"ხალხში ისეთი განწყობაა, შეიძლება ომი რუსეთის ტერიტორიაზე კონტრშეტევით დამთავრდეს“ - კვირის პალიტრა

"ხალხში ისეთი განწყობაა, შეიძლება ომი რუსეთის ტერიტორიაზე კონტრშეტევით დამთავრდეს“

უკრაინაში დღევანდელ ვითარებასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ სამხედროებზე ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა­ მამულაშვილი გვესაუბრა:

- ისევ ველოდებით რუსეთის ფართომასშტაბიან შეტევას, ჩვენ ისევ მზად ვართ ბრძოლისთვის. ახლა ყველაზე ცხელი წერტილი სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინაა, მაგრამ, ვფიქრობთ, მთავარ ძალას მალე კიევისკენ გადმოისვრიან და ისევ შეეცდებიან ცენტრის დაპყრობას.

- გამარჯვების რა შანსი გაქვთ, როცა რუსეთი ყველა დაუშვებელ მეთოდს მიმართავს?

- მე თუ მკითხავთ, შანსი რუსებს აღარ დარჩათ. თითო სარაკეტო გასროლა 15-დან 30 მილიონამდე უჯდებათ. თავად განსაჯეთ, რამხელა ხარჯთან არის ეს დაკავშირებული. რაც შეეხება კიევს, რუსეთმა, ფაქტობრივად, სრულ განადგურებას გადაარჩინა თავისი ჯარი, როდესაც გადაჯგუფება დაიწყო. ობიექტურად რომ შევაფასოთ, რუსეთს აღარანაირი შანსი აღარ აქვს. დღეს უკრაინას რუსეთზე გაცილებით უკეთესი შეიარაღება აქვს. თუ არ ჩავთვლით საჰაერო სივრცეში უპირატესობას.

- საჰაერო უპირატესობა ცოტა არ არის.

- რუსებს უკრაინის მიწის ოკუპაცია სურთ, ჰაერიდან კი მიწის ოკუპაციას ვერ მოახერხებენ, ცოცხალ ძალას ვერ შემოიყვანენ. ძირითადი ბრძოლისუნარიანი ძალები, რომლებიც სპეცოპერაციის ეგიდით­ შემოიყვანეს, თითქმის განადგურებულია. რაც შეეხება იმ მასას, რომელსაც ახლა შემოიყვანენ, ისინი არ არიან ბრძოლისუნარიანები, მათი შანსი ნულის ტოლია. დაუგეგმავი, გაუთვლელი ომი აქვთ, ვერაფერს მიაღწიეს იმისა გარდა, რომ გაიმკაცრეს სანქციები და თავი შეაძულეს სამყაროს.

- ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთს ახლა ობიექტურად აქვს შეფასებული უკრაინის შესაძლებლობები და ომის მეორე ეტაპს უფრო მომზადებული იწყებს.

- რუსეთს რომ სწორად შეეფასებინა სიტუაცია და რამე მაინც გაეგო, მთელ სამხედრო შეიარაღებას მარიუპოლში ჩარჩენილ ათას კაცს არ დაახარჯავდა. წარმოიდგინეთ, ათას კაცს ვერაფერი უქნა მთელმა რუსულმა ჯარმა. ერთი მარიუპოლი ვერ აიღეს, რომელიც ამდენი ხანია ალყაში ჰყავთ. დანარჩენ ტერიტორიაზე აღარაფერს ვამბობ. ხალხში ისეთი განწყობაა, შეიძლება ომი რუსეთის ტერიტორიაზე კონტრშეტევით დამთავრდეს. ეს არ არის სახუმარო ომი, მხოლოდ უკრაინელებისთვის კი არა, ჩვენთვისაც სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია და ილუზიებში ყოფნა დამღუპველი იქნება, თუმცა გეუბნებით იმას, რასაც პირადად ვხედავ - ბრძოლის ველზე ისეთი დინამიკაა, რუსეთი ამ ომს წააგებს!

- თავად თქვით, რომ აზოველებს და "აზოვსტალის" ქარხნის ბუნკერში დამალულ მშვიდობიან მოსახლეობას რუსებმა უზარმაზარი სამხედრო რესურსი დაახარჯეს. რატომ არის მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს ტერიტორია?

- სურთ პატარა წარმატებას მაინც მიაღწიონ და იმიტომაც ჩააცივდნენ მარიუპოლს. მარიუპოლის აღებით რუსეთი ოდნავ წინ გადმოსწევდა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს. სტრატეგიულად ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქალაქში ქალები და ბავშვები არიან ჩარჩენილი. ამასთან, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აზოველების გადარჩენაც, რუსებისთვის კი ქალაქის აღება პრინციპის საკითხია.

- ხალხს გადარჩენის შანსი თუ აქვს?

- ჯერ უძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსები სხვადასხვა მსხვილი კალიბრის არტილერიით ბომბავენ. ამას უმთავრესად სამოქალაქო პირები ეწირებიან.

- მხოლოდ სამოქალაქოები?

- სამხედროებიც, მაგრამ ეს არც შეედ­რება იმ მსხვერპლს, რაც რუსეთს ყოველდღე მიაქვს მარიუპოლის მიდამოებიდან.

- კარგია, რომ ქართველები უკრაინელების მხარდამხარ იბრძვით, მაგრამ ჩვენთან ცუდი ხმები ჩამოდის თქვენ შორის დაპირისპირებაზე.

- სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება არ არის. უბრალოდ არის რამდენიმე პროვოკატორი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ. ისინი დიდი ხანია იქ მუშაობენ და უკრაინელებს ატყუებენ...

- რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ გვარ-სახელებს, ფაქტია, ქართული ლეგიონის წინააღმდეგ ინტ­რიგებს­ ხლართავენ.

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს­ წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლებს ბრიტანელი სპეციალისტები წვრთნიდნენ.

- ეს სიცრუეა. ჩვენი ლეგიონი იმთავი­თვე პროფესიონალი ოფიცრებისგან იყო დაკომპლექტებული, მათ შორის იყვნენ ბრიტანელებიც. ქართული ლეგიონი 8 წლის წინ ათმა ქართველმა ჩამოვაყალიბეთ­. ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ. მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების ხალხს­ ვიღებდით, რადგან წვრთნის დრო არ გვქონდა. პირველად ოთხი ამერიკელი გვყავდა­, მერე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოგვიერთდნენ. დღეს ქართულ ლეგიონში 32 ქვეყნის წარმომადგენელი პროფესიონალი სამხედროა.

- უცხოური მედია ხშირად ინტერესდება ქართული ლეგიონის ისტორიით. რით ახერხებთ უცხოელების ყურადღების მიქცევას?

- ალბათ, იმით, რომ ქართული ლეგიონი ყველაზე დიდი საერთაშორისო შენაერთია უკრაინულ ჯარში, ამასთან, მთლიანად პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ოფიცრები და მთელი 8 წლის განმავლობაში ყველაზე რთულ ოპერაციებს ვატარებთ, რაც მთავარია, დანაკარგის გარეშე. მხოლოდ ერთი ქართველი გვყავს ახლა მსუბუქად დაჭრილი.

- წინააღმდეგი იყავით, რომ საქართვ­ელოდან მოხალისეების ჯგუფი ჩამოსულიყო.

- იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია თითოეული­ ქართველის სიცოცხლე.­ ეს არის დაუნდობელი, უთანასწორო ბრძოლა და საჭიროა არა მარტო სამხედრო, არამედ საომარი გამოცდილებაც...

- ქალები თუ გყავთ რაზმში?

- კი, მაგრამ პარამედიკების ჯგუფებში. ფრონტის ხაზზე არ გაგვყავს. მათ არა აქვთ სპეცჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.

- რუსეთის პროკურატურამ თქვენს წინა­აღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო­, ბრალად რუსი ჯარისკაცების წამება­ დაგდოთ.

- სინამდვილეში, რუსეთის პროკურატურამ, როგორც სჩვევია, ისტორია თავად გამოიგონა. გაავრცელეს ვიდეოები, რომელთაც აწერია, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა რუსი ტყვეები დახვრიტეს. მაგ ვიდეოებთან არც მე და არც ჩემი ლეგიონის წევრებს საერთო არაფერი გვაქვს. ჯერ ერთი, იქ რუსულად არის საუბარი, ქართველსაც­ არავინ ჰგავს. ჩვენ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ.

- შესაძლოა შურისძიების ობიექტი გახდეთ.

- შურისძიების ობიექტი ვიქნები თუ არა, რუსეთისგან საფრთხე ყველა შემთხვევაში მელის. რუსებს ბოლო დროს დიდი ზიანი მიაყენა ქართულმა ლეგიონმა, ამიტომ მთავარ სამიზნეებად ვიქეცით, ჯილდოები აქვთ ჩვენზე დაწესებული, რუსეთის მტრებად ვართ გამოცხადებული, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ. ქართული ლეგიონის გაშავებისთვის 8 წლის განმავლობაში ოთხი ფილმი გადაიღეს, ერთი იტალიელებსაც გადააღებინეს. ხან მსახიობებს იყენებენ ჩვენი დისკრედიტაციისთვის, ხან ქართველ მოღალატე პროვოკატორებს.

- მაგრამ შესაძლოა თქვენი განცხადებების საფუძველზე, სადაც ამბობთ, რომ რუსებს ტყვეებად არ აიყვანთ, უკრაინის ხელისუფლება­ იძულებული გახდეს პასუხისგებაში მიგცეთ.

- გამორიცხულია! შტაბში გვაქვს გამოკრული დიდი აბრა, რომელზეც ჟენევის კონვენციის წესდებებია ჩამოწერილი. დასავლეთიდან ჩამოსულ ოფიცრებს არაფერი შეეშლებათ, ჩვენებიც ყურადღებით ეცნობიან ამ დებულებებს. არავინ აპირებს ჟენევის კონვენციის დარღვევას. ამას გარდა, მე თავად ვარ ტყვედ ნამყოფი და ვიცი, რას ნიშნავს ეს. შესაბამისად, ქართული ლეგიონი რბილად არა, მაგრამ ადამიანურად ექცევა ტყვეებს და რაც მთავარია, ჩვენ არ ვიტოვებთ ტყვეებს, მათ დაუყოვნებლივ უკრაინულ მხარეს გადავცემთ. ბავშვების გაუპატიურების შემდეგ ემოციური ფონი მძიმე იყო და არც ერთ ჩვენგანს არ სურდა რუსების ტყვედ აყვანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ემოციების მოთოკვა, იმიტომ, რომ პროფესიონალი მეომრები ვართ და არა მკვლელები, იმიტომ, რომ ქართველები ვართ და არა რუსები. რუსებს სურთ ისეთებად წარმოგვაჩინონ, როგორიც თავად არიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან ვერაფერს გახდებიან!

ხათუნა ბახტურიძე