უკრაინის ომში დაღუპული ქართველი გმირები - კვირის პალიტრა

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი გმირები

ბუჩის უმძიმესმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ქუჩაში დაყრილი ცხედრები, გაუპატიურებული და ნაწამები ქალები და ბავშვები, დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეები - ეს რუსების ხელწერაა და ქართველ ხალხს გამოცდილი აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში. აფხაზეთის ომში, რომელიც 1993 წელს სოხუმის დაცემით დასრულდა, ხუთი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. მაშინ უმძიმესი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა, მაგრამ ახლა, როცა უკრაინა დამნაშავეების დასჯას ითხოვს, ჩნდება იმედი, რომ ოკუპანტებს საქართველოში ჩადენილი სისასტიკისთვისაც მოუწევთ პასუხისგება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ სამოქალაქო პირთა არასრული სია, რომლებიც აფხაზეთში დახოცეს და მოთხრობილია 3 ათასამდე ადამიანის უმძიმესი ხვედრის შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ მომხდურები არავის ინდობდნენ, ხოცავდნენ ბავშვებსაც, ხშირად - ოჯახის წევრებთან ერთად.

ნათელი მაგალითი იმისა, რა გამოიარეს­ ქართველებმა, არის რამდენიმე დღის წინ უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას ოჯახის ამბავი. ამ ოჯახის სამი თაობა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. 1994 წლის 7 თებერვალს ალიკას ბაბუა, 60 წლის ჭიჭინი ცაავა თავის ძმასთან, მირიანთან ერთად აფხაზებმა და რუსებმა ე.წ. წმენდის დროს საკუთარ სახლში დააბეს, აწამეს და მერე დაწვეს. მამა, ედემი ცაავა, 41 წლის ასაკში­ მოკლეს და ახლა 39 წლის ალიკა ცაავა­ უკრაინაში დაიღუპა. იმ საბედისწერო დღეს უკრაინაში დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი: არკადი კასრაძე და ზაზა ბიწაძე, დაიჭრა ზურაბ მუშუქია, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუბეჟნოეში ოპერაციაზე შესულ ბატალიონს პოზიციების გამაგრებისას ჩეჩნებმა ჩასაფრება მოუწყვეს. ჰაერსაწინააღმდეგო­ კურსის სერჟანტ-ინსტრუქტორი, გამოცდილი სამხედრო არკადი კასრაძე ბრძოლის ველზე­ დაეცა, ზურაბ მუშუქია კი დაიჭრა. ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე რუბეჟნოეში დაჭრილების გამოსაყვანად წავიდნენ, მაგრამ დანაღმულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მათი მანქანა გადაბრუნდა და დაიღუპნენ. ქართველი მეომრების ცხედრები ვლადიმირსკის ტაძარში დაასვენეს, სადაც პანაშვიდი ჩატარდა. ამის შემდეგ მათ სამშობლოში მშობლიურ მიწას მიაბარებენ.

არკადი კასრაძეც დევნილია ცხინვალი­დან, ზაზა ბიწაძე კი რუსთაველი იყო. რუსეთ-უკრაინის ომში უკვე ცხრა ქართველი­ დაიღუპა: დავით გობეჯიშვილი, დავით რატიანი, გიორგი ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით მენაბდიშვილი, ნიკა შანავა­, ზაზა ბიწაძე, არკადი კასრაძე და ალიკა ცაავა. "აზოვის" ერთ-ერთი მეთაურის, ბახვა ჩიქობავას, ცხედარი ისევ ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლშია და საომარი მოქმედებების გამო გადმოსვენება ვერ ხერხდება.

ოკუპანტს შეწირული სამი თაობა

ალიკა ცაავას ოჯახი წალენჯიხაში, ჯვარში ცხოვრობს. მას ზუგდიდში, მამის გვერდით დაკრძალავენ.

