"სანამ ამ ქვეყანაში ბოლო უკრაინელი არსებობს, თავის წილ უკრაინას არ დათმობს“ - კვირის პალიტრა

"სანამ ამ ქვეყანაში ბოლო უკრაინელი არსებობს, თავის წილ უკრაინას არ დათმობს“

"ომი რომ დამთავრდება, ნანგრევებიდან ახალს ავაშენებთ და ფეხზე დავდგებით“

გასულ კვირას, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მხარემ უკრაინის აღმოსავლეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მის ძალებს შეუძლია ახალი თავდასხმების მოგერიება. ნიკოლ გაისაი კიევის გარეუბანში ცხოვრობს. მისი სახლი დაბომბვას ვერ გადაურჩა, დარჩა მხოლოდ ნაწილი, რომელსაც თავშესაფრად იყენებდნენ. ომის დაწყების დღიდან ის თავის ძმასთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა, უმცროსი და კი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორია. მას 24 თებერვლიდან იარაღი ხელიდან არ გაუშვია.

- ჩვენი დასახლებული პუნქტი კიევის ახლოს არის. მშობლები ბუჩაში ცხოვრობდნენ, ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, იმიტომ, რომ შვილები ომში ჰყავდათ, ყველაზე უმცროსი კი, ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, სახლი არ დატოვეს. არადა, ადმინისტრაციამ გაგვაფრთხილა, თუ სამხედროები შემოვლენ და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ბუჩა მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის შეუძლებელი გახდება, ამიტომ ყველამ თქვენი ოჯახის წევრები დროებით გაიყვანეთო. დედ-მამა არ გავიდა, საკვებს ამზადებდნენ და მე და ჩემი ძმა თავშესაფარში მყოფი ხალხისთვის ვეზიდებოდით. თანდათან კიევის შემოგარენზე იერიშები გაძლიერდა. მოხუცი მშობლები თითქმის ყოველღამ მიგვყავდა თავშესაფარში, მერე ისე გახშირდა დაბომბვა, ვეღარ ვასწრებდით. მამა გამოიყვანდა თავის ძველ ველოსიპედს, შემოისვამდა დედას წინ, უკან კი სურსათით დატვირთულ ჩანთას დებდნენ და უახლოესი შენობების სარდაფებს აფარებდნენ თავს. პირველ ხანებში მსხვერპლს უბნების, ქუჩების მიხედვით ვითვლიდით - ამ ქუჩაზე ერთი, იმ ქუჩაზე - სამი... შემდეგ ოჯახებზე გადავედით - მალანების ოჯახიდან ორი დაიღუპა, გონჩარენკოები მთლიანად ამოწყვიტეს. ბოლოს გადარჩენილების დათვლა დავიწყეთ - მაზურების ოჯახში არავინ დარჩა, დანიშუკების მხოლოდ ბავშვები გადარჩნენ... ჭურვების კვალდაკვალ, არტილერია გვიტევდა, ხან მონაცვლეობით, ხან ერთობლივად. ვისხედით და ვითვლიდით, რამდენი ჩამოუყრიათ ერთ გადაფრენაზე. ყველაზე უარესი იყო სიჩუმე, ერთი, ორი, სამი... შემდეგ რამდენიმეწამიანი ან წუთიანი პაუზა და გამაყრუებელი აფეთქების ხმა. როგორც კი მიჩუმდებოდა, მაშინვე ყველანი გარეთ გამოვეფინებოდით და ოჯახის წევრებთან ვიწყებდით რეკვას, გადარჩნენ თუ არა. თუ ადრესატი არ პასუხობდა, ახლობლების ძებნას იწყებდნენ. ჯერ იმ მისამართის გარშემო, სადაც თავად ან მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, შემდეგ ქუჩებში, სადაც მოუხერხდებოდათ, სარდაფებში, ახალგაჭრილ სასაფლაოებზე, სადაც წინა ღამით დაღუპულ ადამიანებს მეორე დილით ვმარხავდით. ახალგაზრდა ქალი ვნახე, ფეხშიშველი, წითელი ქუდი ეჭირა ხელში - ბავშვი დავკარგე, გამიცივდებაო, აქეთ-იქით აწყდებოდა. ყველა ტრაგიკული ფილმის კადრი ამ ქალის შეშლილ თვალებსა და საუბარში იყო თავმოყრილი. კიდევ ვინ იცის, რამდენი ათასი ასეთი ჰყავს უკრაინას... სიგარეტი მთხოვა და რომ გამოველაპარაკე, მივხვდი, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. კარგად არ ახსოვდა, რა მოხდა, ალბათ, გონებაში ის საშინელი კადრები დაბლოკა. ტელეფონში ქმარ-შვილის ფოტო მანახა. მისი თქმით, ქმარი უცხოეთში იყო და ომის დაწყებისთანავე უნდა ჩამოსულიყო, ან შეიძლება ჩამოვიდა კიდეც და ქალს არ ახსოვდა. წამოდი, ფეხსაცმელი ვიპოვოთ, ასე შეგცივდება-მეთქი, ვუთხარი. არა, ჩემს შვილს სცივა, მე თბილად როგორ ჩავიცვაო, ისე გაოცებულმა მითხრა, თავი ამქვეყნად ყველაზე დამნაშავე ადამიანად ვიგრძენი. მეორედ რომ ვნახე, უარეს მდგომარეობაში იყო, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა, გოგონას წითელი ქუდი თბილი ქურთუკის ჯიბეში ედო. წყალი მთხოვა, ჩემი შვილი უნდა ვიპოვო და წყალი ენდომებაო. სარდაფში იშვიათად ჩადიოდა. ვთხოვე, წამოდი თავშესაფარში, იქნებ შენი გოგონაც იქ იყოს-მეთქი. კარგი ექიმი მეგულებოდა იქ, დამამშვიდებელს მაინც მისცემდა... მაშინვე წამოხტა, არა, ჩემი დიკულია იქ დავკარგე, სხვაგან ვერ წავიდოდაო - ის ქუჩა მანახა, სადაც ცხოვრობდნენ. რუსულ ჭურვებს იქაურობა ხორცსაკეპ მანქანად ჰქონდათ გადაქცეული, ერთი ქუჩისგან მხოლოდ ერთმანეთში არეული ბეტონის ნატეხები, დანახშირებული მანქანები, აფეთქების წნევისგან ქუჩაში გამოყრილი საყოფაცხოვრებო ნივთებიღა დარჩენილიყო... არ შევეშვი, წამოდი, დაბომბვა რომ გადაივლის, ერთად მოვძებნოთ-მეთქი. არ დამიჯერა - ჩემი შვილი გადარჩა, ვიციო, დარწმუნებით მითხრა. მერე გავარკვიე, რომ დედა-შვილმა დაბომბვისას დაკარგეს ერთმანეთი, ჭურვების ხმაზე შეშინებული ბავშვი ან ხელიდან დაუსხლტა დედას, ან აფეთქების წნევამ დააგდო ძირს. იმ ადგილს რამდენიმე დღე ინტენსიურად ამუშავებდა რუსული არტილერია. არავინ იცის, თავად ეს ქალი როგორ გადარჩა... შემდეგ რამდენიმეჯერ ვნახე იმავე ქუჩაზე. თავშესაფარში წასვლაზე ისევ უარი მითხრა. შემდეგ, როდესაც ეს საშინელება დასრულდა, ჩვენებმა კიევის მიმდებარე ტერიტორია რუსი ფაშისტებისგან გაათავისუფლეს, გავიგე, რომ სადისტ კადიროველებს დაუჭერიათ, აწამეს, გააუპაუტიურეს და დახვრიტეს. ერთ-ერთი მაღაზიის სათავსში ვიპოვეთ. ისე იყო დასახიჩრებული, მხოლოდ ბავშვის ქუდით ვიცანი და ტირილი მოვრთე... ალბათ, თავს ვერასდროს ვაპატიებ, რომ თავშესაფარში არ ჩავიყვანე, რამე უნდა მეღონა და იმ კაციჭამიების ხელში არ დამეტოვებინა.

