"ფეხმძიმობის გამო ამაში ვერ ვმონაწილეობდი. ორნი იყვნენ, დამხმარე არ ჰყოლიათ და არა იმიტომ, რომ ვერავის ვიპოვიდით... - კვირის პალიტრა

"ფეხმძიმობის გამო ამაში ვერ ვმონაწილეობდი. ორნი იყვნენ, დამხმარე არ ჰყოლიათ და არა იმიტომ, რომ ვერავის ვიპოვიდით...

გვინდოდა, კოტეჯს კომერციული დატვირთვა ჰქონოდა და გაწეულ შრომას ფინანსური შედეგიც მოეტანა, რაც რაჭაში დარჩენის უპირობო გარანტიაა. თან ნაგებობა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ დარჩენაც შეგვძლებოდა. ასეც გამოვიდა. მერე ავაშენეთ მეორე კოტეჯი, მესამე და ახლა მეოთხე გვაქვს დაწყებული

ტყუპი დის ამბავს უნდა მოგიყვეთ, რომლებსაც კარგი იდეა გაუჩნდათ, ირწმუნეს საკუთარი თავის და იდეის ხორცშესხმას ენერგიულად შეუდგნენ. თამარ და მირანდუხტ დავითულიანები რაჭაში დაიბადნენ. დედაქალაქში განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ, სწავლის დასრულების შემდეგ კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში დიდი გეგმებით დაბრუნდნენ. თამარი არქიტექტორ-დიზაინერია, მისი ტყუპისცალი - სოციოლოგი. მამამ შვილებს წლების წინ სოფელში მიწის ნაკვეთი აჩუქა, სოფელში დაბრუნებული დების მთავარი მიზანი კი ამ ადგილის გაცოცხლება, ათვისება და იქ შესაბამისი გარემოს შექმნა გახდა.

თამარ დავითულიანი:

- რაჭიდან როცა მიდიხარ, საზოგადოდ, უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობ, რადგან გგონია, რომ აქაურობას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაბრუნების სურვილი. მამამ 5 ჰექტარი მიწა გვაჩუქა. აქ იყო ვენახი და მამას აშენებული ძველი სახლის კარკასი. ტყეში რომ გაუვალი ადგილებია, ზუსტად ასეთი ვითარება გახლდათ ამ ტერიტორიაზე. როცა ფინანსურად მყარად არ ხარ და არც სხვისგან გაქვს ზურგი, ძნელია საქმის დაწყება, მაგრამ დავიწყეთ. რაჭა ახალგაზრდებისგან თითქმის დაცლილია და თანდათან სულ ცარიელდება, ამიტომ აქაურებს ჩვენი გადაწყვეტილება უკვირდათ.

debi2-1650618078.jpg

- აგროტურისტული ზონის შექმნა გინდოდათ?

- დიახ. ჩვენი კოტეჯი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აქ ტურისტების მოზიდვა სცადა... ჩვენი წამოწყება პოპულარული გახდა, გარშემო ყველამ ირწმუნა, რომ თურმე რაჭაშიც შესაძლებელი ყოფილა რაღაცის დაწყება და განვითარება. ისეთი გარემოს შექმნა გვინდოდა, რომელიც დასახული ამოცანების შესრულებას შეძლებდა. გვერდით ჩემი მეუღლე ვაკო სუხაშვილი დამიდგა, რომელიც ასევე არქიტექტორ-დიზაინერია. თბილისელმა კაცმა, მაგრამ შემოქმედებითმა ადამიანმა საღად შეხედა ჩვენს სურვილს და დაიჯერა, რომ იდეის განხორციელებას შევძლებდით.

თავიდან ტერიტორიის გასუფთავება გადავწყვიტეთ. ამ დროს ძალიან დიდი ნებისყოფა და სურვილი უნდა გქონდეს, რადგან დიდი შრომა სჭირდება. სხვებისთვის ამის ყურება სასაცილო იყო. მოსახლეობა პერსპექტივას ვერ ხედავდა, ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს ჩვენი ძალით მოვერეოდით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ გამოგვივიდოდა.

- ძნელია, საქმეს ისე ზუსტად მიჰყვე, როგორც დაგეგმე. ალბათ, იყო წინააღმდეგობები.

- დაბრკოლებების გადალახვა და ჩანაფიქრის განხორციელება მართლაც რთულია. იმის დამტკიცებაც გვინდოდა, რომ რაჭაში წამოსვლა და ცხოვრება ყველასთვის შესაძლებელია. ერთმანეთს გვერდით დავუდექით და საქმეც ისე აეწყო, როგორც გვინდოდა, ამიტომ მალე დავრწმუნდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

debi4-1650618078.jpg

- როდის დაიწყეთ საქმიანობა?

- 2016 წლის ბოლოს. საკუთარი ხელით შენებას ცხრა თვე მოვუნდით. მაშინ დაიბადა ჩემი გოგონაც - ის ამ გარემოსთან ერთად გაჩნდა. ფეხმძიმობის დროსაც ვშრომობდი, არ ვჩერდებოდი. ჩემი გოგონა უკვე ხუთი წლის ხდება. სახლი ჩემმა ტყუპისცალმა და მეუღლემ გადახურეს, ფეხმძიმობის გამო ამაში ვერ ვმონაწილეობდი. ორნი იყვნენ, დამხმარე არ ჰყოლიათ და არა იმიტომ, რომ ვერავის ვიპოვიდით, არამედ გვინდოდა, ყველა დეტალი ჩვენი ხელით ყოფილიყო გაკეთებული. ისიც გვინდოდა, კოტეჯს კომერციული დატვირთვა ჰქონოდა და გაწეულ შრომას ფინანსური შედეგიც მოეტანა, რაც რაჭაში დარჩენის უპირობო გარანტიაა. თან ნაგებობა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ დარჩენაც შეგვძლებოდა. ასეც გამოვიდა. მერე ავაშენეთ მეორე კოტეჯი, მესამე და ახლა მეოთხე გვაქვს დაწყებული. განვითარება არ შეგვიჩერებია, რადგან მიღწეულს არასდროს უნდა დასჯერდე.