ვიტალი ცაავა, ალიკას ძმა: - აფხაზეთიდან დევნილები ვართ, სოფელ აჩიგვ­არა­ში ვცხოვრობდით. მეოთხე და მეხუთე­ კლასში ვიყავით, აფხაზეთის­ ომი რომ დაი­წყო. მახსოვს, ბიძაჩემი მოვიდა, სასწრაფოდ­ უნდა წაგიყვანოთ აქედან, აფხაზები მოდიან­, ბავშვები უნდა გავხიზნოთო. ენგურთან ახლოს, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მიგვიყვანეს, მაგრამ მალე იქაც გამო­ჩნდა ტანკები და ზუგდიდში წამოვედით. იქ ჩვენი მამიდა ცხოვრობდა... სულ გვქონდა უკან დაბრუნების იმედი, მაგრამ უშედეგოდ. მამაჩემი ვერ ეგუებოდა­ დევნილობას. აფხაზეთის ომში ბოლომდე იბრძოდა. ჩვენ რომ წამოვედით, აფხაზეთში ბებია და ბაბუა დარჩნენ, იმ იმედით, რომ ასაკოვნებს ოკუპანტები არ შეეხებოდნენ. ბაბუაჩემი და მისი ძმები აჩიგვარაში ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ბაბუა 60 წლის იყო, მისი ძმა მირიანი - ერთი წლით უმცროსი. აფხაზებმა და რუსებმა ორივე ძმა მოკლეს და ცხედრებს ცეცხლი წაუკიდეს. ამან სულ გააგიჟა მამაჩემი, განადგურებული იყო, აფხაზეთის დაკარგვას ვერ ეგუებოდა და 1997 წლამდე პარტიზანულად ომობდა, 1997 წელს კი 41 წლისა მომიკლეს აგრესორებმა. საბერიოსა და მუჟავის საზღვართან შეტევის დროს მასთან ერთად კიდევ ხუთი ქართველი პარტიზანი დაიღუპა. მაშინ მერვე კლასში ვიყავი. ორი ძმა და ერთი და ობლად, წვალებით გაგვზარდა დედამ. მერე ჩემი ძმა ჯარში წავიდა და მას შემდეგ 12 წელი "კომანდოსში" მსახურობდა. ქვეყნის სადარაჯოზე იდგა, უკან არასოდეს დაუხევია. 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა და ფეხში დაიჭრა. მერე უკრაინაში წავიდა, იქ ხერსონელი გოგო გაიცნო და ცოლად შეირთო,­ შვილი არ ეყოლათ და გერმანიაში წავიდნენ, რომ ემკურნალათ. ნახევარი წელია, რაც უკრაინაში დაბრუნდა. კიევში ჩემი ბიძაშვილი იყო ჩასული და სწორედ ამ დროს დაიწყო ომი. ბიძაშვილი თავისი­ ოჯახით სამშვიდობოს გამოაცილა და თვითონ დარჩა, მე მეომარი ვარ და ბოლოდე­ ვიბრძოლებ, რუსებმა ოჯახის წევრები დამიხოცეს და მათ უნდა ვებრძოლო, რადგან უკრაინა თუ დაჩაგრეს, საქართველოსაც აიღ­ებენო. წინა ხაზზე ომობდა...

- გირეკავდათ?

- ყოველდღე გამონახავდა დროს, რომ დაგვკავშირებოდა, იცოდა, ძალიან ვნერვიულობდით. დედაჩემი ძალიან განიც­დიდა. 41 წლის ქმარი ომში დაეღუპა და ეშინოდა, შვილსაც რამე არ მოსვლოდა... ძალიან დიდი უბედურება გადაიტანა ჩვენმა ოჯახმა, ახლა კი - ეს აუტანელი ტკივილი! ბაბუა და მისი ძმა სახლში რომ ჩაწვეს, ამ საშინელ კადრებს ბებიაჩემი უყურებდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და დაიმალა.­ საწყალმა, მერე ჩუმად დაკრძალა ისინი, თუმცა დასაკრძალიც რა იყო - ძმების ერთი მუჭა ძვლები მოაგ­როვა, პირსახოცში გაახვია და ისე დამარხა, მერე კი ძლივს­ გამოაღწია აფხაზეთიდან. ძალიან ძლიერი ქალი იყო, წელს კი კორონას ემსხვერპლა...

- გალში ვერ ჩადიოდით?

