როგორ იცავენ პუტინს: როცა ტერაქტი არ არის, უნდა მოიგონო? - კვირის პალიტრა

როგორ იცავენ პუტინს: როცა ტერაქტი არ არის, უნდა მოიგონო?

პოლიტტექნოლოგიებში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, რომ პიარი, “შავი” იქნება თუ “თეთრი”, პოლიტიკოსისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ხინკალზე პილპილი. მიმნდობ მოქალაქეებს მათი რჩეული პოლიტიკოსის ვაჟკაცობა განსაკუთრებით უჩქროლებთ გულს. კიდევ უფრო კარგია, თუ მათ ლიკვიდაციას “გეგმავენ ტერორისტები”, თუმცა „უშიშარი პრეზიდენტი“ მაინც იმარჯვებს!

ვლადიმერ პუტინსაც კარგად ესმის პიარტექნოლოგიების მნიშვნელობა, უპირველესად კი ეფ–ეს–ბეში მოდელირებული „ტერორისტების თავდასხმის გამოვლენა“. პუტინის კრედო ამგვარია „მიზანი ამართლებას საშუალებას“ და როცა ტერაქტი არ არის უნდა მოიგონო! პუტინმა ეს ხერხი რამდენჯერმე გამოიყენა.

2012 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის სახელისუფლებო სატელევიზიო არხმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთისა და უკრაინის (იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდია) სპეცსამსახურებმა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტთა ჯგუფი დააკავეს, რომელიც ვითომდა მაშინდელ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმას ჩეჩენი ტერორისტის, დოკუ უმაროვის მითითებით გეგმავდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. ოდესაში, ერთ-ერთ სახლში 2012 წლის 4 იანვარს აფეთქება მოხდა. თავდაპირველად ბუნებრივი გაზის აფეთქება ეგონათ. აფეთქების შედეგად, ბინის დამქირავებელი, ჩეჩენი ეროვნების რუსლან მადაევი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილი ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს, რადგან ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტები იპოვეს. დაკითხვისას პიანზინმა განაცხადა: ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის საჭირო კომპონენტები მარკეტში ვიყიდეთ, შემდეგ კი ოდესაში ბომბების დამზადება უნდა შეგვესწავლაო. მისი თქმით საბოლოო მიზანი მოსკოვში სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიების ჩაეტარება, შემდეგ კი პუტინზე თავდასხმა უნდა ყოფილიყო.

მოგვიანებით დააკავეს ჩეჩენი ეროვნების ადამ ოსმაევი, რომელზეც 2007 წლიდან რუსეთის მოთხოვნით საერთაშორო ძებნა იყო გამოცხადებული, იგი კი უკრაინაში წყნარად ცხოვრობდა. „საბოლოო მიზანი იყო მოსკოვში ჩასვლა და პრემიერ პუტინზე თავდასხმის მოწყობა“ – დაკითხვისას განაცხადა ოსმაევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერაქტისას ნაღმი უნდა გამოეყენებინათ და თვითმკვლელი ტერორისტის ჩართვა აუცილებელი აღარ იქნებოდა. რუსეთის “პირველი არხის” ინფორმაციით ტერაქტის მომზადების გეგმა და პუტინის კორტეჟის გადაადგილების ვიდეოკადრები ოსმაევის „ნოუთბუკში“ იპოვეს.

2-1650621328.jpg
ადამ ოსმაევი დაკავების შემდეგ

მოგვიანებით ადამ ოსმაევმა განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მხოლოდ რუსეთში ექსტრადიციის თავიდან აცილების მიზნით გააკეთა. როდესაც ადგილობრივმა სასამართლომ მაინც გადაწყვიტა მისი ექსტრადირება მოსკოვში, ოსმაევმა უარი თქვა პირველ ჩვენებაზე და პიანზინს უწოდა "რუსული სპეცსამსახურების პროვოკატორი". ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლებას ადამ ოსმაევის რუსეთში ექსტრადიციის ნება არ დართო, ის 2014 წლის 1 8 ნოემბერს გაათავისუფლეს. რუსეთის სპეცსამსახურებმა შემდგომ წლებში ადამ ოსმაევის ლიკვიდაცია რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

