"მინდა მჯეროდეს, რომ ეს კოშმარი მალე დამთვრდება“ - კვირის პალიტრა

"მინდა მჯეროდეს, რომ ეს კოშმარი მალე დამთვრდება“

"ავსტრიის ვიცე-კანცლერის, ვერნერ ქუგლერისა და სპორტისა და კულტურის განვითარების სამინისტროს ინიციატივით, 84 უდედმამოდ დარჩენილი ბავშვი ჩამოიყვანეს. კანცლერი და თანამდებობის სხვა პირები დილის 7 საათზე ჩვენთან ერთად იდგნენ ავსტრიის მთავარ სადგურში და ელოდებოდნენ ამ ულამაზეს ბავშვებს. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მონაწილეობა მივიღე ასეთ უანგარო, ღვთისნიერ საქმეში"

ავსტრიაში მცხოვრები ომარ ნუკრაძე მეუღლესთან, მომღერალ ია ღვინიაშვილთან ერთად­, უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს. ომარმა ჩათვალა, რომ ახლა სამსახურსა და საქმეზე მნიშვნელოვანი უკრაინელების დახმარებაა და ავსტრიის საქველმოქმედო ფონდ "კარიტასში" თარჯიმნად მუშაობს, უამრავ ადამიანს ხვდება და რუსეთის შეიარაღებული ძალების სისასტიკესა და დანაშაულებზე არაერთ ამბავს ისმენს.

- 17 წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად ევროპაში წამოვედი. ვლაპარაკობ ფრანგულად, გერმანულად, რუსულად და ინგლისურად. მყავს მეუღლე და შვილი, მაქვს კერძო ბიზნესი, მაგრამ ერთი თვის წინ ყველაფერს თავი დავანებე და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვეხმარები ავსტრიის "კარიტასს" უკრაინელებთან ურთიერთობაში.­ საგანგებო კორპუსის თარჯიმანი ვარ, რაც ნიშნავს, რომ ღამის 5 საათზეც კი, თუ თარგმანი დასჭირდებათ,­ უნდა ავდგე და წავიდე. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები დევნილების მისაღებ პუნქტებად გადაკეთდა; სამსახურებში თანამშრომლებს სთხოვენ, ვისაც დიდი სახლი აქვს, ერთი ოთახი დაუთმონ უკრაინელებს და ორი ადამიანი მაინც შეიფარონ.

ჩემი მეუღლე ქართულ-ავსტრიული კულტურის ცენტრის დამფუძნებელია. მისი ინიციატივით, 24 აპრილს ვენაში გაიმართა­ ქართული საქველმოქმედო კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად. ავსტრიაში წარმატებულმა ქართველმა ხელოვანებმა მარიანა-ბაია ქებაძემ, ნინო ქარელმა, რუსუდან კაჭკაჭიშვილმა და სალომე ცაბაძემ გამოფინეს ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები, ლილი ჯიშიაშვილმა კი უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები. შემოწირული თანხა უსახლკაროდ დარჩენილ უკრაინელ დევნილებს მოხმარდათ.

turistebi2-1650749436.jpg

- დაახლოებით რამდენი დევნილი შეიფარა ავსტრიამ და რა სტატუსით იღებენ მათ?

- ლტოლვილებად რომ მიიღონ, მათ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერის გავლა მოუწევთ: როდის სამედიცინო დაზღვევას მისცემენ, როდის - მუშაობის უფლებას (მხოლოდ სპეციალური კურსების გავლის შემდეგ აქვთ მუშაობის უფლება)... უკრაინელი დევნილები ამ ყველაფრისგან­ გაათავისუფლეს, თუმცა თავდაპირველად­ ენის ბარიერის გამო მუშაობა მაინც გაუჭი­რდებათ. ისინი სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებენ, ზოგი რესტორანი მათ უფასოდ ემსახურება. ვისაც ავსტრიიდან სხვა ქვეყნებში სურთ წასვლა, მათაც სასტუმროებში ვაბინავებთ. გარდა ამისა, ავსტრიამ უკრაინელებისთვის სარკინიგზო მიმოსვლა უფასოდ გამოაცხადა.

ამ ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 38 000 დევნილი ჩამოვიდა: ბავშვები, ქალები, მოხუცები და ნაკადი არ წყდება.

ავსტრიის ვიცე-კანცლერის, ვერნერ ქუგლერისა და სპორტისა და კულტურის განვითარების სამინისტროს ინიციატივით, 84 უდედმამოდ დარჩენილი ბავშვი ჩამოიყვანეს, უმეტესად - ბიჭები. ამ პროცესებში მე ვმონაწილეობდი, როგორც თარჯიმანი. კანცლერი და თანამდებობის სხვა პირები დილის 7 საათზე ჩვენთან ერთად იდგნენ ავსტრიის მთავარ სადგურში და ელოდებოდნენ ამ ულამაზეს ბავშვებს. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მონაწილეობა მივიღე ასეთ უანგარო, ღვთისნიერ საქმეში. აი, ეს განსხვავებაა რუსეთსა და ევროპას შორის: რუსეთის მთავრობა ბავშვებს მომავალს ართმევს, ევროპა კი მათ ულამაზეს მომავალს ჩუქნის! ვისურვებდი, მთელ მსოფლიოში ქვეყნის მართვის სადავეები ასეთი­ ადამიანების ხელში იყოს.

