ყინული დაიძრა - "ომის ღმერთი" უკრაინაში "მიემგზავრება"... და იმედია, ჩაასწრებს - კვირის პალიტრა

ყინული დაიძრა - "ომის ღმერთი" უკრაინაში "მიემგზავრება"... და იმედია, ჩაასწრებს

ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები რომ თავისი ბიუროკრატიული „მუხრუჭებით“ არიან ცნობილნი, არ ახალი ამბავია, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ლოკოკინაც“ კი „ზაზუნასავით“ ცქვიტი გახდა და მანამდე წარმოუდგენელი სისწრაფით, რამდენიმე დღეშიც კი იღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რასაც სხვა დროს თვეები კი არა, შეიძლება, წლები დასჭირვებოდა.

და მიუხედავად ასეთი პოზიტიური ცვლილებებისა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მაინც ერთი-ორი კვირა დააგვიანეს უკრაინისთვის იმ კლასის შეიარაღების მისაწოდებლად, რომელსაც ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დონბასის სტეპებში, სადაც რუსეთმა უკრაინასთან ომის მეორე, ბლიცკრიგისგან განსხვავებული ტაქტიკით შეტევა წამოიწყო 18 აპრილიდან.

24 თებერვალს, უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებიდან შეჭრის დროს, კრემლის მიერ რუსეთის არმიის სარდლობისთვის დასახულ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდა ბლიცკრიგით - სწრაფი შეტევით უკრაინის დედაქალაქში - კიევში შეჭრა და უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალისმიერი გზით ჩანაცვლება პრორუსული მარიონეტებით.

ბლიცკრიგის ტაქტიკამ რუსულ საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს დათვური სამსახური გაუწია, რადგან უკრაინის ძირითად ავტომაგისტრალებზე სწრაფად მოძრავ რუსულ ჯავშანკოლონებს უკრაინელი მებრძოლები (როგორც რეგულარული არმიიდან, ისე - ტერიტორიული თავდაცვის ძალებიდან ანუ პარტიზანები) მოულოდნელ ჩასაფრებებს უწყობდნენ ტყის მასივებსა და ქარსაცავ ზოლებში, რომლის დროსაც წარმატებით იყენებდნენ შედარებით ახლო მანძილზე მოქმედ „ჯაველინის“ და „NLAW“-ის, ასევე, შორი მოქმედების სამამულო „სტუგნის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

ამ, ნახევრად პარტიზანული მოქმედებების ტაქტიკამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ფაზაში გაამართლა და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საგრძნობი, მტკივნეული დანაკარგები მიიღეს, როგორც ცოცხალი ძალის, ისე - საბრძოლო ტექნიკის მხრივ.

რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, მიხვდა რა თავის შეცდომებს, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებებიდან საერთოდ გამოიყვანა სამხედრო შენაერთები, შეავსო დანაკარგები და 85 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის საშუალებით ომის ახალი ფაზა წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთიდან დასავლეთით, შეტევის სახით.

აი, აქ კი უკრაინელების ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკა ისევე წარმატებული ვეღარ იქნება, როგორც ომის დასაწყისში, კიევის ჩრდილო-დასავლეთში ბრძოლებისას.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ დონბასში ტყეების სიმცირეა და სტეპები ჭარბობს, სადაც ასეთი ჩასაფრებები „ჯაველინებით“ უკვე პრობლემური ხდება და წინა პლანზე გამოდის ბევრად უფრო შორს მანძილზე მოქმედი შეირაღება, პირველ რიგში კი - „ომის ღმერთი“ - არტილერია...

რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები აღარ ჩქარობენ და რუსული ტანკები უკრაინის ავტომაგისტრალებზე ერთმანეთს სიჩქარეში აღარ ეჯიბრებიან - ყოველ ახალ რუსულ შეტევას კონკრეტულ მიმართულებაზე წინ უძღვის საფუძვლიანი საარტილერიო დამუშავება 20-40 კმ-ის სიშორიდან.