- მშობლები გადარჩნენ?

- დედ-მამას რამდენიმე დღე ვეძებდით. მეზობლებმა მითხრეს, თავშესაფარში არ ჩამოსულან, სახლში შუქი ენთო, მაგრამ არავინ გამოჩენილაო. გვიან ღამე მივედი, მამა მაგიდაზე იყო დამხობილი, ზურგში უსვრიათ. დედა რამდენიმე დღის შემდეგ ვიპოვეთ, ფეხში იყო დაჭრილი. მაროდიორები სურსათის წასართმევად მისულან, მაგრამ არ გაუტანებიათ. მამა ყოფილი პოლიციელია. სულ რაღაც ხუთი წლის წინ დაანება სამსახურს თავი, მაგრამ რევოლვერის ტარების უფლება ჰქონდა. დედამ გვიამბო, პირველ ჯერზე მაროდიორები მოიგერია, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს ავტომატიანი სამხედროები მოიყვანესო. დედა გარეთ გამოვარდნილა, რა დროსაც ტყვია ფეხებში მიუყოლებიათ. ფორთხვით უვლია ახლობლის სახლამდე, სადაც უპატრონეს. მამა მაშინვე ჩაცხრილეს თურმე და რაც კი ნახეს, გაზიდეს.

ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან რამდენიმე ადამიანის ტრაგედია, მთელი უკრაინა ამ დღეშია და როგორ უნდა ვაპატიოთ რუსებს?.. ამას ხომ პუტინი არ აკეთებს, არც ლავროვი, არც შოიგუ, რუსები აკეთებენ, რიგითი სამხედროები, ოფიცრები, რომელთაც შინ ცოლ-შვილი ან დედა-მამა ჰყავთ. დღეს შეიძლება ერთი-ორი ქალაქი წაგვართვან, მაგრამ ამას არასდროს ვაპატიებთ, არ შევეგუებით. ჩემთვის ყველა რუსი, რომელიც ჩემს ოჯახს, ქალაქს, ხალხს, ქვეყანას სისხლში ახრჩობს, მტერია. სანამ ბოლო უკრაინელი არსებობს ამ ქვეყანაში, თავის წილ უკრაინას არ დათმობს. ჩემი მშობლების სისხლს, იმ შეშლილი ქალის წამებას არ ვაპატიებ. უკრაინა არასდროს ყოფილა რუსეთი, არც ძმები ვყოფილვართ, ეს საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი იყო.

მსოფლიო, საერთაშორისო საზოგადოებრიობა მხოლოდ იმას ხედავს, რასაც აჩვენებენ, რაც ზედაპირზე ჩანს. შუაგულ ევროპაში გენოციდი მოუწყვეს, მაგრამ ვიღაცები ბიზნესს, მილიონებს, კომფორტს ვერ ელევიან. რუსეთს ხომ ჩვენ ვეომებით, ჩვენი სისხლი იღვრება, უკრაინელები იხოცებიან და თუ ეს მონსტრი დაიშლება, ძალიან კარგი იქნება, ოღონდ ასიათასობით უკრაინელი, ადრე კი ათასობით ქართველის სიცოცხლის ხარჯზე. 2008 წლის ომის დროს, შემდეგ კი 2014 წელს, ევროპელ ლიდერებს თვალი რომ არ ეპაჭუნებინათ პუტინისთვის, ახლა უკრაინელების სისხლში აღარ ექნებოდა ხელები გასვრილი. ახლა კი, თუ გვეხმარებიან, იმიტომ, რომ საკუთარ თავს ეხმარებიან, რადგან ეშინიათ, ერთ დღესაც ბერლინში არ შეგრიალდეს რუსული ტანკი.

წლების განმავლობაში სტიქაროსანი ვიყავი, ეკლესიაში ვმსახურობდი და უფალს ვევედრებოდი, ისე წამიყვანე ამ წუთისოფლიდან კაცის ცოდვა არ დამადო-მეთქი, ახლა კი ყოველი ლოცვისას ვამბობ, უფალო, თუ ჩემთვის მოწყალება გინდა, მომეცი შესაძლებლობა, ჩემი ხალხის სისხლი ერთ რუსს მაინც ვაზღვევინო და იმავე წამს მზად ვარ სიკვდილისთვის-მეთქი... სად არის სიკეთე და სათნოება ამ ქვეყანაზე?.. თბილ კაბინეტებში, ფუფუნებაში?.. ჩვენ ვნახეთ სარდაფების კიბეებთან დამხობილი ადამიანები, რომლებიც საკანალიზაციო ჭებში შვილებს, და-ძმებს, დედ-მამის ცხედრებს ფარნებით ეძებდნენ, რომ მიწა, საერთო საფლავი მაინც ღირსებოდათ. ჩვენ გვიჭამია ბინძური ხელებით პური და თუნუქის კოლოფით ორმოდან ამოღებული წყალი მიგვიყოლებია, რომ გადავრჩენილიყავით. მე და ჩემი ძმა დანარჩენებთან ერთად რამდენიმე დღე და ღამე დავყვებოდით ადგილობრივებს, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებდნენ. დანგრეული შენობები, ფანჯრებჩამოგლეჯილი სახლები ექოდ აბრუნებდა სიცარიელეს. ამის შემდეგ ცოტა ხანს შენობის წინ სხდებოდნენ სულის მოსათქმელად, შემდეგ კი ცრემლიანი თვალებით გვეუბნებოდნენ, სასაფლაოზე წავიდეთ, იქნებ იქ იყვნენო.

ახლა, მას შემდეგ, რაც ჩვენებმა რუსები აქედან განდევნეს, მათი ჩადენილი საქმეები მთელი სისასტიკით გამოჩნდა. ხალხი თანდათან ბრუნდება. მე კიევში მაქვს ბინა და ისინი, ვისაც შემოგარენში სახლები მიწასთან გასწორებული დახვდა, შევიფარეთ. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ნანგრევებიდან ახალს ავაშენებთ და ფეხზე დავდგებით.

- თქვენი დის რა იცით?

- ომშია, ის და მისი საქმრო რომელიც ასევე სამხედრო პირია, ფრონტის ხაზზე დაქორწინდნენ. კარგი გოგოა, ჩვენი არმიის ღირსეული წარმომადგენელი და სამშობლოს იცავს.