- ემოციურად, ალბათ, ძალიან რთულია იმის მოსმენა, რასაც უკრაინელები ჰყვებიან...

- ბოლო დღემდე ვამბობდი, წარმოუდგენელია, ამ საუკუნეში მართლმადიდებელმა ხალხმა ასეთი მასშტაბის ომი დაიწყოს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ გამოვიარეთ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ახლა, როცა ამ ხალხს ვუსმენ, ვფიქრობ, რომ რუსებს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვთ…

უკრაინიდან ძირითადად, ბავშვები და ქალები მოდიან, შეშინებულები, დაქანცულები. ზოგი მშობლიურ ენაზე ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებს. რაკი უკვე სამშვიდობოს არიან, დაფიქრების დრო აქვთ და უფრო მეტად განიცდიან, რაც თავს გადახდათ. სრულიად უცხო ადამიანი ხარ მათთვის, პირველად გნახეს, მაგრამ გიყვებიან, რა გამოიარეს, თავიანთ განცდებს გიზიარებენ. ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა, ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ პირობები, რომ ცხოვრება გააგრძელონ.

ერთი 9 წლის ბიჭი მიყვებოდა, რომ ის, რაც გამოიარეს, ტანჯვა იყო - ბავშვებსაც ესვრიან, თან ყველას დასცინიანო. დედამისი ამბობდა, რომ ჰუმანიტარულ კორიდორებსაც კი ცეცხლს უხსნიან, ამიტომ სცადეს, სწრაფად წამოსულიყვნენ და ბავშვები გამოეყვანათ.

განსაკუთრებით მოხუცებს უჭირთ. დასვენება სჭირდებათ, მაგრამ ვიდრე საბუთებს­ მოვაწესრიგებთ და დავანაწილებთ, ცოტა ხანს რიგში დგომა უწევთ, ამიტომ დიდი საწყობი დავცალეთ და საწოლები დავდგით, სადაც დასვენებასა და ჩვენთან საუბარს შეძლებენ. ვაგზალზე ბავშვებისთვის სასადილოც მოვაწყვეთ. ატირებული პატარები ისეთი მორიდებით კითხულობენ, შეიძლება თუ არა აიღონ ტკბილეული, გული გეტკინება. ამ ბავშვებს ხომ არასდროს დაავიწყდებათ, რაც იქ ნახეს! ენით ვერ აღვწერ, რა უბედურება ტრიალებს მათ თავს. 19 წლის გოგო ისტერიკულად ტიროდა­ და გაჰყვიროდა, სასწრაფოდ უკრაინაში, მამასთან დავბრუნდეთო. დედამისს შეეშინდა, იფიქრა, რომ ფსიქიკურად შეიშალა. იქ ჩვენ აღარაფერი გვაქვს და არც ის ვიცით, სად არის ჩემი ქმარიო, ამბობდა. 9 წლის გოგონა, რომელმაც დედა და მამა დაკარგა, მარტო ჩამოვიდა. თურმე­ დევნილების ნაკადს შეერია და ისე ჩამოაღწია აქამდე. წარმოგიდგენიათ, რას გრძნობდა ის ბავშვი?! ერთმა ქალმა, პროფესიით ექიმმა, როდესაც უკრაინის საელჩოში მიმყავდა, მიამბო, რომ ფანჯრიდან უყურა, თავისი საავადმყოფოს შიდაეზოში რუსი სამხედროები როგორ მოექცნენ დედა-შვილს. დედა 35 წლის იქნებოდა, გოგონა - 5 წლის. შვილის თვალწინ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ბოლოს კი ბავშვზეც იძალადეს. მერე ორივე ეზოში დაყარეს. საავადმყოფოში მრავალმხრივი დაზიანებებით შემოვიყვანეთ. ბავშვმა ვერ გადაიტანა და დაიღუპაო... ამაზე დიდი სისასტიკე რა უნდა იყოს! ეს ქალი თან ტიროდა, ამას რომ მიყვებოდა. ძალიან დიდი თავშეკავება დამჭირდა, რომ მეც არ ავტირებულიყავი. სუნთქვა შემეკრა სიბრაზისგან. არ ვიცი, ამას რატომ გვიკეთებენ, რა დავაშავეთო? - თავის თავს ეკითხებოდა და თვითონვე პასუხობდა, იქნებ ვძულვართ­, იქნებ შურთ ჩვენი და ასე ამიტომ გვექცევიანო...

მინდა მჯეროდეს, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრდება. ამისთვის საჭიროა, აგრესორი ყველამ ერთად შევაჩეროთ. დროა, ქართველებმა სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სიმართლის მხარეს დავდგეთ. უკრაინისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით დგომა და მხარდაჭერა.

ნინო ჯავახიშვილი