როგორ მუშაობს პროპაგანდა - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს პროპაგანდა

"შეიძლება გამოააშკარავო სიყალბე, თუმცა პოსტფაქტუმ რეაგირება ისეთი ეფექტიანი არ არის, რადგან პროპაგანდის ჭურვმა უკვე მიაღწია აუდიტორიამდე და თავისი საქმე გააკეთა...“

"შედი კოკინაშვილებში და მის პელაგიას შეაპარე ლაპარაკში, ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს-თქვა, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაც და მისი ნალაპარაკევი თაბაგართან სვანიძეს მიუტანია-თქვა. ჰო.... კოკინაშვილის პელაგია­ თუ არ იქნა შინ, სვანიძეებთან შედი და ტერეზიას შეაპარე ლაპარაკში, სპირიდონა სულანჯიას თაბაგართან ნალაპარაკები კოკინაშვილმა მიიტანა-თქვა. ჰო, ვერ გაიგე ხო? უკუღმა ეს, ასინეთა, უკუღმა, მარა სუ ერთია..." - ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიას" ეს ციტატა პროპაგანდის ნათელი მაგალითია. პროპაგანდას შეუძლია ადამიანები დააჯეროს, რომ თეთრი შავია და მათ მსოფლმხედველობაც კი შეუცვალოს.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტფსიქოლოგი: - დღეს პროპაგანდისთვის აღარ არიან საჭირო ასინეთები... ამას აკეთებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ოღონდ განსხვავება მოლაპარაკე თავებშია. ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, თანამდებობის პირი, ანუ ადამიანი, რომელიც ყველაზე სანდოდ მიიჩნევა. შეიძლება ინფორმაცია გავრცელდეს დადგმული სცენებითაც...

- 2014 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მოიტაცეს რუსი ბავშვი, ძელზე­ გააკრეს და მოკლეს. დედაც ატირეს საჯაროდ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს "დედა" როსტოვის თეატრის მეორე პლანის მსახიობი აღმოჩნდა... მერეც არაერთი მიტინგის კადრებში­ იპოვეს და იქაც თავისი მისია ჰქონდა... ასეთი სიყალბის გამოაშკარავებას აქვს აზრი?

- რა თქმა უნდა, ოღონდ მხოლოდ გამოაშკარავებული მასალის გამოქვეყნებით არ არსებობს გარანტია, რომ მას იგივე­ და იმდენივე ხალხი ნახავს, ვინც სიყალბე­ დაიჯერა. გამოაშკარავება ხდება ფაქტების მითითებით, მაგრამ ზემოქმედების უფრო ძლიერი ფონი რომ შეიქმნას, საჭიროა, უფრო მასშტაბურად გავრცელდეს...

საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას მონოტონურად უმეორებდნენ ერთსა და იმავე ყალბ ინფორმაციას და პროპაგანდისტული მანქანა ადამიანების გონებას საჭირო ინფორმაციით ავსებდა. საომარ პროპაგანდას აქვს ორი მიმართულება: მტრის ჯარი და მოსახლეობა და საკუთარი ჯარი და მოსახლეობა. აქაც პროპაგანდისტული სტილი ერთვება, რადგან საკუთარი მოსახლეობა უნდა დაარწმუნო იმაში, რაც მას სჭირდება. დღეს რუსეთში ანალოგიური მოვლენები ხდება. რუსეთი ცდილობს, ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი საერთოდ აკრძალოს. ტერმინი ომიც კი აკრძალა და მას სპეცოპერაცია დაარქვა. შიდა პროპაგანდის ნაწილი იყო პუტინის ტრაქტატი, ვინ არიან უკრაინელები, რომ ეს ქვეყანა ლენინმა შექმნა, ის რუსეთის ნაწილია და ა.შ. ანუ მიზანი იყო, ეჩენებინა მისი, როგორც სახელმწიფოს არარსებობა ან სისუსტე. ამ ყველაფერს დაამატეს ის, რომ ამ კონცეფციის შესაბამისად შექმნილ ტექსტებს­ ასწავლიან პირველ­კლასელებს. ამას აკეთებენ, რათა ბავშვები დაარწმუნონ, რომ რუსეთის მხრიდან ეს ომი სამართლიანია. საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ზემოქმედების მაგალითი­ იყო საბჭოთა სკოლებში ინფორმაცია ლენინზე...

