როგორ ააშენა ახალგაზრდა ფერმერმა თანამედროვე მეურნეობა - კვირის პალიტრა

როგორ ააშენა ახალგაზრდა ფერმერმა თანამედროვე მეურნეობა

"ფერმერებს ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რადგანაც ბაზარზე ფასები მკვეთრად არის გაზრდილი. ჩვენმა გადამმუშავებლებმა არაფერი მოგვიმატეს. თვითღირებულება გაგვეზარდა. გადარჩენისთვის საჭიროა ამ ყველაფრის გადახედვა, სახელმწიფო დონეზე დახმარება, რათა ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს, რძის მწარმოებლები არ ვიჩაგრებოდეთ“

როდესაც კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხე, მსხვილი ფერმერი ვინ გეგულებათ, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით წლების განმავლობაში კარგ შედეგს მიაღწია-მეთქი, მაშინვე ზურა მასურაშვილი დამისახელეს. ამ ახალგაზრდა კაცმა მართლაც ბევრს მიაღწია. არადა, სამედიცინო განათლება აქვს, ჯანდაცვის ფაკულტეტი დაამთავრა. წესით, ექიმის კარიერა უნდა აეწყო, მას კი 2011 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, თურმე თბილისიდან მშობლიურ რეგიონში დაბრუნება და ფერმერობის დაწყება გადაუწყვეტია. დედოფლისწყაროში ბებია-ბაბუას მეურნეობა ჰქონდა და რქოსან პირუტყვსაც უვლიდნენ. ამ ყველაფრისთვის ვინმეს ხომ უნდა მიეხედა და რადგან ზურა უნივერსიტეტში სწავლობდა, მიწის გაყიდვა უფიქრიათ.

- ერთი წუთითაც არ მინანია, სოფელში რომ დავბრუნდი და საკუთარი მიწის თავადვე მიხედვა გადავწყვიტე.

2011 წლის მერე თბილისიდან წამოვედი და აქა ვარ. პაპა-ბებიისგან ეს მეურნეობა ჩავიბარე. რამდენიმე წელიწადს ვუძღვებოდი, მერე იდეები გამიჩნდა და რაღაცების შეცვლა გადავწყვიტე - კულტურული ჯიშების მოშენებით დავინტერესდი. ჩემი სამიზნე მაღალპროდუქტიული ევროპული ჯიშები გახდა, თუმცა არსებულიც დავიტოვე.

2014 წელს ყველაფერი გავათანამედროვე, ახალი სადგომი 50 მეწველი ძროხისთვის ავაშენე. სამწუხაროდ, რესურსი აღარ მეყო, ხარჯი დიდი იყო და ახალ სადგომში 50 ევროპული ჯიშის ძროხა მაშინვე ვერ შევიყვანე. სულ 8 ძროხის ფული მქონდა. ამიტომ პირუტყვს ნელ-ნელა ვამატებდი, ამასობაში თვითონაც გამრავლდნენ. ახლა 300 სული მყავს.

ferma3-1650619904.jpg

- 50-ს რომ გადასცდა, ალბათ, სადგომის გაზრდაც დასჭირდა?

- 2020 წელს უფრო დიდი და თანამედროვე სადგომის აშენება გადავწყვიტე. მშენებლობა შარშან მაისში დავასრულე და ივნისში საქონელიც დავამატე. ახალი, თანამედროვე ნაგებობაა დანადგარებითა და მოწყობილობით, 300 მეწველ ფურზე გათვლილი. თითოეული ფურის დღიური მონაწველი 33 ლიტრს შეადგენს. ნედლ, პირველი ხარისხის რძეს ვაწარმოებთ, ქიმიური შედგენილობა დაბალანსებულია და ცხიმიც პროპორციული თანაფარდობითაა. გვაქვს მხოლოდ მერძეული მიმართულება. რძეს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით.

- ყველაზე რთული ეტაპი რა იყო?

- ამ სფეროში ინფორმაციული ვაკუუმი. ვინმესთვის რაიმე რომ მეკითხა, მრჩეველი არ არსებობდა. დღეს უამრავი ადამიანი მიკავშირდება და აზრს მეკითხება, მაშინ კი თავად დარგი არ არსებობდა. ახლა ჩვენმა სფერომ ნელ-ნელა წამოიწია და ერთმანეთთან კომუნიკაცია, აზრების გაცვლა ადვილადაა შესაძლებელი. ინფორმაციის მოსაპოვებლად უცხოეთშიც შეიძლება წასვლა. ბევრი რამ ჩემს შეცდომებზე ვისწავლე, ზოგი რამ უცხოეთში ტრენინგების, სემინარების დამსახურებით შევიძინე. იქ მიღებული ცოდნა ძალიან მადგება. ჩემს საქმიანობას რომ დასჭირდა, ვეტერინარიული განათლებაც მივიღე. ვეტერინარობა უკვე ჩემი მეორე პროფესიაა. საკუთარ მეურნეობას ვეტერინარულ მომსახურებას თვითონ ვუწევ, მათ შორის პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებასაც.

ferma2-1650619904.jpg

- საქმეში რაც უნდა გაწაფული იყო, ამდენი პირუტყვის შენახვა მაინც რთულია, სჭირდებათ აცრები, კვება, სხვადასხვა პროცედურა...