„თავიდან აცილებული ტერაქტის“ რეალურობაზე მაშინ თავად რუსულ მედიაშიც საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება იყო. თვლიდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია წინასარჩვენო კამპანიის ნაწილი იყო. 2012 წლის 4 მარტს რუსეთში საპრეზიდემტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და მთავარი კანდიდატი რა თქმა უნდა პრემიერ–მინისტრი პუტინი იყო. თუმცა ფიქრობდნენ, რომ “ადმინისტრაციული რესურსის” გამოყენებით არჩევნების გაყალბება შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. ამიტომაც არჩევნების წინ „ტერაქტის გახსნას“ დამატებითი ხმები უნდა მოეტანა პუტინისთვის. იმ არჩევნებში პუტინმა 63, 6%, ზიუგანოვმა 17, 2, ხოლო დანარჩენებმა 20 % მიიღეს.

ნიშანდობლივია, რომ ეფ–ეს–ბემ „ ტერაქტის სენსაციური ექსკლუზივი“ სწორედ სახელისუფლებო ტელევიზიას გადასცა. რატომ მას და არა სხვა, უფრო პოპულარულ მაუწყებლობას? აღნიშნული ტელევიზია მთელ რუსეთს ფარავს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მოსახლეობის 60-70 პროცენტი სოფლად მაცხოვრებლები არიან და კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული „პირველი არხის“ სიმპატიური ტელეწამყვანი ქალბატონების ნათქვამი უპირობოდ სჯერათ. ასე იყო და ასე არის.

ეს „ტერაქტის მომზადება“ იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ სერიოზული შეფასებები ჭირს, თუნდაც, რამდენიმე ფაქტორის გამო. ერთი რომ, საქმე გვაქვს ჩეჩენი ტერორისტების ყბადაღებულ თემასთან, რითაც საერთოდ პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში. „თავდასხმის“ გაცვეთილი თემები პუტინისთვის 2004 წლის არჩევნების დროსაც აქტუალური იყო. რაც შეეხება პუტინის უსაფრთხოებას: ამ ეტაპზე მთელი სახელმწიფო მის დაცვაზეა ორიენტირებული. პრემიერ–მინისტრობის დროსაც კი, მისი დაცვა რეალურად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის. რამდენად შეეძლოთ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილ პირებს პუტინზე თავდასხმის განხორციელება?

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბევრი იღვაწა იმისთვის, რომ კა-გე-ბე ფერფლიდან აღედგინა და კვლავ მონსტრად ექცია. მან კა-გე-ბეს მემკვიდრე, ეფ-ეს-ბე, რუსეთის ფარული პოლიციად აქცია. ვინ და როგორ იცავს ვლადიმერ პუტინს? რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის (ყოფილი კა-გე-ბეს მე-9 მთავარი სამმართველო) სტრუქუტურაში ცალკე მოქმედებს „პრეზიდენტის უშიშროების სამსახური“ , რომელსაც პუტინის ფიზიკური დაცვის ფუნქცია აკისრია. 2016 წლის 28 ივნისიდან „პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის“ ალექსეი რუბეჟნოი, ამჟამად გენერალ–პოლკოვნიკი, ხელმძღვანელობს.

3-1650621444.jpg
პუტინი და „პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის" უფროსი რუბეჟნოი

პუტინის დაცვა ჩვეულებრივი ღონისძიებების (მაგ. სამსახურში წასვლა ან სახლში დაბრუნება) დროს რამდენიმე ათეული კაცისგან შედგება. ესკორტი 5-7 სპეციალური (როგორც წესი ყველა შეჯავშნილია) და 3-4 პოლიციის ავტომობილისგან კომპლექტდება. პუტინი სპეციალურად მისთვის შეჯავშნილი Mercedes-Benz S-Guard Pullman სარგებლობდა, ამჟამად კი რუსული წარმოების Aurus Senat გადაადგილდება.

4-1650621493.jpg
პუტინის Aurus Senat

“ხალხში გასვლისას” კი დაცვა გაძლიერებულია. მარშრუტის მთელ მონაკვეთზე შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები მორიგეობენ. ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობების სახურავებზე სნაიპერები არიან ჩასაფრებული. პირადი დაცვა სამ პერიმეტრულ რგოლადაა განლაგებული. ისინი მსუბუქი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან აღჭურვილნი. თვითონ „უბრალო მოქალაქეები“, ვისაც პუტინი ხელს ართმევს და ახლოდან ესალმება, როგორც წესი, გადაცმული დაცვის ფედერალური სამსახურის ოფიცრები არიან.