- დიახ, მახსენდება, კეთილი ლენინი უშაქრო ჩაის რომ სვამდა, რათა ბავშვებისთვის გამოეზოგა, ერთ-ერთმა მოსწავლემ კი ბელადს ჭიქაში ჩუმად თავისი შაქარი ჩაუყარა...

- მე კი მახსოვს ლენინის ბავშვობის­ პორტრეტი - ხუჭუჭთმიანი ბავშვის გამოსახულებით აჭრელებული წიგნები და მის შესახებ ლექსები და სიმღერები, პოეტების, მომღერლებისა და მხატვრების მიერ პროპაგანდისტული ფრონტის გაშლა საიმისოდ, რომ მოსახლეობაში დაემკვიდრებინათ აზრი, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება.

დავუბრუნდეთ უკრაინის ომს... რუსეთმა მოსახლეობის ფართო მასებში მოახერხა განწყობის შექმნა, რომ ის ამ ომში მართალია, თუმცა ინტელიგენციის ნაწილი ამას არ დაეთანხმა. ბევრი მათგანი ქვეყნი­დანაც გაიქცა, რადგან იქ განსხვავებული აზრის გამოთქმა სახიფათო გახდა. მაგალითს მოგიყვანთ, როგორია რუსეთში მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა: გამოაქვეყნეს უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცისა­ და დედამისის სატელეფონო საუბარი. ჯარისკაცი ჩიოდა, ბავშვებისა და ქალების ხოცვა გვიწევსო, დედამ კი შეუსწორა, ბავშვებისა და ქალების კი არა, ფაშისტების­ ხოცვა გიწევთო. ანუ ჯარისკაცების ახლობლებზე ხდება ზემოქმედება, რათა მათ, თვის მხრივ, ჯარისკაცებზე იმოქმედონ. ასეთი ვითარების შექმნას­ ხელს უწყობს ისიც, რომ ტელევიზიით განსხვავებული­ აზრი არ ისმის - გადის უკვე გაფილტრული მასალა, რომელიც მოქმედებს, როგორც ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი.

- პროპაგანდის კიდევ ერთ მაგალითს მეც მოვიყვან: რუსული არხებით გავრცელდა ინფორმაცია, ბუჩის ტრაგედია დადგმულიაო...

- დღეს მსოფლიოში უამრავი დეზინფ­ორ­­­მ­აცია ვრცელდება და ადამიანებს, განსაკუთრებით რუსეთში ხშირად უჭირთ ტყუილ-მართლის გარკვევა, რადგან­ იქ მოსახლეობა ინფორმაციას, ძირითადად, ტელევიზიით იღებს და არა ინტერნეტით. ინტერნეტის ინფორმაცია უფრო ნაკლებად ემორჩილება ცენზურას, რაც ობიექტური შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს კი, პერიფერიების მცხოვრებლებს, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ მათი განწყობა ეყრდნობა იმას, რასაც ხელისუფლება სთავაზობს. რუსეთში ყველა სატელევიზიო არხს ხელისუფლება აკონტროლებს და რომელსაც­ ვერ აკონტროლებს, ხურავს. აი, მაგალითად, "დოჟდის" მთელი რედაქცია თბილისშია ჩამოსული.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პროპაგანდა ახალი მოვლენა არ არის. მასშტაბები იცვლება, თორემ პროპაგანდისტული მეთოდები უძველესი დროიდან მოდის, ომის დროს კი ისინი უფრო მასშტაბური ხდება. საბრძოლო იარაღი სიცოცხლის მოსპობისთვის იქმნება, პროპაგანდის მიზანი კი ადამიანის გონების მართვა, მისი განწყობის შეცვლა და თვისუფალი აზრის ამოძირკვაა.

- საბჭოთა პროპაგანდის 100%-დან 40% სიმართლე იყო, დანარჩენი - სიყალბე. ასეა?

