"სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი" - პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები
პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი ქართული წარმოშობის მომღერალი გრეგორი ლეპსი მართალია არ იმჩნევს, მაგრამ ცუდ დღეშია. ცოტა ხნის წინ მომღერალს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ბანკებში ანგარიშები გაუყინეს, რის შედეგადაც ჯამში 20 მილიონი დოლარი დაკარგა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი რუსეთში, ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. ლეპსის კონცერტები, რომელიც წმინდა მიწაზე მაისში უნდა გამართულიყო გაუქმდა და ბილეთების გაყიდვა შეწყდა. ლეპსის ოფიციალურ ვებგვერდზე "აღთქმულ მიწაზე" დაგეგმილი კონცერტების შესახებ ინფორმაცია გაქრა.
კრემლის მეხოტბე ლეპსი მარტში ლუჟნიკის სტადიონზე პუტინის მიერ გამართულ კონცერტზე გამოვიდა. ყირიმის ოკუპაციის პატივსაცემად გამართულ კონცერტზე ლეპსის გარდა მღეროდნენ რუსი ვარსკვლავები - პოლინა გაგარინა, ტიმატი, ლუბე და სხვები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს პუტინის რეჟიმს.
გრეგორი ლეპსის კონცერტების გაუქმების იდეა, სავარაუდოდ, ისრაელის საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეკუთვნით, როგორც ეს კომიკოსის ნურლან საბუროვის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც უკრაინის ომზე ხმა არ ამოუღია. მან ასევე შეურაცხყოფა მიაყენა თავისი უადგილო ხუმრობით უკრაინელ ქალს, როდესაც სან-ფრანცისკოში კონცერტზე გამოვიდა. მაშინ საბუროვის გამოსვლები გაუქმდა ჩიკაგოსა და თელ-ავივში.
13 აპრილს გრიგორი ლეპსმა გამარჯვების მუზეუმში საქველმოქმედო კონცერტი გამართა სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მათი ახლობლებისთვის, მოხალისეებისთვის და სამხედრო ექიმებისთვის.
"მე ვაკეთებ მაქსიმუმს, რაც კარგად შემიძლია. ამბობენ, რომ კარგად ვმღერი. სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი. ქირურგი რომ ვიყო, ოპერაციას გავაკეთებდი. ვინაიდან მუსიკოსი ვარ, ვმღერი ხალხისთვის, სამხედროებისთვის..." - განაცხადა მაშინ მომღერალმა. განაგრძეთ კითხვა