"ჩვენ გადავრჩებით და უკრაინაც გადარჩება!“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ გადავრჩებით და უკრაინაც გადარჩება!“

მწერალი კოტე ჯანდიერი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ქცეულ უკრაინაზე გვესაუბრა.

- დავიწყებ ქართულ-უკრაინული ურთიერთობით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც­ უხილავმა ჯადოსნურმა ხელმა გაფანტა გაუგებრობის, უნდობლობისა და უპატივცემულობის ღრუბელი. თითქოს ორივე­ მხარე გამოფხიზლდა, თვალებში შეხედა ერთმანეთს და აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ერთ მხარეს არიან და ეს მხარე ისტორიის ნათელი მხარეა. მე კი მეჩვენება, რომ ჩვენს ხელისუფლებას ერთგვარი კომუნიკაციური პრობლემა აქვს, რადგან საკმარისი აღმოჩნდა შალვა პაპუაშვილისა­ და რუსლან სტეფანჩუკის სატელეფონო საუბარი, რომ შესაძლებელი გამხდარიყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის გამგზავრება უკრაინაში. ხომ ფაქტია, რომ მეგობარი სახელმწიფოების ოფიციალური პირების გულწრფელი საუბრები (თუ არ ჩავთვლით ზალკალიანისა და კულებას ხანმოკლე სატელეფონო დიალოგს) მანამდე­ არ ყოფილა. რატომ? გასაგებია, რომ სააკაშვილისა და მისი კრიმინალიტეტის წარმომადგენელთა ყოფნა უკრაინის ხელისუფლებაში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია და წამლავს მეგობ­რულ ატმოსფეროს. ამიტომ აქამდეც უნდა გვეზრუნა ინტენსიური კონსულტაციებისა და ურთიერთობის აწყობაზე სახელმწიფოებრივ თუ პიროვნულ დონეზე. როგორც ჩანს, "ნაციონალები" ამას ეფექტურად აკეთებდნენ და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური ინტრიგების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შედეგად ახორხლილი ბარიერები თურმე ადვილად იმსხვრევა, როგორც კი ოფიციალური პირები ერთმანეთში ადამიანურ სითბოსა და თანადგომის გულწრფელ სურვილს აღმოაჩენენ. იმ დღეს უკრაინელებმა ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელთა თვალებში­ დაინახეს ნამდვილი ტკივილი და არა უბრალოდ შეშფოთება, საქართველოს მოქალაქეებმა კი უკრაინელების გულითადი მადლიერება ვიგრძენით. ასეთი მჭიდრო, მეგობრული და საქმიანი კონტაქტების ფონზე არახამიას ტიპის პრიმიტიული გარეწრების განცხადებებს, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების ყოველგვარ მცდელობას ნიადაგი ეცლება. მის თავხედურ, ცინიზმით განმსჭვალულ ანტიქართულ გამოსვლას გვარამიას ოდიოზურ არხზე უკვე მოჰყვა უკრაინის რადის დეპუტატებისა და ზელენსკის პარტიის წევრების ადეკვატური შეფასებები. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის მნიშვნელობას და პირველ პრაქტიკულ შედეგებს. რაც მთავარია, ყინული გადნა და ახლა ორ ქვეყანას შორის ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობის გაგრძელების დროა. ზოგიერთის აზრით, "ნაცების" უარი საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე პოლიტიკური შეცდომა იყო. ცხადია, ასეც არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი იქ ყოფნა ხელს შეუშლიდა ადამიანურ დონეზე შემდგარ კომუნიკაციას უკრაინელ მეგობრებთან. კიდევ კარგი, რომ იქ არ იყვნენ და რაიმე უმსგავსი გამოხდომა არ ვიხილეთ.

