სიყვარულის აბუჩად ასაგდებად ენერგია არ გეყოფათ... - კვირის პალიტრა

სიყვარულის აბუჩად ასაგდებად ენერგია არ გეყოფათ...

მე-20 საუკუნის მოაზროვნე და მთარგმნელი იყო ასეთი ბაჩანა ბრეგვაძე (ვიღას ახსოვს კარგი ადამიანები). ის წერდა: "მსოფლიოს სულიერ ცხოვრებას შეიძლება მართავდეს მხოლოდ სულიერი ხალხი. ასე იყო და იქნება, მაგრამ სულიერება დღეს თითქოს გარიყულია და ცხოვრების მდინარისაგან განზე გამდგარი. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. მე-19 საუკუნის მოაზროვნე ადამიანები უკვე გრძნობდნენ, რომ კაცობრიობას დაეუფლა ფსიქოფობია.

"ფსიქოფობია" ბერძნული სიტყვაა და სულიერების შიშს და არა მარტო შიშს, სულიერების სიძულვილსაც ნიშნავს".

ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს, თუ რატომ მიდის მსოფლიოში ის პროცესები, რაც მიდის. ბრძოლა ბრძოლას არ ჰგავს. ადამიანები ასე არ ომობენ. ეს უფრო აოხრებაა. არც მხარდაჭერა ჰგავს მხარდაჭერას, ეს სიყალბეა. ურთიერთობები ურთიერთობებს აღარ ჰგავს. ეს უფრო სულმოკლეობაა. და, საერთოდ რაზე დაობს, რა მიზნისთვის იბრძვის ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი? თქვენ გაიგეთ? მე - ვერა.

აღდგომის დღესასწაული მოდის და კარგად გადაღებეთ კვერცხები წითლად, რაც შეიძლება მეტი პასკა მოიმარაგეთ, რომ ჭამაში ერთმანეთს ეჯიბრებოდეთ მთელი თვე.... სინამდვილეში კი, სულიერების დაცინვა ქმედებით თუ სიტყვით, ეს სითამამეა! ადამიანური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა კი პოპულარობის გარანტი და ვიღაცის სნობურ წრეში საკუთარი ადგილის პოვნა. დღეს თუ ფსიქოფობი არ ხარ (ანუ სულიერების მოძულე) ამ ე. წ. „ელიტარულ სასტავში“ ვერ მოხვდები.

ზოგადად, დედამიწა არის ავად. ამ დაავადებას სულიერი კრიზისი ჰქვია. უკმარისობის გრძნობა ყველაფერში კი - სულიერი სიღატაკის მთავარი მიზეზია. ამ ქვეყანაზე, ყველანაირად კომფორტულ სამყაროში ადამიანებს სინდისიერად ცხოვრებისთვის ნაკლებად რჩებათ დრო. კაცობრიობას სულიერების სიძულვილი დაეუფლა და ამგვარი ადამიანების წესები განაგებს ყველაფერს.

"უსახო" ან "უვიცი" "ადამიანები" გასწავლიან რა არის ტოლერანტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ხარ. ეს არის სამყარო, სადაც ყოველი მეორე ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ! ის შენზე მეტია. დღევანდელ აღვირახსნილ გარემოში საკუთარი "მე" ხდება მთავარი კულტი. ორიენტაცია საკუთარ თავზე, საკუთარ სექსზე არის მთავარი მოტივაცია.

კარგად გადაღებეთ წითლად კვერცხები და მკაფიო, მაღალფარდოვანი სიტყვებით მიულოცეთ ერთმანეთს დღესასწაული!

არადა, ჩვენს მოქალაქეებს მაინც რა ტიპის ფობიას აღარ აბრალებენ. რაღაცას უმტკიცებენ. აქციებს უწყობენ.

დღეს ყველანაირ ფობიაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია! ეს უსუსური ღირებულებები, რომელზეც დროის ხარჯვაც არ ღირს და რომელზეც პირს ყოველდღე იქაფებთ, მსოფლიოს დაანგრევს მალე.

ჩვენს ქვეყანას კი სიყალბე და პროვინციალიზმი მართავს. ეს პროვინციალები განათლებულ და საჭირო ხალხს თელავენ. თუ, განსაკუთრებით საშიშად ჩაგთვალეს, ცრუპატრიოტებისა და ცრუნამდვილების ფრაზა მზად არის: "ნუ განიკითხავთ..."

მთავარეპისკოპოსი ამბერკი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა: "რა მიმზიდველი გამოთქმაა ნეოქრისტიანებისთვის, ანუ მე არ გიშლი ხელს ცოდვის ჩადენაში, შენ კი სამაგიეროდ მე ნუ შემიშლი ხელს ცოდვაში".

გულწრფელად გეუბნებით, დღეს ყველგან და ყველაფერში მხოლოდ ერთი ფობია მძვინვარებს. ეს არის სულიერების ზიზღი.

ჩვენთან ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ღმერთი იდევნება. ყველა ჩვენგანი ნელ-ნელა ცოცხალ გვამებს ვემსგავსებით, დანაშაულებრივი აზროვნებით ვაზროვნებთ. ნუ იკითხავთ რატომ.

ალან უოტსი, რომელიც 50-იან წლებში ამერიკაში მღვდელი იყო, საკუთარ მრევლს ეუბნებოდა, არ მისულიყვნენ ეკლესიაში, თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ მოვალეობა იყო. "ასე იმიტომ კი არ უნდა იქცეოდე, რომ სხვას კეთილი ეგონო, არამედ რეალურად გრძნობდე ღვთის სიყვარულს", - ამბობდა უოტსი. მისი თქმით, მორალის ჭეშმარიტი საფუძველი პატიოსნებაა. პატიოსნება კი პირველ რიგში ნიშნავს, არ მოიტყუო თავი, ანუ გრძნობები. თუ ასე არ იქცევით, საფრთხეში იგდებთ თავს. სიყვარულის აბუჩად ასაგდებად ენერგია არ გეყოფათ. საგულისხმოა, რომ თქვენი ქცევები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ურთიერთობაშიც ყალბია. მისი თქმით, რაც დღეს მსოფლიოს აკლია, ეს "უბრალო ადამიანია", ანუ იყოთ ის რაც ხართ, რასაც განიზრახავთ.

ამ გარეგანი ბრწყინვალებით გატაცებულ სამყაროში, სადაც სინდისი მძევლად არის ქცეული, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იყოთ ის, რასაც თქვენი გული გეუბნებათ და გწამთ. ამ გზით თქვენ ნამდვილ ადამიანებად გადაიქცევით. აღარ იქნებით ყალბები. ამით პირველ რიგში, საკუთარ თავებს დაეხმარებით, შემდეგ კი სამყაროს.

მე მაინც ვფიქრობ, - რაც მეტად მივუშვებთ უმსგავსობას, სიბეცეს, გაუტანლობას, ბოროტებას, მით ძნელი იქნება ამ ჭუჭყისგან გაწმენდა.

ჰო, კარგად მოემზადეთ მატერიალურად, სულიერი დღესასწაულისთვის.

სულიერად დაავადებულო და დაკნინებულო სამყაროვ, გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!