"ეჰ, რამდენი რამ მინდოდა და ვერ გავაკეთე" - ინტერვიუ არქივიდან - კვირის პალიტრა

"ეჰ, რამდენი რამ მინდოდა და ვერ გავაკეთე" - ინტერვიუ არქივიდან

ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გთავაზობთ არქივიდან ინტერვიუს, რომელიც გასულ თვეს ჩაიწერა.

ის იმდენად აღიარებულია ქართულ თეატრალურ სამყაროში, რომ მასზე კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება. თემურ ჩხეიძემ 20 წელზე მეტი გაატარა სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში. დღეს შინ არის და თავისი სახელოსნოს სტუდენტებთან ერთად სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობს. "მე გაცილებით მეტად მაღელვებს და გაცილებით მეტად მაინტერესებს ის სიჩუმე, რომელიც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ იქნება და არა ტაში - ანუ როდესაც მაყურებელი შენთან ერთად იწყებს აზროვნებას", - ამბობს რეჟისორი.

რუსეთი და რუსი ხალხი

- პეტერბურგში ერთი სპექტაკლის დასადგმელად წავედი, ისიც იმიტომ, რომ კირილ ლავროვმა დამირეკა და ტოვსტონოგოვის სახელით მთხოვა შილერის "ვერაგობა და სიყვარულის" დადგმა. მაშინ ავადმყოფობამ შემიშალა ხელი და ვერ წავედი. სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი, რომელიც 28 წელი მართავდა თეატრს. ცოტა ხანში კირილმა ისევ დამირეკა და მეც წავედი. მაშინ თეატრს კირილ ლავროვი ხელმძღვანელობდა, ნამდვილი რუსი არისტროკრატი, რომელიც უკვე აღარაა, გადაშენდა ეს ჯიში... ან გადააშენეს. პირველად რომ ვიმუშავე, ისეთი­ შეგრძნება­ მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვიყავი. ნახევარი წელი იქ ვიყავი, ნახევარი - საქართველოში. კირილ ლავროვის გარდაცვალების შემდეგ კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე და 6 წელი გავატარე პეტერბურგში. 2013 წელს საქართველოში დავბრუნდი,­ იქ, სადაც მინდა ვიყო...

უხეშად რომ ვთქვათ, ხომ არიან ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდევრები,­ მეორე მხარეს - ის, ვინც მოკლა ილია და მოიშორა მისი მიმდევრები. ასეა აქაც. ხომ არის რუსეთში მცხოვრები ხალხი, რომელიც ხელს აწერს ომის საწინააღმდეგო პეტიციებს, თუმცა იცის, რომ ამის გამო კარგი­ დღე არ ელის. ვგულისხმობ იმ პოპუ­ლარულ ხალხს, ვისაც ვიცნობთ, და რამდენი იქნება ისეთი,­ ვისაც არ ვიცნობთ. მათ ეშინიათ და აკეთებენ. როცა გეშინია და აკეთებ, ეგ არის ვაჟკაცობა. უშიშარი ადამიანი პატივსაცემია, მაგრამ გაცილებით­ მეტად პატივსაცემია მშიშარა, რომელიც მაინც აკეთებს, იმიტომ, რომ ზნეობა არ აძლევს სხვანაირად მოქცევის უფლებას.

უკრაინა

- ომთან დაკავშირებით ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. როგორ შეიძლება ამ უბედურებაზე რაიმე გასამართლებელი ვთქვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ არის რაღაც კოდექსი, ასე ვთქვათ, ადამიანებთან ურთიერთობის? ხომ არის რაღაც, რაც არ შეიძლება! შეიძლება ეს არსად წერია, მაგრამ არ შეიძლება, არა! იძახეთ, ამ 21 საუკუნეშიც ეს რა ხდებაო!­ ადამიანი­ არ იცვლება, ეტყობა, ყოველთვის ისეთია, როგორიც მუდამ­ იყო. მხოლოდ ტექნიკა შემოდის სხვა, ეგ არის და ეგ. კაცობრიობა­ ვითარდება, მაგრამ არა ზნეობრივად. შეიძლება ინდივიდუალურად, კანტიკუნტად. სიკვდილით დასჯა აღარ არის, მაგრამ აგერ ომია იმისთანა... რას ჰგავს ქვეყანა, განახევრდა მოსახლეობა... ომი საშინელებაა, ამაზე არც ღირს მსჯელობა, მაგრამ რამ გამოიწვია, ვერაფრით ჩავწვდი. რაღაც აქეთა მხარესაც დარღვეული აქვს, უკრაინას თუ ამერიკას, არ ვიცი. რამდენიმე­ წლის წინ ხომ მოაწერეს ხელი, რომ არ წამოვიდოდა ნატო აქეთ, მაგრამ წამოვიდა. თუმცა ეს არ ამართლებს ამხელა­ კაცის კვლას. იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა­ პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ­ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო. რუსეთს კი არ ვიცავ, ჩემი პროფესიაა ყველაფრის გაანალიზება. ეს არის ჩემი მთელი რეჟისურა, გამოვიკვლიო, რა მოხდა და რატომ, როგორ? ყაზბეგის ხევისბერი გავიხსენოთ, კაცმა შვილი მოკლა. არ უნდა გავიგოთ, რატომ? რამ მიიყვანა იქამდე? თუ არაფერმა, მაშინ პათოლოგიაა. აგერ ნახევარი ევროპა ცეცხლშია გახვეული და ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ?