ორ კმ-ზე მფრენი „ჯაველინებით“ უკრაინელი მებრძოლები უკვე ბევრს ვერაფერს გახდებიან, მათ როგორც ჰაერი, ისე სჭირდებათ მსხვილკალიბრიანი და შორსმსროლელი არტილერია, მოწინააღმდეგესთან წარმატებული კონტრსაბატარეო ბრძოლის გასამართავად.

უკრაინის არმიას, რა თქმა უნდა, აქამდეც ჰქონდა შეიარაღებაში შორსმსროლელი არტილერია და ეხლაც იყენებს, მაგრამ ნებისმიერ ომში საბრძოლო მასალა - ჭურვები კატასტროფული სიჩქარით იხარჯება, ამასთან, არის საბრძოლო დანაკარგებიც, რასაც ვერავინ გაექცევა, საარტილერიო დანადგარების ლულების რესურსიც მალე იწურება ყოველდღიური ინტენსიური სროლების შედეგად და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავისი საარტილერიო შეიარაღების განახლება.

საბჭოთა სტანდარტის 152 მმ კალიბრის ჭურვებზე გათვლილი ჰაუბიცების იმედზე ყოფნა არ ღირს, რადგან ამ კალიბრის ჭურვების მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურულია და მათ მხოლოდ რუსეთი და, შეიძლება, ჩინეთი თუ აწარმოებენ, ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, საიდანაც გასაგებია, უკრაინა ვერ შეივსებს ამ ჭურვების მარაგს.

რჩება ყველაზე ლოგიკური გამოსავალი - ნატოს სტანდარტის 155 მმ კალიბრის ჭურვებზე გადასვლა, შესაბამისი კალიბრის ჰაუბიცების შეიარაღებაში მიღების პარალელურად.

და აი, 18 აპრილს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ფაზა წამოიწყო შორსმსროლელი არტილერიის ფართო გამოყენებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერებთან ერთად, ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის შორსმსროლელი არტილერიის მიწოდების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება მართლაც რევოლუციური გახლდათ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარებების ფონზე, რადგან, აქამდე, დასავლეთი თავს იკავებდა უკრაინელებისთვის შორსმოქმედი, შემტევითი შეიარაღების გადაცემაზე.

2-1650613892.jpg

„მ777“ ტიპის ჰაუბიცა 155 მმ კალიბრის 46 კგ-იან ჭურვს 24 კმ-ზე შორს ისვრის...

თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა უცნაურად გამოჩნდა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ თეთრი სახლის ტრიბუნიდან ამაყად დაანონსებული დახმარების მოცულობა - უკრაინის არმიას 155 მმ კალიბრის... 18 ჰაუბიცას გადავცემთო!

მარტო 18 მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარი ანუ ერთი დივიზიონი, შორეულ 1996 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა - ვარდიკო ნადიბაიძემ რუს კოლეგას - გრაჩოვს ანანურში ქეიფისას სადღეგრძელოებს შორის დასცინცლა და ასე გამოჩნდა ქართული არმიის შეიარაღებაში მსხვილკალიბრიანი „მსტა“, „გიაცინტი“ და თვით ატომური ჭურვების მსროლელი „პიონიც“ კი...

ერთი საარტილერიო დივიზიონის გადაცემა იმ უკრაინისთვის, რომელსაც 700 კმ-ზე საერთო სიგრძის ფრონტის ხაზი აქვს გამართული რუს აგრესორებთან, უბრალოდ, სასაცილოდ და სამარცხვინოდ დარჩებოდა...

საბედნიეროდ, ორიოდე დღეში პრეზიდენტმა ბაიდენმა ახალი ინიციატივა გააჟღერა და განაცხადა, რომ დამატებითი 800 მლნ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტში უკრაინას უახლოეს დღეებში რამდენიმე ასეულ დრონი-კამიკაძესთან ერთად გადაეცემა... 72 ერთეული 155 მმ კალიბრიანი ჰაუბიცა 140 ათას ჭურვთან და 72 საავტომობილო გამწევთან ერთადო...

