"ისე აღარ არის, ჩვენი მამა-პაპა საღორეში რომ შეაგდებდა და ამით ამოიწურებოდა ღორის მოვლა" - რა პრობლემების წინაშე დგანან მცირე ფერმერები - კვირის პალიტრა

"ისე აღარ არის, ჩვენი მამა-პაპა საღორეში რომ შეაგდებდა და ამით ამოიწურებოდა ღორის მოვლა" - რა პრობლემების წინაშე დგანან მცირე ფერმერები

გამოყვანილი ღორის ჯიშები უფრო ფაქიზია, ვიდრე ჩვენი, ადგილობრივი ჯიში იყო. ისე აღარ არის, ჩვენი მამა-პაპა საღორეში რომ შეაგდებდა და ამით ამოიწურებოდა ღორის მოვლა. დღეს ღორის საკვების შემადგენლობასა და დოზებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ასევე - ვეტერინარიას

არცთუ შორეულ წარსულში გავრცელებულმა ღორის დაავადებამ და დაცემამ ქართველი ფერმერები და გლეხები ისე შეაშფოთა, რომ ღორის მოშენება შეწყდა და ერთხანს ქვეყანაში ღორის ხორცი, ძირითადად, იმპორტით შემოდიოდა, თუმცა ფერმერების დაინტერესებითა და უცხოური გამოცდილებით გამოსავალი მაინც მოიძებნა და პრობლემა ღორის ჯიშების შერჩევითა და ვეტერინართა გააქტიურებით მოგვარდა. დღეს მთაში ადგილობრივი ჯიშის ღორს აშენებენ, ბარში კი, ძირითადად, საბეკონე ჯიშებია გავრცელებული. ამ ჯიშის ღორების არაერთი მცირე ფერმა გაჩნდა, რაც ღორის ხორცის ფასსაც დაეტყო. საქონლის ხორცთან შედარებით იაფია, რაც ფერმერების დიდი შრომისა და მოთმინების შედეგია. გვესაუბრება ველისციხელი ფერმერი მიხეილ მათიაშვილი.

მიხეილ მათიაშვილი:

- 2019 წელს მე და ჩემს მეგობარს ღორის ფერმის ამუშავება პანდემიის დაწყებამ გადაგვაწყვეტინა. ხალხის შინ გამოკეტვასა და შეზღუდვას პროდუქციის შემცირება და, შესაბამისად, გაძვირება რომ მოჰყვებოდა, ამას დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა. სოფლის მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება გვაქვს, რაც თავი გვახსოვს, მუდამ ვშრომობთ, მეღორეობის გაძღოლა ჩვენთვის ძნელი არ იქნებოდა, იმის მიუხედავად, რომ გამოყვანილი ღორის ჯიშები უფრო ფაქიზია, ვიდრე ჩვენი, ადგილობრივი ჯიში იყო. ისე აღარ არის, ჩვენი მამა-პაპა საღორეში რომ შეაგდებდა და ამით ამოიწურებოდა ღორის მოვლა. დღეს ღორის საკვების შემადგენლობასა და დოზებსაც კი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ასევე - ვეტერინარიას. ღორებისთვის წყლის ავტომატური მიწოდება აუცილებელი თუ არა, უაღრესად საჭიროა, რადგან ეს შრომას მნიშვნელოვნად ამცირებს. ჩვენი შეღავათი ის იყო, რომ უკვე გვქონდა სოფლიდან მოშორებით აგებული საღორე და მხოლოდ ღორების შეძენა გვჭირდებოდა. ფერმას ხელი შევავლეთ და ღორის ჯიშები შევარჩიეთ. მიზნად არ გვქონია სახორცე ღორების გამოზრდა, გადავწყვიტეთ, უფრო გოჭები მოგვეშენებინა, რომელთაც მოსახლეობა ან ფერმები შეიძენდნენ. ეს უნდა ყოფილიყვნენ საბეკონე ღორები, რომელთაც ნაკლები ქონი ექნებოდათ. ასეთი დიუროკისა და იორკშირის ჯიშებია, რომელთაც ჩვენში, წლებია, აშენებენ. დიუროკის წონა საშუალოდ 300 კილოგრამამდეა, იორკშირის - ოდნავ დიდი. ესენი დღეს ყველაზე პოპულარული ჯიშებია მსოფლიოს ბაზარზე. აქვთ მჭლე ხორცი, რის გამოც მათი კლიენტი არ იკლებს. გასაზრდელად გოჭები შევიძინეთ. ორი ნეზვი და კერატი ვიყიდეთ. დღეს ამ გოჭებიდან უკვე რვა დედა ღორი გვყავს.

ეს ჯიში საღორეში იზრდება და არა - მდელოზე, რაც ნიშნავს, რომ მწყემსი არ სჭირდებათ და ამ თვალსაზრისით ადვილი საზრდელია. გოჭები სწრაფად იმატებენ წონას და ადვილად ეჩვევიან გარემოს. ამ ღორს რომ მდელოზე გასვლა და მწყემსობა დასჭირვებოდა, მათ მოვლას უდროობის გამო ვერც შევძლებდით. ჩვენვე ვუსუფთავებთ სადგომებს, ვაწვდით საკვებს და სხვ. თუ მუშახელს დავიქირავებდით, ღორებისგან მიღებული შემოსავალი შეგვიმცირდებოდა, რაც ჩვენისთანა მცირე ფერმას არ არგებს. თუ საკვების დღევანდელ ფასს გავითვალისწინებთ, ღორისაგან შემოსავალი ისედაც მცირეა.

