"ატომური აფეთქება არ იქნება, მაგრამ ევროპას რადიოაქტიური მოწამვლა გარანტირებული აქვს“ - კვირის პალიტრა

"ატომური აფეთქება არ იქნება, მაგრამ ევროპას რადიოაქტიური მოწამვლა გარანტირებული აქვს“

"რუსეთს სურს უკრაინა ზღვის გარეშე დატოვოს... ამის მერე, პუტინმა რომ ბრძანება გასცეს, მოდი, კიევს დავუბრუნდეთო, არავის გაუკვირდეს", - გვეუბნება თადარიგის პოლკოვნიკი ვასილ­ გოგოლაძე.

- დღევანდელი მდგომარეობით რუსეთ-უკრაინის ომში ორი აქტივობაა: მარიუპოლის ბრძოლები და მეორე ნაკლებად­ აქტიური - რუსული ძალების გადაჯგუფება დონბასის მიდამოებში. თუ რუსები იქ ძალების კონცენტრირებას მოახერხებენ, უკრაინულ მხარეს უჩნდება ე.წ. ქვაბში მოქცევის საშიშროება - უკრაინული ჯარის იმ ნაწილს, რომელიც აღმოსავლეთით მოქმედებს, ალყაში მოაქცევენ. თუ რუსებმა კრამატორსკისკენ და სამხრეთით მოახერხეს წინსვლა, ცუდი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა უკრაინაში ხალხი და ჯარი ერთსულოვანია, ამიტომაც დაბომბვები, ძირითადად, მიმართულია, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხის დასასჯელად და, მეორე მხრივ, მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოსაწვევად. დღეს უკრაინელი­ მოსახლე ჯარისკაცს ეუბნება, მოდი, ჩემი სახლიდან ისროლე ან ჩემს სახლში რუსები არიან და დაბომბეთო. ეს ძალიან ფასეულია, ასეთი შემთხვევა ბევრია და რუსეთი ცდილობს მოსახლეობა ამისთვის დასაჯოს. როცა მთელი ერი ომობს, ამაზე დიდი ძალა არ არსებობს.

- გვაქვს თუ არა საქმე ეთნიკურ წმენდასთან უკრაინაში, თუ გენოციდია?

- ეთნიკური წმენდა იყო ცხინვალის რეგიონში, სადაც თამარაშენიდან კეხვამდე სოფლები ბულდოზერებით გადაასწორეს.

- რუსეთის ჯარს ადამიანური რესურსის პრობლემა მართლა აქვს?

- უკრაინის წყაროებით, განადგურებულია 20 ათასამდე რუსი სამხედრო. ადამიანური რესურსი ჯარში ფასეულია, მაგრამ უფრო ფასეულია გამოცდილი მებრძოლი. ომის პირველ ფაზაზე რუსეთმა სწორედ გამოცდილი მებრძოლები დაკარგა. მაგალითისთვის ავიაცია ავიღოთ - რუსეთი დიდი ქვეყანაა და დღეში შეიძლება 5-10 თვითმფრინავის გამოშვებაც შეძლოს, მაგრამ შეუძლებელია დღეში 10 გამოცდილი­ მფრინავის გამოშვება. როდესაც თვითმფრინავს აგდებ, მფრინავიც ხომ იღუპება?

მარიუპოლის ჩრდილოეთით, სტეპში,­ ომი ძალიან ძნელია, მტერი შორიდან გხედავს და განადგურებს. აქედან გამომდინარე, უკრაინელებს სერიოზული ძალა დასჭირდებათ - როდესაც თავდაცვით ბრძოლაში ხარ, თავდაცვაში მყოფი ერთი მებრძოლი მოწინააღმდეგის მინიმუმ სამ მებრძოლს ანადგურებს. ვინაიდან ამ ეტაპზე რუსებს ძირითადად შეტევითი ოპერაციები აქვთ, მოწინააღმდეგეზე მინიმალური­ უპირატესობა რომ დაგეგმო, შეფარდება უნდა გქონდეს ერთი სამთან - ანუ თუ 10 კაცი იცავს პოზიციას, მის ასაღებად მინიმუმ 30-კაციანი ჯგუფი უნდა გყავდეს.

- ბირთვულ საფრთხეზე რას იტყვით?