ეს უკვე სულ სხვა საქმეა - თავდაპირველად გაჟღერებულ დახმარებას - 18 ჰაუბიცასა და 40 ათას ჭურვს თუკი დავუმატებთ 72 ჰაუბიცასა და 140 ათას ჭურვს, საერთო ჯამში, უკრაინელი არტილერისტები მიიღებენ 5 საჰაუბიცო დივიზიონს (ნატოს კლასიფიკაციით საარტილერიო ბატალიონს) 90 ჰაუბიცის შემადგენლობით და 180 ათასი ჭურვის მარაგით ანუ თითოეულ ჰაუბიცაზე 2 ათასი გასროლის შესაძლებლობით...

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინისთვის გადასაცემი ჰაუბიცები „მ777“ ტიპისაა, მაშინ რუსი აგრესორების არტილერიასა და, საერთოდ, შეტევებს, დიდი განსაცდელი ელოდებათ წინ.

155 მმ კალიბრის „მ777“ ტიპის ამერიკული ბუქსირებადი ჰაუბიცები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ საქართველოს საავტომობილო გზები არა ერთხელ გადაუკვეთიათ ფოთიდან ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებამდე (რომელი პროცესის მონაწილე ამ ბლოგის ავტორიც ყოფილა), სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში.

პერსპექტივაში, სწორედ ეს ჰაუბიცა შეიძლება მოიაზრებოდეს ქართული შორსმსროლელი საარტილერიო არსენალის გადასაირაღებლადაც - ის შედარებით მსუბუქია (შეიძლება შვეულმფრენით ტრანსპორტირებაც), ადვილად ბუქსირებადია და 39 კალიბრის (5,08 მ სიგრძის) ლულიდან პირველ ორ წუთში 5 გასროლას ასწრებს, შემდეგ წუთებში კი - 2-2 გასროლას, მაქსიმალურ 24,7 კმ სიშორეზე, თუმცა „ექსკალიბურის“ მართვადი ჭურვის მიზანში ზუსტად მორტყმა მაქსიმალურ 40 კმ-შიც კი შეუძლია.

მაგრამ ბუქსირებადი ჰაუბიცების მთავარი ნაკლი ის გახლავთ, რომ თანამედროვე ომებში მოწინააღმდეგეს რადილოკაციური დაზვერვის საშუალებებით, ერთ-ორ წუთში შეუძლია შენი საარტილერიო დანადგარების საცეცხლე პოზიციების ზუსტი კოორდინატების დადგენა და საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა.

გასროლების შემდეგ, სანამ ჰაუბიცას საბრძოლო მდგომარეობიდან სატრანსპორტოში გადაიყვან, ჩაუბავ გამწევს და საცეცხლე პოზიციას დატოვებ, ძვირფასი დრო იკარგება და შეიძლება მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო ცეცხლმა მოგისწროს...

ამიტომაც უპირატესობა მაინც თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს ენიჭება, თუმცა უკრაინელებს ამ მხრივაც გამოუჩნდათ პერსპექტივა - დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები სწორედ თვითმავალი საარტილერიო დანადგარების მიწოდებას აპირებენ, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

მანამდე კი მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა ბუქსირებადმა ჰაუბიცებმა, რაც შეიძლება მალე ჩააღწიონ უკრაინაში (სავარაუდოდ, თავიდან უკრაინის არმიას ეს ჰაუბიცები და ჭურვები ამერიკული არმიის გერმანიის საწყობებიდან მიეწოდება), მისი გამოყენება დროულად შეისწავლონ უკრაინელმა არტილერისტებმა (ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან საბჭოთადროინდელი „გიაცინტ-ბ“-სა და „მსტა-ბ“-ს კარგ მსროლელს არ გაუჭირდება ამერიკული, მაგრამ იმავე კლასის ჰაუბიცის სწრაფი ათვისება) და ფრონტის ხაზზე მათი ფართო საბრძოლო გამოყენება დაიწყონ...