- საკვების ფასი სასურველი ვერ იქნება, მით უფრო, რომ მარცვლეული დღითი დღე ძვირდება.

- სამწუხაროდ, ასეა. გამოსავალი ჩვენი ქვეყნის მემარცვლეობის ზრდაა, ან მარცვლეული თავად უნდა მოიყვანო, ჩვენთან კი ეს ვერ ხერხდება. სოფლის მეურნეობა ბანკებზეა გამობმული. ამ პირობებში სახელმწიფო ფერმერს როგორც უნდა დაეხმაროს - და ეხმარება კიდეც - სერიოზული საქმის კეთება მაინც არ გამოგვივა. მადლობელი ვარ სახელმწიფოსი, რომელიც მხარში ამომიდგა, მაგრამ ბანკით სოფლის მეურნეობის დაფინანსების სქემა დამთრგუნველია. მაგალითს მოვიყვან: ფერმერს, რომელიც მარცვლეულის ხვნა-თესვისთვის თუნდაც შეღავათიან კრედიტს იღებს, მოსავლის აღებისთვის, მაგალითად, კომბაინისთვის ფული აღარ აქვს. ამიტომ იძულებულია, მოსავალი რაც შეიძლება იაფად და სწრაფად გაყიდოს. ამ შემთხვევაში, ფერმერი წაგებული რჩება. ასეთი აგროსქემა, სამწუხაროდ, წინ ვერ წაგვიყვანს. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობაში რაიმე ფონდი უნდა არსებობდეს, რათა ფერმერმა გაბედულად მოხნას, დათესოს და მოიყვანოს, ოღონდ ფერმერის მიერ ფონდიდან აღებული თანხაც უნდა კონტროლდებოდეს. მეურნეს უფლება არ უნდა ჰქონდეს, სახნავ-სათესი ფონდის ფულით ბინა იყიდოს. ამ სქემით, როდესაც ქვეყანაში იმდენი დოვლათი დაგროვდება, რომ კვლავწარმოება მარტივად იქნება შესაძლებელი, ფონდის აუცილებლობაც მოიხსნება.

- გეთანხმებით. ძვირად ღირებული მარცვლეულით არა მხოლოდ პური, არამედ ცხოველ-ფრინველის მოშენებაც უფრო და უფრო ძვირდება, თუმცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამაზე არ ფიქრობენ, წვრილი მეურნეობები კი საქმეს ვერ შველის.

- ვერ შველის, რადგან მხოლოდ ერთეული ოჯახის საჭიროებას აკმაყოფილებს, ქვეყანას კი სერიოზული სოფლის მეურნეობა სჭირდება, არადა, მცირე შემოსავალი საქმეს უკან ხევს. ჩვენ, მაგალითად, მეღორეობაში გაყიდული პროდუქტიდან მხოლოდ 20-25% გვრჩება. ეს არ არის იმის ეკვივალენტი, რასაც ვშრომობთ, თუმცა ხელიდან გაშვებაც არ გამოვა, ყველა რომ ასე მოიქცეს, ქვეყანა, უბრალოდ, აღარ გვექნება.

- ღორი წელიწადში გოჭების ორ თაობას იძლევა. წელიწადში, სულ ცოტა, სამასი გოჭი მაინც უნდა გყავდეს გასაყიდი, რომლის ფასი, ალბათ, 250-300-ლარია. ნუთუ ამ შემოსავლის დაახლოებით 75% ღორის გაზრდას ხმარდება?

- დიახ, ასეა. ამ ეტაპზე ღორის საკვები კილოგრამი მარცვლეული 2 ლარი ღირს, იმ ღორს კი, რომელიც 300 კილოგრამამდე იზრდება, კარგი კვება სჭირდება. ჩვენ გოჭს უკვე 45 დღის ასაკიდან დაახლოებით 270 ლარად ვყიდით, ამ თანხის 75% კი ხარჯებში მიდის. კარგი ის არის, რომ კლიენტი არ გვაკლდება. მართალია, შორიდან ვერავინ მოდის, რადგან მხოლოდ საწვავი დაუჯდებათ ერთი გოჭის ფასი, მაგრამ კახეთშივე კლიენტი არ გველევა. გოჭებს ზოგიერთი ფერმისთვის ყიდულობს, მაგრამ ძალიან ბევრი მუშტარი გვყავს, ვისაც ღორის გაზრდა სადღესასწაულოდ, ოჯახისთვის სურს.

- დღეს საქართველოში უამრავი მცირე ღორის ფერმაა, რაც დაეტყო კიდეც ბაზარს - იმპორტმა იკლო და ადგილობრივი პროდუქცია გაიაფდა.

- ეს ჩვენთვის საამაყოა. როგორ მძიმე შრომასაც უნდა ვეწეოდეთ, ეს შრომა საჭიროა, თუნდაც იმისთვის, რომ სხვას სტიმული ჰქონდეს და ყველას გასაქცევად არ ეჭიროს თვალი. რაც უნდა გაგვიჭირდეს, ცდა მაინც ბედის მონახევრეა. ჩვენც ვცდილობთ.