ყანამ მარცვალ-მარცვალ რომ გაიხაროს... - კვირის პალიტრა

ყანამ მარცვალ-მარცვალ რომ გაიხაროს...

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მემარცვლეობის განვითარების პროგრამა დაიწყო, თუმცა უკვე ათეული წლებია, ვითარება მოითხოვდა, ქვეყანაში ხორბალი ინტენსიურად დაეთესათ. პურეულს მხოლოდ თითო-ოროლა ფერმერი თესავს, რაც მოსახლეობის მოთხოვნილების ნაწილს აკმაყოფილებს. ბოლო დროს გლობალური პოლიტიკური მოვლენების ფონზე საფრთხე დაემუქრა ხორბლის იმპორტის უწყვეტობას, რამაც საზოგადოებას შიში გაუჩინა. მემარცვლეობის მხარდაჭერაც აუცილებელი გახდა. გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

- ქართული ხორბალი მოსახლეობას მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ სახელმწიფოს შეეძლო მეხორბლეობა პრიორიტეტულ სფეროდ ექცია და განევითარებინა, რაც არ გაკეთებულა, თუმცა, მისასალმებელია, რომ გეოპოლიტიკური პრობლემებისა და ხორბლის იმპორტის შეწყვეტის საშიშროების ფონზე მაინც დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება.

- ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო მემარცვლეობაზე არ ზრუნავდა. ქვეყანაში არა მხოლოდ ხორბალი, სხვა მარცვლოვანი კულტურებიც გვაქვს, მათ შორის ქერი, სიმინდი და მზესუმზირა, თუმცა წინა წლებში სახელმწიფოს პრიორიტეტი მრავალწლოვანი კულტურების განვითარება იყო საექსპორტოდ თუ ფერმერის შემოსავლის თვალსაზრისით. ახლა ნაბიჯები მემარცვლეობაშიც იდგმება. მემარცვლეობის იმ პროგრამით, რომელსაც ვიწყებთ, არა მარტო ხორბლის, არამედ ქერის, სიმინდისა და მზესუმზირას მოსავლის გაზრდაც არის ნავარაუდევი.

მემარცვლეობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. არა მხოლოდ სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ იმის გამოც, რომ ვითარდება მასთან დაკავშირებული სხვა სასოფლო დარგები, მაგალითად, მეცხოველეობა და მეფრინველეობა. ვფიქრობთ, მემარცვლეობის განვითარების ჩვენს პროგრამაში, რომელიც 2030 წლამდეა გათვალისწინებული, მეხორბლეობა პირველ ადგილს დაიკავებს. ის წელსვე დაიწყება. მემარცვლეობის განვითარების უპირველესი კომპონენტია ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიების, მაგალითად კომბაინების, ასევე სრულიად ახალი ტექნოლოგიების განვითარება. სათესი აპარატები უკვე შევიძინეთ.

- რას ნიშნავს ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია?

- ეს ნიშნავს თესვას მოხვნის გარეშე. როდესაც ნიადაგი კი არ იხვნება, არამედ იჭრება და ეფარება უკვე დათესილ მარცვლეულს, თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებელია სოფლის მეურნეობის ახალი მიღწევების ათვისებაც, რაც უკვე დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში. ამ ახალი ცოდნის ასათვისებლად, მერწმუნეთ, ჩვენი სპეციალისტები ძალისხმევას არ იშურებენ და რეგულარულად დადიან სოფლებში ფერმერებთან, თუმცა, არც ეს არის საკმარისი. არაერთი პროგრამა გვაქვს ახალი გამოცდილების შესასწავლად და მათ ათვისებაში აუცილებლად დავეხმარებით ფერმერებს. გათვალისწინებული გვაქვს დარგის სიახლეების შესასწავლად უცხოეთში ახალგაზრდობის გაგზავნაც.

- თუმცა, არაერთხელ მსმენია მოსაზრება, რომ ჩვენს ახალგაზრდობას არ სურს სოფლის მეურნეობის შესწავლა, რადგან, მათი აზრით, ეს დარგი პრიორიტეტული არ არის.