პუტინის პირადი დაცვა (ე.წ. “ლიჩნიკები”) შეიარაღებულნი არიან “გიურზას” ტიპის 9-მმ პისტოლეტებით, რომლის წონა (ვაზნების გარეშე) 955 გრამია. მჭიდი 18 ვაზნიანია. სროლის ოპტიმალური მანძილი 100 მეტრს აღწევს. 50 მეტრიდან “გიურზას” ვაზნა ჯავშანჟილეტს, ხოლო 100 მეტრიდან კი მსუბუქი ავტომობილის კორპუსს ხვრეტს. პუტინის პირადი დაცვის მებრძოლები შეჯავშნილი “ჯიპებით” (ძირითადად Mercedes-Benz Glen Wagon) მოძრაობენ. პირადი დაცვა, როგორც წესი, აკ-74 და აკს-74უ, “დრაგუნოვის” სნაიპერული შაშხანით, კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყოცნებით და “ოსა”-ას სისტემის გადასატანი საზენიტო კომპლექსით არიან შეიარაღებული.

დაცვის მებრძოლები კევლარის ჯავშანჟილეტებით არიან აღჭურვილნი, რომელიც ავტომატის ვაზნას უძლებს. პუტინის გვერდით ხშირად შეამჩნევთ შავ სათვალიან “ვერზილებს”, რომელთაც ხელში “დიპლომატ-კეისები” უკავიათ – ეს ჯავშანდაფებია, რომლებიც სულ რამდენიმე წამში შეიძლება გადააფარონ დასაცავ ობიექტს.

რუსეთის რეგიონებში პუტინის ვიზიტამდე უსაფრთხოების დაცვის მოსამზადებელი ღონისძიებები კარგა ხნით ადრე იწყება. რამდენიმე კვირით ადრე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან დაცვის ფედერალური სამსახურის ანალიტიკური დანაყოფის თანამშრომლები. ისინი შეისწავლიან მასპინძელ ქალაქსა თუ რეგიონში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკოლოგიურ, კრიმინალურ და ა.შ. მდგომარეობას. ანალიტიკური ცნობები გადაეცემა სამსახურის დირექტორის მოადგილეს.

ამის შემდეგ საქმეში ერთვებიან ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან ამ ქალაქში და კოლეგებთან (დაცვის ფედერალური სამსახურის რეგიონულ სტრუქტურებთან) ერთად გეგმავენ გადაადგილების მარშრუტს, უსაფრთხოების ზომებს ხალხმრავალ ადგილებზე, ზედმიწევნით ყურადღებით ათვალიერებენ იმ სასტუმროს სადაც პრეზიდენტი უნდა დაბინავდეს და ა.შ.

მესამე ეტაპზე დაძაბული მუშაობა ელით ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფის (ე.წ. “ოტო”-ს) სპეციალისტებს. ისინი სპეციალური სკანერებით ამოწმებენ მოსასმენი აპარატურის, გამოსხივების წყაროების თუ ნაღმების არსებობას სასტუმროს ოთახებში. ამავე დროს ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელმაც უნდა ჩაახშოს უცხო რადიოსიხშირეები. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ეფ–ეს–ბეც.

მასობრივ ღონისძიებებზე გამოსვლისას პუტინს ჯავშანშილეტი აცვია. ასე იყო მაგალითად „ლუჟნიკის“ სტადიონზე „ყირიმის დაბრუნების საზეიმო მიტინგზეც“.

5-1650621596.jpg

ასე იცავენ პუტინს და ნათელია, რომ 2012 წელს ოდესაში დაკავებულ “ ტერორისტებს” წარმატების არანაირი შანსი არ ექნებოდათ.

პ.ს. საკუთარი იმპერიული მიზნების მისაღწევად არაა გამორიცხული პუტინმა რომელიმე რუს ჩინოვნიკზე, მოსკოვის მეტროში ან საცხოვრებელ კორპუსში ეფ–ეს–ბეში მოდელირებული „უკრაინელი ნაციონალტერორისტების თავდასხმის“ ინსცენირება მოაწყოს. უკრაინაში ჩადენილი გენოციდის გამო საყოველთაო აღშფოთების „შერბილებას“ ის ამგვარი მეთოდებით ეცდება.

(პირველი ნაწილის დასასრული)