- სსრკ კაპიტალისტების მტერი იყო, ეს იყო იმ ქვეყნის ისტორიული მისია და პირველი ბოლშევიკები მსოფლიოს რევოლუციაზეც კი ლაპარაკობდნენ. მაგალითად, ტროცკი აქტიური მომხრე იყო მსოფლიო რევოლუციის. დღევანდელი რუსეთი თავისი იდეოლოგიის შექმნას ცდილობს. პუტინს უნდა, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ქვეყანაა, ეს ერთი ერია და ამით გაამართლოს თავისი მოქმედება... ჰიტლერს გებელსი ჰყავდა იდეოლოგიის მამად, უფრო მძლავრი იდეოლოგიური სისტემით ცდილობდა თავისი მოქმედების ახსნას, მაგალითად, არიელობასთან დაკავშირებით: არიას ტომის მემკვიდრეები ვართ, ამიტომ ვართ საუკეთესოები და გვაქვს უფლება, სხვები დავჩაგროთო. უხეშად ასეთი იყო ნაციზმის­ პროპაგანდისტული სქემა. ამ სქემიდან გამომდინარეობდა აგრესია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელთაც ჰიტლერი უტევდა­. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ჯერჯერობით მცირემასშტაბიანი, ანუ უფრო ლოკალური ამოცანების შესასრულებლად მუშაობს. ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ უკრაინელები არიან ფაშისტები, ნაცისტები,­ სხვას ავიწროებენ... არ ფიქრობენ, აქვს თუ არა ამას რაიმე საფუძველი. ბოლოს და ბოლოს, ზელენსკი ებრაელია და როცა უკრაინას პირველ პირად არჩეული ჰყავს ებრაელი, ლაპარაკი ნაციზმის შესახებ ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, ეს კონცეფცია ასეთი სისხლისმღვრელი რომ არ იყოს. ეს ყალბი თეორიები რუსეთს საკუთარი მოქალაქეების ფრონტზე გასაყრელად სჭირდება, სხვაგვარად მათ საზარბაზნე ხორცად ვერ აქცევს!

თქვენ ახსენეთ, რომ სსრკ-ში პროპაგანდის თითქმის ნახევარი სიმართლე იყო. საერთოდ, ათიდან ცხრა უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ მეათე - ტყუილი, თუ გინდა, რომ ეს ტყუილი დაგიჯერონ. ათიდან ცხრა თუ ტყუილია, ასეთი პროპაგანდისტული იარაღი ვეღარ მოქმედებს ისე ეფექტიანად, როგორც ჩაფიქრებულია, დღევანდელი რუსეთის პროპაგანდაში კი ათიდან ლამის ათივე ტყუილია.

სხვათა შორის, რუსული პროპაგანდის­ კიდევ ერთი თავისებურება, საბჭოთა პროპაგანდისგან განსხვავებით, არის ის, რომ საბჭოთა პერიოდში ავტორიტარიზმი კი იყო, მაგრამ მართვის ორგანო კოლექტი­ური გახლდათ - პოლიტბიურო და ამ პოლიტბიუროსა­ თუ სხვა ორგანოებში განსხვავებული თვალსა­ზრისების შეჯერება ხდებოდა. დღვანდელ რუსეთში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი. სწორედ ეს ერთია დეზინფორმაციის ავტორი. ეს არის უნიკალური შემთხვევა. სტალინის დროსაც კი უფრო ფართო წრეში იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რა უნდა გავრცელებულიყო და რა არა.