- ჩვენი სახლი დამწვარია და ვერიდებოდით იქ ჩასვლას, თუმცა ბებო ჩადიოდა­ - სასაფლაო გააკეთებინა და იქ ხშირად მიდიოდა, გაჭირვების მძიმე წლებში კი იქიდან ჩამოტანილი საჭმლით გვარჩენდა. მამაჩემი და ბიძაჩემი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და რომ არა ომი და დევნილობა, ბედნიერები ვიქნებოდით... ალიკა ჩემზე ერთი წლით უმცროსი­ იყო. კარგი ძმობა გვქონდა, დიდი სიყვარული. ომის ვეტერანი კი იყო, მაგრამ არასოდეს უსარგებლია რამე შეღავათით. დასჭირდა, ოპერაციის ფულიც თავისი ჯიბიდან გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ომში დაიჭრა. დედა რომ ასე ნერვიულობდა, მეც ვთხოვდი, წამოსულიყო, ვუბრაზდებოდი, მეც ჩამოვალ და იძულებული იქნები, ჩემთან ერთად წამოხვიდე-მეთქი. შენ ვერ წამოხვალ, ბავშვი გყავს და იმას მიხედეო... ზუგდიდში დავკრძალავთ ჩემს ძმას - იქ არის მამაჩემისა და ჩემი ნათესავების საფლავები.

"არ მინდა ჩემმა შვილებმა ის ნახონ, რაც მე ვნახეო"

არკადი კასრაძე 40 წლის იყო, პროფესიონალი სამხედრო. წლების წინ გორის­ სატანკო ბატალიონში მსახურობდა, მერე კრწანისის ცენტრში სერჟანტ-ინსტრუქტორი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა, ერგნეთიდან დევნილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ოცნებობდა.

ავთანდილ სურმანიძე, მეომარი: - არკადი 2014 წელს კრწანისის ჰაერსაწინააღმდეგო მომზადების კურსზე გავიცანი. მან შემასწავლა საზენიტო რაკეტების მექანიზმები, მონაცემები­ და ზუსტი სროლა,­ ჩემი სერჟანტ-ინსტრუქტორი იყო. 1-ლ მარტს, როცა უკრაინაში საომრად წასვლა გადავწყვიტე, არკადის დავურეკე, დამხმარებოდა მექანიზმების გახსენებაში. მითხრა, მეც მინდა წამოსვლაო. ის მაშინ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სამუშაოდ იყო წასული.­ 5 მარტს ჩვენ აქედან ჩავედით უკრაინაში, ის უცხოეთიდან ჩამოვიდა და თავის მეგობრებთან დარჩა, ქართული ბატალიონის ბიჭებთან. მათთან ერთად პარტიზანულ დანაყოფებში­ 43 დღის განმავლობაში ებრძოდა რუსულ და ჩეჩნურ დაჯგუფებებს. გამოცდილი მეომარი იყო. ყოველთვის ამხნევებდა ბიჭებს, ფიზიკურად და მორალურად მათ გვერდით იდგა. მის გვერდით თითქოს ყველაფრის გაკეთება ადვილი იყო. ამბობდა, არ მინდა ჩემმა შვილებმა ის ნახონ, რაც მე ვნახეო. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე!

"მთელი ცხოვრება იდგა ქვეყნის სადარაჯოზე"

50 წლის ზაზა ბიწაძე რუსთავიდან იყო. სამი შვილის მამა წლების განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა. 2015 წლის დეკემბერში დაიჭრა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა, 17 აპრილს კი გმირულად დაეცა.

მარი ხუბაშვილი, თანაკლასელი: - ზაზა გამორჩეული იყო, სამშობლოსთვის თავდადებული. მთელი ცხოვრება იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. ერთ უბანში გავიზარდეთ. სამი შვილის მამა იყო, შვილი­შვილიც ჰყავს. ბოლო დროს მისი მესენჯერი მწვანედ რომ აციმციმდებოდა, გვიხაროდა, მეგობრები ერთმანეთს ვწერდით, ზაზა გამოჩნდაო. თვითონაც გვეუბნებოდა, ამდენი მესიჯი რომ მხვდება, მიხარიაო. ძალიან კარგი მეგობარი დავკარგეთ.­ ის გმირია!