- კი, ნამდვილად არსებობს ეს პრობლემა, თუმცა ყველაფერი ბაზარზეა დამოკიდებული. როცა ახალგაზრდა ხედავს, რომ შემოსავალი სოფლის მეურნეობაშიც არის, რა თქმა უნდა, ის ამ შემოსავლის მიღებას მოინდომებს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დღეს სოფლებში ახალგაზრდობა ფერმერებთან ერთად მოდის სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მოსასმენად. იმედი გვაქვს, ეს დაინტერესება გაიზრდება, მით უფრო, რომ ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა გვაქვს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩვენ წლების განმავლობაში მივხედეთ მეთესლეობასაც. დიდი ხანია, მუშაობს თესლის გამოყვანის პროგრამები. 2015 წლიდან შევიმუშავეთ კანონი მემარცვლეობის უხვმოსავლიანი ჯიშების გამოყვანის შესახებ, ასე რომ, პროგრამა ცარიელ ადგილზე არ დაგვიწყია. ჩვენს ქვეყანაში მემარცვლეობის უხვმოსავლიანი ჯიშების გამოსაყვანად არაერთი მეურნეობა წარმატებით მუშაობს, თუმცა სანამ ჩვენი მოყვანილი თესლი ქვეყანას სრულად დააკმაყოფილებს, მანამდე უხვმოსავლიანი თესლის იმპორტსაც გავაგრძელებთ.

- სად ამუშავდება მეხორბლეობის ეს პროგრამა, მხოლოდ ტრადიციულ რაიონებში თუ მცირემიწიან რაიონებსაც ჩართავთ, როგორც ათეული წლების წინ იყო?

- ეს დამოკიდებული იქნება ფერმერებზე. ხორბალს ისინი თესავენ და მოსავალიც მათვე უნდა აიღონ, თუმცა ამ პროცესში მათი შემოსავალიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რასაც მცირე ფართობზე ვერ მიიღებენ. ამიტომაც უპირველესად ტრადიციული რეგიონები ამუშავდება, მათ შორის - კახეთში შირაქი, ალაზნისპირი, ქვემო ქართლი და ასე შემდეგ. მესიმინდეობაში, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა განვითარდეს, დასავლეთს მიენიჭება პრიორიტეტი, მზესუმზირა კი კახეთში დაითესება.

- ეს ყველაფერი არ გამოვა სარწყავი სისტემის განვითარების გარეშე.

- რა თქმა უნდა, სიმინდს წყლის გარეშე ვერ მოიყვან. ხორბალი მოვა, თუმცა მაღალ ტემპერატურაზე და უწყლოდ ისიც ცოტა იქნება, ამიტომ მელიორაცია აუცილებელია. გაცნობებთ, რომ მელიორაციის დაგეგმისთვის მოქმედებს სამწლიანი პროგრამა, რის შემდეგაც მელიორაციის ქსელი გაფართოვდება.

- ცნობილია, რომ ტრადიციული ქართული ჯიშები ნაკლებმოსავლიანია უცხოურ ჯიშებთან შედარებით. ამ ფონზე ქართული ჯიშები ხომ არ გადაშენდება?

- ქართული ხორბლის ჯიშები ჩვენი მემკვიდრეობაა და არათუ გადაშენდება, ჩვენ თესლის მწარმოებელ კომპანიებს ამ ჯიშების კვლავწარმოებაშიც ვეხმარებით, თუმცა ვინაიდან პრიორიტეტი ხორბლის უხვი მოსავალია, რასაკვირველია, უხვმოსავლიან ჯიშებს დავთესავთ. სამწუხაროდ, 1 ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მხოლოდ 53-ე ადგილზეა, ანუ 1 ჰექტარზე საშუალოდ 2,5 ტონა ხორბალი მოგვყავს და ეს აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ამ მხრივ მეთესლეობაში წარმატებებს ნამდვილად ვაღწევთ. მაგალითად, ლომთაგორაში შეიქმნა ხორბლის ჯიში, "ლომთაგორა-10", რომელიც 1 ჰექტარზე 7 ტონამდე ხორბალს იძლევა. თუ ამ გზით ჩვენი ხორბალი დღეს ქვეყნის მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს, ვფიქრობთ, შევძლებთ, რომ მან მოსახლეობის მოთხოვნის 50% დააკმაყოფილოს. რაც შეეხება სიმინდს, ჩვენი სიმინდი მოთხოვნის დაახლოებით 90%-ს აკმაყოფილებს, მემარცვლეობის განვითარების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი ექსპორტიც შევძლოთ.