"ჩამოვიდა ივანოვი და ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი მათი ძალიან დიდი დახმარებით გახდა საქართველოს პრეზიდენტი" - კვირის პალიტრა

"ჩამოვიდა ივანოვი და ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი მათი ძალიან დიდი დახმარებით გახდა საქართველოს პრეზიდენტი"

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობაზე":

"ძალიან უნიჭო ხალხია და ასევე უნიჭო „რევოლუცია“ ექნებათ, ამაში დარწმუნებული ვარ. გარდა იმისა, რომ უნიჭოები არიან, ბოროტებიც არიან, შურიანებიც. მგონია, ცოტა ჭკუიდან გადასულებიც. ამიტომ მშვიდად ვარ. იმედია, წითელ პარასკევს არ დაიწყებენ რევოლუციას და მაცდიან აღდგომას.

მარხვას არასდროს ვიცავდი, მაგრამ ვნების კვირის განმავლობაში, ვეცადე, დამეცვა. არ ვარ გასაოცრად რელიგიური, მაგრამ მე ქრისტე მწამს და მისი მჯერა. მსოფლიოში ერთადერთი თეატრი ვართ, ვინც ქრისტეს 2000 წელს დაბადების დღეს სპექტაკლი მივუძღვენით.

მისი თქმით, თავის დროზე, სააკაშვილი ხელისუფლებაში რუსეთის დიდი დახმარებით მოვიდა.

„მაშინდელი ტრენინგები ვერ მოიყვანდა ხელისუფლებაში იმ ძალაუფლებას, თუ არა რუსები. აქ ჩამოვიდა ივანოვი და ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი მათი ძალიან დიდი დახმარებით, გახდა საქართველოს პრეზიდენტი. გადააყენეს წინა თაობა. ასევე წაიყვანეს ბაბუ - ასლან აბაშიძე აჭარიდან რუსებმა. სულ რუსებმა გაუკეთეს ყველაფერი. ახლა თუ აქვთ ამის იმედი, იმიტომ, რომ რუსები გორთან დგანან და აქაც რომ ისე დაგვესხან თავს, როგორც უკრაინაში, მაშინ მოვლენ ხელისუფლებაში“.

„არის თეატრი, რომელიც რთულია, მაგალითად ახმეტელი, სამ პრემიერაზე იყო ხალხი, მაგრამ მერე არ იყო ისეთი ანშლაგები, მაგრამ იყო თეატრები, სადაც დადიოდა მაყურებელი, უფრო იოლი იყო, უფრო კომიკური, ეს ხდება იმიტომ, რომ მაყურებელია უნიჭო. როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა, შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ?! მე ხომ ვხედავ რომ ის თამაშობს. მაგრამ უნიჭო მაყურებელს სჯერა. ის უნიჭო მაყურებელი ჩვენთან არ დადის, სხვაგან დადის.

დამნაშავენი უტიფარი ტყუილებით არიან გაჟღენთილნი. მათ მხარეს ვინცაა, ალბათ ფული აინტერესებს. მგონია, რომ ყველას ამათ ფული გაუთავდათ და იმიტომ მიდიან, რომ სათავეში დასხდნენ და საქართველო ისევ გაქურდონ და გამდიდრდნენ. სხვა მიზეზი არ აქვთ. მწყინს, რომ ქართველი, რომელიც სულ სხვანაირი იყო, გულახდილი, ფული არ უჩერდებოდა, უცებ ასეთი მერკანტილური გახდა და ფულის გამო შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს.

ქართველებმა ყველაფერი კარგად იციან...

2008 წელს ზოგი გავარდა აქედან, ახლა რომ ძალიან "ვაჟკაცობენ" და უკრაინაში უნდათ იბრძოლონ. მეცინება.

როგორ შეიძლება უბედური ხალხის ტრაგედია გამოიყენო იმიტომ, რომ სათავეში დაჯდე?! ამათ ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინელი ხალხი. ამას თავიანთი კარიერისთვის იყენებენ.

საბჭოთა კავშირი ვითომ მორჩა, 1991 წელს, მაგრამ ის გრძელდება და ამ პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" უფრო გააზვიადა ის.

შოთა რუსთაველს როგორც უწერია, რომ სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცს და მერმედ, სულსა, მე კი მგონია, რომ ჯერ სულს ავნებს და ამათ უკვე სული დაუავადდათ და მერე ფიზიკურად გახდნენ ავად.

ადამიანურად, ძალიან ცუდი ხარისხის ხალხია".

(წყარო)