- სანამ პროცედურებამდე მივა, ფერმერს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საქონელს მოვლა, კომფორტი და კვება სჭირდება. ვაქცინაცია გეგმურია და ჩვენს საქმეში ეს ყველაზე მარტივია. გეგმურს ვაკეთებთ როგორც ჩვენ, ასევე სახელმწიფოც - სპეციალური სამსახურიდან მოდიან და პირუტყვს ცრიან, დანარჩენს თვითონ ვუტარებ.

- ისე, ცოტა უჩვეულოა, თბილისში ჩამოსულ ახალგაზრდებს უმეტესად უკან, რაიონში წასვლა აღარ უნდათ ხოლმე...

- ჩემი ოჯახის წევრებისგან არავის უნდოდა, რომ დავბრუნებულიყავი, განსაკუთრებით მამა იყო წინააღმდეგი.

- მაგრამ მაინც თქვენი გაიტანეთ და დასახულ მიზანს მიაღწიეთ, თან კარგი შედეგიც მიიღეთ. თქვენზე მითხრეს, უკვე მსხვილი ფერმერიაო. დღეს რით შეგიძლიათ თავი მოიწონოთ?

- ჩემზე უფრო მსხვილი ფერმერებიც არიან, მაგრამ მსხვილ ფერმერობაზე არ არის საქმე. შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული.

- პირუტყვისთვის საკვები პროდუქტიც თქვენ მოგყავთ?

- საკვების 70% საკუთარი წარმოებაა, მარცვლოვანი კულტურები: ქერი, ხორბალი, სიმინდი, სილოსი... ძროხები იღებენ სოიის შროტსაც (იგივე კოპტონი, ზეთოვანი მცენარეების, მაგალითად, მზესუმზირის თესლიდან გაუცხიმოვნების საშუალებით მიღებული ნარჩენი მასა), ალაოს ნახარშს, მინერალურ დანამატებს. მოკლედ, მარცვლოვანი კულტურები და სილოსი ჩვენია.

ferma4-1650619904.jpg

- ფიზიკურად თავადაც მუშაობთ და მეურნეობაში დასაქმებულებიც გყავთ?

- ამ ეტაპზე ფერმაში 12 კაცი მუშაობს. ქალები ჭარბობენ, ადგილობრივები არიან, დედოფლისწყაროელები... ჩვენი დილა არაპროგნოზირებადია - მუშაობას 5-ზე, 6-ის ნახევარზე ვიწყებთ. პირველი წველა 6 საათზე გვაქვს. ძროხები დღეში სამჯერ იწველებიან.

- ფერმერობას სხვებს თუ ურჩევთ?

- ხშირად მეკითხებიან, მწერენ, როგორ გავხდე ფერმერიო. ამ კითხვის პასუხი არა მაქვს... ვისაც უნდა დაწყება, მაგრამ არ იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს, ჯობს ამ ნაბიჯს ნუ გადადგამს. ეს არის საქმე, რომელიც დილეტანტობას ვერ იტანს. საქმესთან, რომელთანაც შეჭიდება სურს, რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს, ან თუნდაც ბავშვობაში ჰქონოდა. ასე რომ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს კარგად უნდა ესმოდეთ. მე სანამ ფერმერობას დავიწყებდი, გამოცდილება მქონდა, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცოდი, ამიტომ ვისწავლე. ჩვენს ოჯახს საქონელი დიდი ხანია ჰყავს. პირველი ძროხა ოჯახში 1989 წელს გაჩნდა, როცა დავიბადე. პირველმა ძროხამ 17 ხბო გააჩინა და იმ 17-ის მონაშენი იყო მეურნეობა, რომელიც ჩავიბარე. პაპა-ბებიის გაზრდილი ვარ, მათთან ყოფნა ხშირად მიწევდა და ამ საქმეს თვალყურს სულ ვადევნებდი. მოკლედ, ერთი წამითაც არ მინანია, სამედიცინო სფეროზე უარი რომ ვთქვი, მიყვარს და მომწონს ჩემი დღევანდელი საქმე.

- რა გეგმები გაქვთ?

- ფერმერებს ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რადგანაც ბაზარზე ფასები მკვეთრად არის გაზრდილი. ჩვენმა გადამმუშავებლებმა არაფერი მოგვიმატეს. თვითღირებულება გაგვეზარდა. გადარჩენისთვის საჭიროა ამ ყველაფრის გადახედვა, სახელმწიფო დონეზე დახმარება, რათა ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს, რძის მწარმოებლები არ ვიჩაგრებოდეთ.

- უახლოეს მომავალში რას აპირებთ?

- რადგან სასუქი ძალიან გაძვირდა, ამიტომ ვგეგმავ, რომ ბიოლოგიური სასუქი ნაკელისგან მივიღო. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობის დაწყებას ვაპირებთ.