- რაც ახლა უკრაინაში ხდება, ბევრი 100 წლის წინანდელ პროცესებს ამსგავსებს. პუტინმა თქვა კიდეც, რომ სსრკ-ის აღდგენა­ კი არა, 1917 წლამდე არსებული რუსეთის იმპერიის­ საზღვრებში აღდგენა სურს.

- თუ ისტორიულ ანალოგიებს მოვიშველიებთ, პეტრე­ პირველის ეპოქიდან უნდა დავიწყოთ. რეალურად პეტრე იმპერატორი სწორედ უკრაინაში გახდა, პოლტავასთან­ მოგებული ბრძოლის შემდეგ, როდესაც შვედი კარლოს XII და მისი მოკავშირე ჰეტმანი მაზეპა დაამარცხა. ამან გადაწყვიტა ჩრდილოეთის ომის ბედიც, უკრაინული საჰეტმანოსა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავისუფალი რესპუბლიკის (ზაპოროჟიეს სეჩის) გაუქმებაც და ამ ტერიტორიების რუსეთთან მიერთების საკითხიც. აქედან იწყება "მოსკოვიის", ანუ მოსკოვის სამეფოს გადაქცევა რუსეთის დიდ იმპერიად, რომლის შემადგენლობაშიც მოგვიანებით აღმოჩნდნენ­ მთელი კავკასია, შუა აზია, შორეული აღმოსავლეთი და ფინეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არქაულ-იმპერიული ინსტინქტი ამოძრავებს კულტურისა და ჰუმანიზმის სამოსისაგან განძარცულ კრემლის დღევანდელ მბრძანებელს. ვფიქრობ, არის რაღაც მითოლოგიურ­-ატავისტური ლოგიკა იმაში, რომ პუტინმა­ სიზმარში ნანახი ახალი რუსული იმპერიის კონსტრუირება სწორედ ყირიმიდან და უკრაინიდან დაიწყო. ყველაფერი, რაც მანამდე მოხდა, 2008 წლის საქართველოს ომის ჩათვლით, მხოლოდ ძალის მოსინჯვა და დასავლეთის რეაქციის შემოწმება იყო. მაშინ დასავლეთის პოლიტიკური ელიტები მზად არ აღმოჩნდნენ არქაული აზროვნების ამ თავხედური გამოხდომებისათვის და ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი; არ მოინდომეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა... თუმცა დონბასისა და ლუგანსკის ცუდად შენიღბული ოკუპაციისა და ჰოლანდიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა აზრი აგრესორის შეჩერების, მისი სამხედრო მანქანის შერყევისა და უძლეველობის მითის დამსხვრევის შესახებ. კოლექტიურ დასავლეთს ამ ამოცანის გადაწყვეტა ტექნიკურად არც მაშინ უნდა გასჭირვებოდა. სად და როდის უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი? დასავლური ელიტების პასუხი მკაფიო და პრაგმატული იყო: არა ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების, არც თავად რუსეთის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, დასაწყისისათვის ყველაზე რეალური აღმოჩნდა უკრაინა. თუ მას საქართველო და მოლდოვაც დაემატებოდა, კიდევ უკეთესი, რადგან სამ ფრონტზე აგრესორის დამარცხება უფრო ადვილია. რაც მეტი პოსტსაბჭოთა ტერიტორია გადაიქცევა რუსეთთან ბრძოლის პოლიგონად, მით ნაკლებია შანსი, პუტინმა აგრესია პოლონეთის, ბალტიისპირეთის ან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართოს. გასაგებია, ცას ვერ დახურავენ, ჯარს ვერ დაახმარებენ, რუსულ ენერგომატარებლებზე წლის ბოლომდე ვერ იტყვიან უარს, მაგრამ მიზნის მისაღწევად დასავლეთი არ შეწყვეტს პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, სანამ ბოლო უკრაინელი­ ჯარისკაცი არ დაეცემა ბრძოლის ველზე. მათი პრაგმატიზმი გასაგებია - თავიანთი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. გაუგებარია, რა ამოძრავებს­ იმ ქართველს, რომელიც საქართველოში­ მეორე ფრონტის გახსნას ემხრობა და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ამისათვის? როგორც უნდა დამთავრდეს ეს ომი, დარწმუნებული ვარ, 45-მილიონიანი მამაცი უკრაინელი ხალხი შეძლებს გენოფონდის გადარჩენას და გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას. სამმილიონიანი საქართველოსთვის კი ამ ომში ჩაბმა ისტორიის დასასრული იქნება. ეს ვისაც არ ესმის, გონება არა აქვს, ვისაც ესმის, მაგრამ მაინც პროვოკატორობს­ - სინდისი.

