"სიფრთხილე შიშს და ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩვენი ხალხი გმირი ხალხია..." - კვირის პალიტრა

"სიფრთხილე შიშს და ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩვენი ხალხი გმირი ხალხია..."

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე:

"ქართული სახელმწიფო რა ფორმაშიც არის, ისიც მიღწევაა იმ საშინაო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ტექტონური ძვრების გათვალისწინებით, რაც 21-ე საუკუნეში ხდება.

ქართული საზოგადოების „უფორმობა“ გამოწვეულია პოლიტიკური პროცესის პროფანაციით, შიგადაშიგ კოლაფსით. ამას სათავე სააკაშვილის ხელისუფლების მართვის ავტოკრატიულმა შინაარსმა და სტილმა დაუდო და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსმა პიედესტალზე და იგავმიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანა.

რა ფორმაში უნდა იყოს საზოგადოება, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, ვისაც უფრო დიდი ქისა აქვს და კარგად იხდის, პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმისადმია მორჩილი და უსიტყვოდ მისდევს მითითებულ მიმართულებას. აქა-იქ რომ წამოიკნავლებენ ან შეძახილებით გვართობენ ცალკეული პოპულისტები, ისინი საარჩევნო ურნამდე ძლივს მიდიან და თავის მისიასაც იქვე ასრულებენ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილის და სხვათა პოზიციას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ფრთხილ და მოზომილ მიდგომას და ნაბიჯებს უჭერს მხარს ქართული საზოგადოების უმეტესობა და ამ შემთხვევაში მთავრობის, ხელისუფლების და ხალხის უმრავლესობის პოზიცია თანხვედრაშია.

საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ უნდა გვემოქმედა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და ესეც უნდა აღინიშნოს, შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულების ბენეფიტიც და პასუხისმგებლობაც მასზეა.

ერთიც ყველამ უნდა კარგად გაიაზროს - სიფრთხილე შიშს და ლაჩრობას არ ნიშნავს. ჩვენი ხალხი გმირი ხალხია და არაერთხელ დაადასტურა ძველ დროშიც და ახლაც, რომ სამშობლოსთვის ბრძოლაც შეუძლია და თავდადებაც. ამასვე ადასტურებენ და ცხადყოფენ ის გმირი, ვაჟკაცი მეომრები, რომლებიც უკრაინაში უკრაინელების გვერდით იბრძვიან.

ამიტომ, არ შეიძლება გარკვეული სიფრთხილის გამო, არც მთავრობას ვუსაყვედუროთ და არც ქართულ საზოგადოებას. ამ პოზიციასაც აქვს თავისი არგუმენტები და საკმაოდ წონადი. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ბრძოლა შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში უკანაც არ დავიხევთ.

ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც წაგებულ ომებში დაცემულ გმირებს უფრო დიდ პატივს მივაგებთ, ვიდრე გამარჯვებული ბრძოლების შემოქმედთ. ჩვენთვის კრწანისი და მარაბდა უფრო ფასეულიც კია, ვიდრე დიდგორი, შამქორი და ბასიანი. თუმცა, ამჯერად საზოგადოებამ თავშეკავება და სიფრთხილე არჩია და აქ ვინც სტრატეგიული პარტნიორების ღალატს ხედავს, ცდება".

ჩვენ გაცილებით მეტს ვაკეთებთ უკრაინელი ხალხის და უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერად, ვიდრე იმავე უკრაინამ გააკეთა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში.

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა: წაიკითხე ინტერვიუ სრულად