ყველაზე მეტად რაც საშიში იყო, ის მოხდა! მეორე მხრივ, ვერ დავივიწყებ იმ ადამიანურ ერთგულებას, რაც იმ ხალ­ხმა­ ჩემ მიმართ გამოიჩინა წლების განმავლობაში და ამხელა რამე რომ შემემჩნია, როგორ ფიქრობთ,­ იქ გამჩერებელი ვიყავი?

მინდა გავიხსენო პირველ სპექტაკლზე­ მუშაობა. 90-იანი წლები იყო. თეატრში საერთო საცხოვრებელივით აქვთ და ერთ ოთახში ვცხოვრობდი. ერთ დღესაც მაცივარი გამოვაღე და სავსეა, დღემდე არ ვიცი, ვინ გააკეთა. ყველამ თითო რაღაც ჩადო და ჩემი მაცივარი გაივსო, იმათი კი - არა. ტოვსტონოგოვის თეატრში ნახევრზე მეტი უკრაინელია წარმოშობით: ივჩენკო, რომელიც ხარკოვშია დაბადებულ-გაზრდილი. ასევე ვალერი დეგტიარი, რომელიც წამყვანი მსახიობია. დღესაც მაქვს კავშირი, თუმცა სატელეფონო ხაზზე როცა გამოდიან, ვცდილობთ ფრთხილად ვიყოთ. მთავარია, გავიგო, რომ ცოცხლები არიან.

"ზღვა, რომელიც შორია“

- ეს პიესა სპეციალურად დაიწერა სპექტაკლისათვის, რადგან ყველამ ძალიან განვიცადეთ აფხაზეთის ტრაგედია. სპექტაკლი სოხუმის თეატრში დავდგით. პიესის­ ავტორი, ბატონი გურამ ოდიშარია,­ ბევრი ვაწვალე, სანამ პიესას იმ სახეს მივცემდით, რაც მინდოდა, და ვთვლი, რომ ყველას სატკივარი გადმოვეცით... იცით რა, ყველა პრობლემის დროს უპირველესად უნდა მოძებნო საკუთარი დანაშაული, საკუთარი შეცდომა. სხვისი შეცდომის პოვნა ადვილია, გაცილებით ადვილია სხვას დააბრალო, მით უმეტეს, თუ ის სხვა დამნაშავეა. ჩვენ ხომ ჩვენს თავს ვერ ვხედავთ,­ სარკეში ვხედავთ მარტო ანფასს, მაგრამ სარკე­ მატყუარაა - რომ გგონია ეგეთი ხარ, არა ხარ, ამით მხოლოდ თავს ინუგეშებ. ასე რომ, ადამიანი ყველას და ყველაფერს ხედავს, გარდა საკუთარი თავისა. ამიტომ სხვისას ყველაფერს იოლად ამჩნევ, აბრალებ, აკრიტიკებ. არადა, აქეთ რა ხდება, ისაა მთავარი, აქეთ შემოხედვაა ძნელი.

მახსოვს, მოსკოვში ვარ. სალაროსთან ვდგავარ, ერთი ჩემი მეგობრის სპექტაკლზე­ უნდა შევიდე. რამდენიმე კაცი დგას სალა­როსთან და ამ დროს ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ, ერთი კაცი მეუბნება: "ბატონო­ ჩხეიძე, რას ერჩით ამ საწყალ აფხაზებს.­ თქვენ, ქართველებმა..." და გააგრძელა. ცოტა გაუგებარი რეაქცია მქონდა. მას შემდეგ­ სულ ვფიქრობ, ნეტავი სად არის ახლა ის კაცი, რომ ვუთხრა: "რას ერჩით ამ საწყალ უკრაინელებს, რას ერჩით, კაცო, ეს რა ქენით?!"

"ეჰ, რამდენი რამ მინდოდა და ვერ გავაკეთე"

- დღეს იქ ვარ, სადაც მინდა ვიყო. ძალიან კარგი სტუდენტები მყავს. საფუძ­ვლიანად ჩაყურყუმელავებული არიან თავიანთ საქმეში. ჩემი ვალია ჩავუნერგო მათ ამ პროფესიის სიყვარული და არა ჩემი, იმიტომ, რომ ცოტა ხანში უჩემოდ დარჩ­ებიან და არ უნდა დაიბნენ, არ შეეში­ნ­დეთ­. როცა შენი გაზრდილია, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. ამიტომ ვნერვიულობ ხოლმე. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ უძლიერესი თაობა მოდის ქართულ თეატრალურ სივრცეში... ეჰ, რამდენი რამ მინდოდა და ვერ გავაკეთე, არადა, დრო უსაშველოდ ჩქარა მიდის.

რუსუდან შაიშმელაშვილი