- მიწას და ვენახსაც უვლით?

- რა თქმა უნდა! ვენახი სამ ჰექტარზეა გაშენებული. გვაქვს ალექსანდროული და მუჯურეთული - ხვანჭკარის მასალა. ხვანჭკარასაც ვაყენებთ. გვაქვს ასევე ტერიტორია, სადაც სეზონზე აგროპროდუქტი მოგვყავს. ეზოში არის ხეხილი, როგორც რაჭას შეჰფერის: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყველანაირი ფერის ტყემალი...

შრომა სამივეს განაწილებული გვაქვს. რაღაც ეტაპზე კი გვინდა, სხვების დასაქმებაც შევძლოთ.

debi3-1650618078.jpg

აქ არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება აზრი ვკითხოთ. თანაც ადრეულ ასაკში მე და ჩემი და ბებოს ვედექით გვერდით და ბევრ რამეს ვსწავლობდით. რაც არ ვიცით, ვკითხულობთ. გვინდა, ჩვენი ღვინოც შევთავაზოთ სტუმრებს, გვინდა საკუთარი მარანი და ეზოში კვების ობიექტი ავაშენოთ. ეს სტუმრებისთვის კიდევ ერთი კომფორტული გარემო იქნება. ვითვალისწინებთ ვიზიტორების მოთხოვნებს, წინადადებებს, ვსწავლობთ მათ და შემდგომ ამ სურვილების შესაბამისად ვმოქმედებთ.

- უცხოელი სტუმრები მოდიან?

- დიახ, აქაურობით ბევრი ინტერესდება და კმაყოფილებიც მიდიან, თუმცა, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ვართ ორიენტირებული. თანაც ქართველები ისეთი მონდომებული არიან, უცხოელები ვიზიტის დაჯავშნას ვერ ასწრებენ.

- რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი თქვენთვის?

- თავისუფლებას, ბედნიერებას, სიყვარულს! შეუძლებელია, ასეთი საქმე მოგბეზრდეს და დაგღალოს. თუ ყველაფერი სიყვარულით კეთდება, ენერგიაც არ ამოიწურება.

- მშობლები გიჭერენ მხარს?

- თავიდან ვერც ისინი აღიქვამდნენ ამ ყველაფერს პერსპექტიულად. მაგალითად, ბებია სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ავლენდა - თბილისში გათხოვდი და აქ მოდიხარ, რომ იშრომოო? როცა აქ შრომა დაწყებული გვქონდა, ხალხი გვეკითხებოდა, რომ ისწავლეთ, რა ქენით, საჯარო სამსახურში მუშაობა ჯერ არ დაგიწყიათო? ვეუბნებოდით, რომ უკვე ვმუშაობთ და უკეთეს საქმეს ვაკეთებთ, საკუთარს ვქმნით. დღეს კმაყოფილი არიან, სიამაყით უყურებენ ამ ყველაფერს.

- რაიმე პროგრამით ხომ არ გისარგებლიათ?

- 2016 წელს მივიღეთ მონაწი­ლეობა პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" და 12 ათასი ლარით დაგვაფინანსეს. ამით ავეჯი შევიძინეთ, საწოლები. პირობა იყო, რომ ცენტრი დროულად გაგვეხსნა. დანარჩენი ჩვენი სახსრებითა და ხელით გაკეთდა. დასაწყისშივე ვიყიდეთ ყველა საჭირო იარაღი, რაც ვიცოდით, რომ დაგვჭირდებოდა. თან სხვადასხვა ხელობას ვსწავლობდით. ადვილი არ არის, მაგრამ საინტერესოა.

- სხვებსაც ურჩევთ, რომ თუ იდეა აქვთ, ხორცი შეასხან?

- ვფიქრობ, ყველას გვაქვს რაღაც მისია ამ ცხოვრებაში. თვითონ უნდა აღმოვაჩინოთ. რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რაც სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება, არც საკუთარი თავი დაგვავიწყდეს და საქმეში ბედნიერება ვიპოვოთ. თუკი იპოვეთ ასეთი საქმე, ჩათვალეთ, რომ საკუთარი თავი იპოვეთ და ბედნიერი ხართ. თქვენი საქმე ის არის, სადაც შეგიძლიათ მყარად, ძლიერად იყოთ და განვითარდეთ. რისკიც აუცილებელია - ისე არაფერი გამოვა, ვერც მიხვდები, შეგიძლია თუ არა, უნარი გაქვს თუ არა.

არ უნდა შეგვეშინდეს, არასდროს ვთქვათ, რომ დავიღალეთ, არ შეგვიძლია... ამასთან, არ არსებობს კაცისა და ქალის საქმე, თუ შეგიძლია რამის გაკეთება, უნდა გააკეთო. ყველაფერი შესაძლებელია დიდი მონდომებით, სიყვარულითა და თავისუფლების სურვილით. როცა ასე იწყებ, ნამდვილად თავისუფალი ხარ. თან აუცილებლად უნდა გჯეროდეს, რასაც აკეთებ. თუ არ გჯერა, ესე იგი, გეშინია, ამიტომ ვიყოთ თავდაჯერებული!