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, მკვლევარი: - წინა საუკუნეებში პროპაგანდის გაცილებით ნაკლები საშუალება იყო. ეს უნდა ყოფილიყო ან ზეპირი გზა, ან გამომსახველობითი ფორმები: ნახატი, ქანდაკება, თეატრალური წარმოდგენა... მე-20 საუკუნიდან ამ მეთოდების რაოდენობა­ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ახალ სიმაღლეებს იპყრობს, რადგან ჩნდება მედიის ახალი საშუალებები: რადიომაუწყებლობა, ტელევიზია, კინო. 21-ე საუკუნეში, ციფრულ სამყაროში ამ ინსტუმენტების არსენალი კიდევ უფრო გაიზარდა. ციფრული ტექნოლოგიების წყალობით დღეს პროპაგანდის თანამედროვე რესურსები თავმოყრილია არა მარტო მმართველი ძალების ან სახელმწიფოების, არამედ ნებისმიერი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში და ამ ძალას შეუძლია, ეს არსენალი სოციალური ქსელების, ონლაინპლატფორმების, ონლაინტელევიზიების საშუალებით თავისი სურვილების შესაბამისად გამოიყენოს. არცთუ იშვიათად ამ საშუალებებს იყენებენ საშიში ძალები, მათ შორის - ტერორისტული ორგანიზაციები, რადიკალური მოძრაობები და ა.შ. თუმცა ტრადიციული საშუალებები - ტელევიზია, რადიო, კინო, პრესა, ბევრ რეჟიმს ისევ აქვს საკუთარ არსენალში, როგორც პროპაგანდის მოქმედი ინსტრუმენტები. დავაკვირდეთ არადემოკრატიულ რეჟიმებს, მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში, ჰიბრიდულ რეჟიმებს თუნდაც ევროპაში, რომლებიც გამოირჩევიან მკვეთრი არადემოკრატიული რიტორიკით (მაგალითად, უნგრეთში), ასევე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში. მათ ხელშია ძველი ტრადიციული საშუალებების დიდი არსენალი და ახალი ციფრული რესურსები. მათთვის ყველაზე საყვარელი აღმოჩნდა პარალელური რეალობის შემქმნელი ვირტუალური ციფრული ინსტრუმენტები, როგორიც არის ყალბი არმიები, ყალბი მომხმარებლები, ე.წ. ბოტები და ტროლები, რომლებიც სოციალური ქსელების მომხმარებლებს უქმნიან ილუზიას, რომ ამა თუ იმ აზრის მიმდევარი ადამიანების დიდი არმია არსებობს. რეალურად ეს არის მართული, რობოტიზებული ინსტრუმენტი, რომლის მიზანია, ადამიანმა თავი იგრძნოს უმცირესობის ნაწილად, განწირულად და დარწმუნდეს, რომ საზოგადოება მისი საწინააღმდეგო აზრისაა. ეს ჩვენს რეალობაშიც ცხადად ჩანს, ჩვენი მმართველი გუნდის საყვარელი რესურსია და, ალბათ, მომავალში ისევ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე გამოჩნდება.

- როგორია პროპაგანდის ისტორია?

- რაც პოლიტიკა არსებობს, მუდმივად ყალიბდება ამგვარი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და სამიზნე აუდიტორიას შორის. პროპაგანდა არასოდეს გადმოიცემა კომპლექსური, რთული და ინტელექტუალური მესიჯებით. ის უნდა იყოს მარტივი, რომ ბევრი ადამიანის მოზიდვა შეძლოს და მუდმივად წერტილოვნად უნდა ურტყას სამიზნეს. განმეორებადობის, შეხსენების, ტვინის კონკრეტული უბნების მუდმივი დაბომბვის მიზანია, დაარწმუნოს ადამიანი, მაგალითად, აიღოს ხელში დროშა და გავიდეს ქუჩაში... მსოფლიოს პროპაგანდის ნათელი მაგალითების გახსენება შეიძლება მეოცე საუკუნიდანაც. ნაციზმის პირობებში ეს ყველაზე შოკის მომგვრელი იყო.

პროპაგანდის სქემაში ერთმანეთში უნდა იყოს აზელილი საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებები, რომლებშიც ადამიანი ეჭვს ვერ შეიტანს, მაგრამ ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ მთავარი გახდეს პროპაგანდისტული მესიჯები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს მესიჯები სანდოა. ეს მეთოდი ტროას ცხენის პრინციპით მოქმედებს: არსი სანდოა, მაგრამ ფორმა და შინაარსი პროპაგანდისტულია და თავის მიზანს აღწევს... შეიძლება გამოააშკარავო სიყალბე, თუმცა პოსტფაქტუმ რეაგირება ისეთი ეფექტიანი არ არის, რადგან პროპაგანდის ჭურვმა უკვე მიაღწია აუდიტორიამდე და თავისი საქმე გააკეთა... ეძებენ აუდიტორიას, სადაც ანალიზის, აზროვნების უნარი და ცოდნის დონე დაბალია. ამიტომ განათლების დონის ამაღლება ის იარაღია, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის მოწინააღმდეგეს...