატვის, რომ ჯანმრთელი ვარ, ძალიან კარგი დედა მყავდა... დედაზე ლაპარაკს სულ გავურბივარ, ძალიან მიჭირს. ახალგაზრდა, ხალისიანი, ენერგიული, ჩემზე კარგ ფორმაში მყოფი, ულამაზესი ადამიანი იყო. ამ ტკივილის ტარება რთულია, ეს დაღი მთელი სიცოცხლე მექნება, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...სიმღერის, მაშინაც - კი, როცა ძალიან ცუდად ვარ, ამ დროს სიმღერა ყველაზე მეტად მშველის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ოპტიმიზმი, შემართება, შრომისმოყვარეობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...არაპუნქტუალურობა, მაგრამ ეს საქმეში არ მჩვევია. ყველა სხვა ადგილზე მისვლისას, ვაგვიანებ. ცოტათი ჯიუტიც ვარ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ, ყველა შეცდომა გამოცდილებად ვაქციე. ვისწავლე, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღო, ბევრი ფიქრი საჭირო არ არის.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, რომ ადამიანს დანაშაული გააზრებული აქვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვერაფერს ვფიქრობ.

- ვიბნევი...

- ...როცა ადამიანი აბსურდს მიმტკიცებს და აღარ ვიცი, რით დავუმტკიცო, რომ ცდება.

- ვნანობ...…

- ...ბევრ რამეს. შეიძლებოდა ზოგიერთი რამ უკეთესად გამეკეთებინა. არასწორ გადაწყვეტილებებსაც ვნანობ, მაგრამ ესაა ცხოვრება. ვნანობ, რომ ზოგჯერ ხისტი და პირდაპირი ვარ, ეს უმეტესად ოჯახის წევრებთან მემართება, გეგონება ცივი გული აქვსო, არადა, ასე არაა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...…

- ...კუბაზე. ეს ადგილი ამოჩემებული მაქვს. მინდა ვიყო ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად, როგორც ადრე ვიყავით.

- ჩემი ჰობია...

- ...ცურვა და თხილამურებით სრიალი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...…

- ...ადვილი არ არის. ეს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას შეიძლება დამემართოს. მაგალითად, საკითხზე, რომელზეც ნაფიქრი მაქვს, მიმითითებენ, ეს ახლა ასე უნდა გააკეთოო, - ამას წონასწორობიდან გამოვყავარ.

- სიყვარული ეს...

- ...ძალიან რთული ასახსნელია. ალბათ ემოციაა, რაც ურთიერთობის დროს გრჩება. დამოკიდებულება და მოთხოვნილებაა იმისა, რომ ყველაფერი იმ ადამიანთან ერთად გააკეთო.…

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...იმ გრძნობას საერთოდ არ გამოვხატავდი. პირველ ნაბიჯს ყოველთვის ბიჭისგან ველოდი, თავად ურთიერთობაში ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა. ბიჭების ხასიათიდან გამომდინარე ვფიქრობ, ასე უნდა იყოს. ნაბიჯის გადადგმის ინიციატივა კაცმა უნდა აიღოს.

- მაკვირვებს...

- ...ამ სამყაროში უკვე აღარაფერი. არ მსიამოვნებს ადამიანებს შორის ურთიერთობები რომ გაცივდა, ეს მაშინებს კიდეც.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს კარგ მუსიკას და ჩემს შვილს შეუძლია. როცა ის კარგ ხასიათზეა, უბედნიერესი ვარ.

- პირველი შეხვედრა შვილთან...

- ...იყო ემოციით სავსე. ერთი ფოტო მაქვს, რომელიც არავის უნახავს; ლუკა რომ დაიბადა, ახლობელმა გადაუღო, რომელიც მშობიარობას დაესწრო. ადამიანის მოვლინება ხომ სასწაულია და რომ დაიბადა, ძალიან ნაბრძოლი ხომ იყო და გაოგნებული სახე ჰქონდა, სად, რომელ სამყაროში მოხვდა. მაშინ დავინტერესდი, ნეტავ რას ფიქრობს ადამიანი, როცა იბადება? როგორც კი გულზე დამასვეს, მეგონა, ამ სამყაროში წილად ყველაზე ლამაზი და კარგი ადამიანის დედობა მხვდა.

- ვრისკავ...

- ...ზომიერად, მაგრამ ყველა შესაძლო ვარიანტი გააზრებული და გათვლილი უნდა მქონდეს. კარგი ინტუიცია მაქვს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ის არის, რომ ადამიანებს ვენდობი. ამ ბოლო დროს, ამ მხრივ ცოტათი "გამოვსწორდი".

- ბოლოს ვიტირე...…

- ...ძალიან ხშირად ვტირი, კარგ ფილმსა და მუსიკაზე - ყველაზე ხშირად.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მიხარია.

- შიში მაქვს...

- ...მარტო ყოფნის. მარტოობა არ მიყვარს, ეს ჩემთვის კომფორტული მდგომარეობა არასდროს ყოფილა.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მხოლოდ წონის კორექციას მოვახდენდი, სხვა ყველაფერი მაკმაყოფილებს.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემი შვილის ფსიქიკას, ურთიერთობებს.

- ვიტყუები...

- ...არასდროს. რაც უნდა მწარე იყოს, სიმართლის თქმა მირჩევნია. როცა სხვა მატყუებს, ვუღიმი და თავს ვუქნევ; ვიცი, რომ მატყუებს, მაგრამ არაფერს ვეუბნები.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, როცა იცი, რა არის სწორი, რა - არასწორი და იმ სწორ გზას მიჰყვები. თავისუფლებაა როცა შენს თავთან კომფორტში ხარ, ღმერთთან - მართალი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ვიზრუნებდი ოჯახის წევრები, ახლობლები კარგად მყავდნენ. დავეხმარებოდი პატარებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. არც ერთ ბავშვს არანაირი დაავადება არ უნდა დაემართოს.

- მენატრება...

- ...დედა და ოჯახის ის წევრები, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ძალას ისევ ჩემს თავში ვპოულობ. ამ დროს ძალიან მშველის მუსიკა, მეგობრებთან ლაპარაკი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედა ხშირად მეუბნებოდა, ადამიანებს ისე არასდროს მოექცე, როგორ მოქცევასაც თავად არ ისურვებდიო. რაც უნდა მოხდეს, შენი საქმე უნდა გქონდეს, რომ ფეხზე მყარად იდგე და არავისზე დამოკიდებული არ გახდეო. მეუბნებოდა, იმედი არ დაკარგოო. პერიოდულად დედას სიტყვები სულ მახსენდება და ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ბოლო დროს მსმენელისგან ბევრ გზავნილს და დადებით ემოციას ვიღებ, სულ ვცდილობ, თავადაც იგივე ემოცია გავცე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის. ვეცადოთ დადებითი, პოზიტიური განწყობა გვქონდეს, არ შეგვეშინდეს ამ არეულ, რთულ სამყაროში. ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევს; მელოდია, მუსიკა გარანტიაა კარგი განწყობის, ამ განწყობას კი სამყაროსგან დადებითი ეტაპები მოაქვს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"