- 2008 წლამდე რუსებმა საკანონმდებლო ცვლილება შეიტანეს კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, რუსეთს შეეძლო ძალის გამოყენება რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად და 2008-ში თქვა, კონსტიტუციის მიხედვით ვმოქმედებდიო. რუსეთმა 2020 წლის 20 ივნისს დაამტკიცა დოკუმენტი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. იქ პირდაპირ წერია, როდის შეიძლება გამოიყენოს. მაგალითად, თუ საქართველომ თავის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო შეიარაღება განათავსა, რუსეთს საკანონმდებლო დონეზე უფლება აქვს გესროლოს. კონსტიტუციაში ისიც წერია, რომ თუ რუსეთზე სერიოზული კიბერშეტევა მიიტანეს, შეუძლია ატომური იარაღის გამოყენება გადაწყვიტოს. ასევე გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის დროსაც. უბრალოდ, დღეს ეს არ სჭირდება, არა აქვს ამისი არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური საჭიროება იმიტომ, რომ ჯერ რესურსები აქვს. დავუშვათ, მოინდომოს ატომური ვარიანტის გათამაშება. მას შეუძლია ჩვეულებრივი რაკეტა "შემთხვევით" ესროლოს ჩერნობილს, რასაც, დიდი ეჭვი მაქვს, ისევ უკრაინელებს დააბრალებს. ატომური აფეთქება არ იქნება, მაგრამ ევროპას რადიოაქტიური მოწამვლა გარანტირებული აქვს.

- უკრაინისა და აფხაზეთის ტრაგედიებს შორის ხშირად ავლებენ პარალელს...

- "თეთრ არწივში" დაზვერვის უფროსი ვიყავი, ორივე ომში მიბრძოლია და როგორც ვიცი, აფხაზეთში რუსებს ოფიციალური მოტივი არ ჰქონდათ, ამტკიცებდნენ, ჩვენ არა, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები გეომებიანო. თურმე სოხუმს რუსული თვითმფრინავები კი არა, ქართველები ვბომბავდით. იგივე ხდება უკრაინაშიც­ - თუკი სადმე რამე ჩამოვარდება, 5 წუთში რუსეთი განცხადებას ავრცელებს, უკრაინელებმა დაბომბესო. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის მიზეზი იყო რუსი სამშვიდობოების დაცვა და ე.წ. რუსულენოვანი და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება­. ვიცით, რუსებმა როგორ შექმნეს სოკოებივით თავისი მოქალაქეები ცხინვალის რეგიონში,­ ისევე როგორც აფხაზეთში (ჩამოუარეს და დაურიგეს პასპორტები). ამ ლოგიკით შეიძლება რუსეთმა­ ამერიკას დაუწყოს ომი, რადგან ბრაიტონ-ბიჩზე იმაზე მეტი რუსი ცხოვრობს, ვიდრე ერთად აღებული ცხინვალსა და აფხაზეთში.

რუსებს ერთი "გენიალური" ფრაზა აქვთ - "რუსკოიაზიჩნოე ნასელენიე". ისინი ერთად განიხილავენ როგორც რუსეთის მოქალაქეს, ასევე რუსულენოვანს.

2008 წელს, როდესაც დასავლელ ოფიცრებს, ნატოს წარმომადგენლებს ვეუბნებოდი, რუსეთი შემოგვიტევს-მეთქი, ეღიმებოდათ, რუსეთი მდიდრდება, ვითარდება, ომს კი, როგორც წესი, მშიერი და გაბრაზებული­ ერი იწყებსო... ჩვენგან განსხვავებით, უკრაინას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დალოდებოდა, სანამ რუსეთი დაარტყამდა. ჩვენ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით აქტიურობა რომ არ დაგვეწყო­, 8-ში რუსების ტანკს თბილისში ვნახავდით. სამაგიეროდ, მაშინ რუსეთმა შეძლო მსოფლიოს დარწმუნება, რომ ქართველებმა ჩემი მშვიდობისმყოფელები დაბომბეს და ამიტომ მომიწია ასეთი რაღაცის გაკეთებამო. ამიტომაც გვქონდა მაშინ ნაკლები მხარდაჭერა... საქართველოს ომი არც დაუწყია და არც დაუმთავრებია. საქართველო ომს დაამთავრებს მაშინ, როცა აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას.

- რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი უკრაინის­ დენაციფიკაცია იყო. ახლა დასჯერდება ის მინიმუმს - დონბასის რეგიონებს?