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ემისრებიც დაძრწიან. ხვდებიან ჩვენს ვეტერანებს, ახალგორში თუ გალის რაიონში ავტომატებით შესვლისკენ აქეზებენ, ეუბნებიან, სწორედ ახლაა მომენტი, სანაცვლოდ კი ფულისა და იარაღის უწყვეტ ნაკადს სთავაზობენ. მადლობა ღმერთს, ჯერ ისეთ ტვინნაღრძობს ვერ მიაგნეს, ამ ანკესზე რომ წამოგებულიყო. მაგრამ ხვალ რომ იპოვონ რამდენიმე ასეთი კაცი? არმია სულაც არ არის საჭირო, რამდენიმე ავანტიურისტი ან პოლიტიკურად ანგაჟირებული პროვოკატორიც საკმარისია ცეცხლის დასანთებად.

- ზოგი არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც, ფიქრობს, რომ ომი ზელენსკის მცდარი ნაბიჯების გამო დაიწყო...

- პიროვნების როლი ისტორიაში ხშირად განმსაზღვრელი და გარდამტეხია, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება - ისტორიის მდინარება მას აკისრებს მთავარ როლს თავის "პიესაში". მიუხედავად აშკარა პიროვნული სიმამაცისა, ზელენსკი უფრო მეორე ტიპის მოღვაწეთა რიცხვშია. სულ რაღაც სამი წლის წინ ალექსეი არისტოვიჩი მას იდიოტს ეძახდა იმის გამო, რომ საარჩევნო პროგრამის მთავარ პუნქტად ზელენსკი რუსეთთან კონფლიქტის დასრულებას და ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას­ აცხადებდა.­ სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა არის იდიოტური იმაში, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ასეთი პროგრამას სთავაზობს ხალხს? ან რა გასაკვირია, რომ მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა? ვინ იყო მართალი, ზელენსკი თუ არისტოვიჩი, დრო გამოაჩენს. გაირკვევა, მართლა შესაძლებელი იყო თუ არა რუსეთთან ომისთვის თავის არიდება და ამ გარემოების გათვალისწინებით დღევანდელი გმირები ან დარჩებიან გმირებად, ან ხვალ მათ სხვა სახელი დაერქმევათ...

საქმე ისაა, რომ პუტინი და მისი გარემოცვა უკრაინელებს ერად არ აღიარებენ­. ომმა დაგვანახა, რომ ისინი ყოველივე­ უკრაინულის წაშლას, თავადი ვლადიმირისა და კიევ-პეჩორის ლავრის ერთადერთ მემკვიდრეებად მხოლოდ საკუთარი თავის გამოცხადებასა და ეროვნული ცნობიერების­ მატარებელი ყველა უკრაინელის განადგურებას ისახავენ მიზნად (დენაციფიკაცია). ეს აზრი ჩანაფიქრშივე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. სწორედ ეს იდეოლოგია, რომელიც ბნელ წარმართულ კულტს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ქრისტიანობას, არის მათ მიერ გამოვლენილი ირაციონალური სისასტიკისა და უაზრო მხეცობის საზრისიც და ნამდვილი მიზეზიც. ამიტომ უკრაინაში გაჩაღებული "სამხედრო სპეცოპერაცია" ერთგვარი რიტუალია, "შავი მესა", რომელიც ადამიანთა­ მსხვერპლშეწირვას საჭიროებს, თვითონ კი ამ კულტის ქურუმებად აღიქვამენ თავს.