- რუსეთისთვის იდეალური სცენარი იყო უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა. ეს იყო კლასიკური ავღანეთის სცენარი - როდესაც ავღანეთში შევიდნენ, მოკლეს ამინი და ვინც დასვეს, მან პირველი რაც გააკეთა, ოფიციალური ტელეგრამა გაგზავნა მოსკოვში, ჯარები შემომიყვანეთო. რუსეთს ეს ვარიანტი ჰქონდა დაგეგმილი - აეღო კიევი, შეეცვალა ხელისუფლება და დაესვა მისი ნება-სურვილის შემსრულებელი მარიონეტი მთავრობა. ეს არ გამოუვიდა.

რუსეთს პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ სურს უკრაინა დატოვოს ზღვის გარეშე. ამის მერე პუტინმა რომ ბრძანება გასცეს, მოდი, აბა, კიევს დავუბრუნდეთო, არავის გაუკვირდეს.

- რა შეაჩერებს პუტინს?

- უკრაინელების გააფთრებული წინააღმდეგობა და მეორე - ეკონომიკური სანქციები. იმისათვის, რომ სანქციებმა ეფექტი მოგცეს, 3-6 თვე მაინც არის საჭირო... უკრაინა ხმელეთზე მშვენივრად ეომება რუსეთს. მათი პრობლემა ანტისარაკეტო სისტემაა. რუსებმა საქართველოში 8 აგვისტოს დილიდან მასიურად დაიწყეს Су-25-ების ორი პოლკის გამოყენება. მარტო 8-9-ში საქართველოს ანტისაჰაერო ღონისძიებებით რუსებმა დიდი დანაკარგი მიიღეს. ჯამში, 22 თვითმფრინავი აქვთ დაკარგული და დაზიანებული. ამიტომაც განაცხადეს უარი ორი პოლკის რუსმა მფრინავებმა საქართველოში გამოფრენაზე. შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა, ბრძოლაში სხვა ქვედანაყოფები და მფრინავები ჩაერთო. როცა ცნობილი Ту-22 ჩამოაგდეს, ის არც ერთი სცენარის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს ტერიტორიაზე, სტრატეგიული ბომბდამშენია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩამოვარდა, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა რუსეთს. იგივეა ახლაც: რუსებს მფრინავების პრობლემა აქვთ, მაგრამ რაკეტის გამოყენების დროსაც აუცილებელია რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, რათა რაკეტის აღმოჩენა და განადგურება შეძლონ მანამ, სანამ ის ჩამოვარდება. უკრაინელებისთვის ყველაზე სერიოზული დახმარება იქნება ცის ჩაკეტვა სარაკეტო დარტყმებისთვის... თუ რუსეთმა მარტო ლუგანსკი და დონეცკი დაიტოვა (თუმცა, ვფიქრობ, აზოვის ზღვის კორიდორსაც დაიტოვებს, ყირიმთან რომ შეძლოს სახმელეთო მიმოსვლა), მარიუპოლის ქვემოთ რაც არის, აზოვის ზღვის მხარე, მინიმუმ ამის დატოვებაზე ექნება პრეტენზია. დაწყებული აქვთ საუბარი ხერსონის რესპუბლიკის გამოცხადებაზეც... უკრ­აინა მთლიანად რომ გაიწმინდოს და რუსეთი გავიდეს, ამის შანსს ახლო მომავალში ვერ ვხედავ. საერთოდ, ყველა ომის აქტიური ფაზა ზაფხულია და, ალბათ, ეს ომიც სადღაც შემოდგომამდე გაგრძელდება. რუსეთს ახლა ადამიანური რესურსი ფეხზე ჰკიდია - 140-მილიონიანი ქვეყანაა და 20 ათასი კაცის დაკარგვა კრემლისთვის არაფერია. ამდენი რუსეთში ყოველდღე კვდება ავარიებისა და ლოთობისგან.

- საქართველოს თუ ელის მორიგი "სიურპრიზი" რუსეთისგან?

- თუ რუსეთმა ცუდად დაასრულა, დაუოკებელი სურვილი ექნება, სადმე გაიმარჯვოს და პატარა გამარჯვება მიჰყიდოს რუსებს. მეორე მხრივ, თუ მიზანს მიაღწია უკრაინაში, მერე აქეთ წამოვა. მთელი ერი უნდა იყოს მზად ომისა და გამარჯვებისთვის. თქმა იმისა, რუსთან რას გავხდებითო, არაა მართებული. როდესაც შენს ტერიტორიაზე მყარად დგახარ და მას მტრისგან ათავისუფლებ, ეს უკვე რუსეთზე­ გამარჯვებაა. ყოველთვის მშვიდობა მირჩევნია ომს, მაგრამ მშვიდობა ომში გამარჯვების შემდეგ. ერი თუ მოინდომებს, გაიმარჯვებს.