- რა იქნება ხვალ, ომის შემდგომ?..

- რუსეთის სამხედრო მანქანა ხვალ შეიძლება­ ჩამოიშალოს (სარაკეტო კრეისერ "მოსკვასავით"), ანუ რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს მეზობლებისთვის. რამდენად შეიძლება ამას უკრაინის გამარჯვება ეწოდოს?.. მორალურად, ცხადია, გამარჯვება იქნება, მაგრამ პრაქტიკულად მიწასთან გასწორებული ქვეყანა, ნაცარტუტად ქცეული ქალაქები, სოფლები,­ სამრეწველო კომპლექსი და ინფრასტრუქტურა, დანაღმული მიწები, მილიონობით ლტო­ლვილი და რაც მთავარია, გამაოგნებელი მასშტაბის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში­ გამარჯვების ეიფორიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ კატასტროფიდან­ ქვეყნის გამოყვანას ათწლეულები და განუზომელი ფინანსური თუ ადამიანური რესურსები დასჭირდება. რუსეთის მარცხის შემთხვევაში საქართველოსთვის, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, ალბათ, გაიხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, გაჩნდება მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა. მთავარია, რამდენად მზად ვიქნებით მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის. თავიდან უნდა ამოვიგდოთ­ აფხაზეთსა და ცხინვალში­ ძალისმიერ მოქმედებებზე ფიქრი. სამხედრო­ გზით ამ კონფლიქტების გადაჭრა შეუძლებელი და ამორალურია. ეს პუტინისტური მოქმედების აზროვნებაა. ჩვენს თანამოძმეებს მშვიდობიანი ცხოვრების პერსპექტივა უნდა დავანახოთ და შევთავაზოთ მომავალზე გათვლილი პროექტები. ყველაფერი კი გულწრფელი, ადამიანურ დონეზე განსაცდელი ურთიერთობით უნდა დავიწყოთ. იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ერთ ქართულ თხზულებას შევადარებდი. რეზო გაბრიაძის გენიალური სპექტაკლი "სტალინგრადი" შვილმკვდარი ჭიანჭველის მონოლოგით მთავრდება. მიწასთან გასწორებული ქალაქის ნანგრევებში, ომის ცეცხლში დამწვარ, ნახევრად გამდნარ რკინის ურჩ­ხულებს შორის თვალცრემლიანი ჭიანჭველა­ შაქრის გასასინჯად გარეთ გამომძვრალი შვილის დაღუპვას გლოვობს: შენ ისეთი პატარა იყავი, რომ შაქარი არც კი გქონდა­ ნანახი. მე წამოგიყვანე, რომ შაქრის გემო გაგეგო. რა უნდოდათ შენგან? ახლა დაითვლიან, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ომს, რამდენი სახლი შეეწირა, რამდენი ტანკი და მანქანა შეეწირა... და ჩვენ, ჭიანჭველები, ვინმემ დაგვთვალა? ვინმემ იკითხა, რამდენი ჭიანჭველა შეეწირა ამასო?

უკრაინაში, ალბათ, რუსეთი­ დამარცხდება, მაგრამ მე ის ვიცი, რომ მარიუპოლის ნანგრევებში მიმოფანტული ბავშვის ფეხსაცმელები სიკვდილამდე მემახსოვრება...

აღდგომის დღესასწაულს გილოცათ.­ მჯერა, რომ ამ ერთიბეწო საქართველოს სა­შინელი ქარტეხილები, ნგრევა და ტანჯვა­ იმიტომ გამოუვლია, რომ მომავალში რაღაც მნიშვნელოვანი­ აქვს გასაკეთებელი.­ ჩვენ გადავრჩებით და უკრაინაც გადარჩება!