რატომ ჭიანურდება წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა - კვირის პალიტრა

რატომ ჭიანურდება წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა

"საკონსტიტუციო სასამართლო წლებია დუმს და არავინ იცის, გადაწყვეტილებები კიდევ რამდენ ხანს დაახანებს. ამასთან, რომც გამოაცხადონ, ბევრი რამ უკვე შეცვლილი იქნება და შესაძლოა აქტუალურობა დაკარგული ჰქონდეს“

საკონსტიტუციო სასამართლოს 76 საქმეზე აქვს გადაწყვეტილება გამოსაცხადებელი და აქედან ყველაზე ძველი საქმის არსებითი განხილვა 2016 წლის 4 თებერვალს არის გამართული. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ ამ ერთ საქმეზე­ უკვე მეშვიდე წელია ფიქრობს, რა გადაწყვეტილება გამოაცხადოს. ამ საქმეებიდან ბოლო არსებითი განხილვა 2022 წლის 10 თებერვალს გაიმართა და გადაწყვეტილებაზე სულ რაღაც ორთვე-ნახევარია, ფიქრობს. 76 საქმიდან 28 პირველმა კოლეგიამ განიხილა, 26 - მეორემ, ხოლო 22 საქმე პლენუმმა და დღემდე ფიქრობს. სხვათა შორის, ყველაზე ძველი საქმეები სწორედ კოლეგიის განხილულია (საკონსტიტუციო სასამართლოდან ინფორმაცია გამოთხოვილია 2022 წლის თებერვლის ჩათვლით). ამ კატეგორიის საქმეების წლებისა და კოლეგიების მიხედვით გადანაწილება ასეთია: 2016 წელი - 8 საქმე­ და რვავე პლენუმის განხილული; 2017 წელი - 9 საქმე. აქედან 4 პირველი კოლეგიის საქმეა,­ 2 - მეორე კოლეგიის, 3 - პლენუმის; 2018 წელი - 14 საქმე. აქედან 8 პირველი­ კოლეგიის საქმეა, 5 - მეორე კოლეგიის და 1 - პლენუმის; 2019 წელი - 15 საქმე, აქედან 6-6 პირველი და მეორე კოლეგიის საქმეებია და 3 - პლენუმის; 2020 წელი - 6 საქმე, აქედან 1 პირველი კოლეგიის საქმეა, 3 - მეორე კოლეგიის და 2 - პლენუმის; 2021 წელი - 22 საქმე, აქედან 7 პირველი კოლეგიის საქმეა, 10 - მეორე კოლეგიის და 5 - პლენუმის; 2022 წელი - 2 საქმე და ორივე პირველი კოლეგიის საქმეებია. მეორე კოლეგიასა და პლენუმს წელს საქმეების განხილვა არ დაუსრულებიათ. 76 საქმის დეტალური განხილვა საკმაოდ მოცულობითი იქნება. ეს არის ის საქმეები, რომლებზეც მოქალაქეების აზრით, სახელმწიფო უწყებების ქმედებების გამო მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და ეს ეხება საკანონმდებლო საქმიანობასაც. ეს კი ნიშნავს, რომ საკითხი, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს აქვს გასაჩივრებული, შესაძლებელია ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხებოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ 76 საქმიდან პარლამენტი 71 საქმეზეა მოპასუხე ინდივიდუალურად ან სხვა უწყებებთან ერთად. აქედან 5 საქმეა, სადაც პარლამენტთან ერთად მოპასუხე სხვა უწყებები არიან. კერძოდ: ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის საბჭო და მთავრობა, ხოლო მეხუთე საქმეზე - პრეზიდენტი და მთავრობა. რაც შეეხება იმ საქმეებს, სადაც პარლამენტი არ არის მოპასუხე, ასეთი ხუთი საქმეა 76-დან და მოპასუხეები არიან: 1 - შს და ჯანდაცვის სამინისტროები; 2 - მთავრობა; 3 - ჯანდაცვის სამინისტრო; 4 - მთავრობა და 5 - პრეზიდენტი და მთავრობა. რატომ გაჭიანურდა წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა და როგორ იმოქმედებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ.

- სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების,­ მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს არსი ის არის, რომ გონივრულ ვადაში შეფასდეს დარღვევა და მისი დადასტურების შემთხვევაში აღმოიფხვრას კონსტიტუციასთან ის შეუსაბამობა, რომელიც არსებობდა. ახლა რა ხდება? საკონსტიტუციო სასამართლომ ამა თუ იმ საქმეზე იმსჯელა,­ დარჩა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არ იღებენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ამის გამო გადაწყვეტილების­ გამოცხადებამ შეიძლება აქტუალურობაც დაკარგოს. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა 2017 წელს ადგილობრივ არჩევნებს, კონკრეტულად, მერებისა და საკრებულოების არჩევნების მომწესრიგებელ ნორმას საარჩევნო კოდექსში, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში მიღებაზე არც უმსჯელია, სარჩელი განსახილველადაც არ გადაუციათ, დღეს კი საარჩევნო კოდექსის ეს ნორმები აღარც აქტუალურია და აღარც არსებობს იმ სახით, როგორიც გასაჩივრების დროს იყო. მეტიც, სადაცაა მეორე არჩევნები ჩატარდება და იმ უფლებამ, რომლითაც კანდიდატებმა თამარ თედლიაშვილმა და მიხეილ ჩიტიძემ ისარგებლეს და მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათთვის აქტუალურობა ხომ დაკარგა? მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ხომ ფიქციად იქცა? ხვალ წარმოებაში რომც მიიღონ სარჩელი და დაჩქარებული წესით განიხილონ და რომც დაადასტურონ, რომ იმდროინდელი ნორმა მართლაც ანტიკონსტიტუციური იყო, ამ ორი პირისა და კიდევ სხვების დარღვეული უფლების კომპენსაცია რაიმე სახით ხომ ვეღარ მოხდება?

- თუ განიხილეს, გადაწყვეტილების გამოტანას დიდი დრო არ სჭირდება და რატომ აგვიანებენ?

- შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის, თუნდაც პოლიტიკური აქტუალურობის გამო. ამის მაგალითია ზემოთ მოყვანილ არჩევნებთან დაკავშირებული საქმე. ამიტომაც არის კითხვები ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - პრეზიდენტის დეკრეტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა, სათათბიროდ გავიდა, მარამ გადაწყვეტილების მიღებამდე ის მოსამართლეები, რომლებიც განხილვაში მონაწილეობდნენ, შეიცვალნენ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ერთი მხრივ, იყო პანდემია, მეორე მხრივ კი, არის არაერთი გადაწყვეტილება, რომლებითაც ხელისუფლების წარმომადგენლები კონსტიტუციის იმ ჩარჩოებს გასცდნენ, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის უფლებამოსილების ფარგლები იძლევა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც არის დადასტურებული. საქართველოში ჩამოყალიბდა ე.წ. პანდემიური ავტორიტარიზმი და ცხადია, ამაში პოლიტიკური შემადგენელი არსებობდა. სავარაუდოდ, მსჯელობის დროს პოლიტიკური ლოიალურობა მნიშვნელოვანი­ იქნებოდა, ამიტომ გაჭიანურდა ეს ყველაფერი. მეტსაც გეტყვით, ვენეციის კომისიისა და სტრასბურგის რეკომენდაციაა პანდემიის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული მოქმედება, რათა ამა თუ იმ ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ ჩამოყალიბდეს, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო კი უკვე რამდენიმე წელია დუმს და არავინ იცის, გადაწყვეტილებები კიდევ რამდენ ხანს დაახანებს.

- ევროკავშირში გაწევრებისთვის კითხვარის დიდი ნაწილი შეეხება მართლმსაჯულებას. პასუხებში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხებიც მოხვდება.

- საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაც მოექცევა ყურადღების ცენტ­რში,­ მართალია, მცირე დოზით, ვიდრე საერთო სასამართლოები, მაგრამ აუცილე­ბლად მოექცევა, მით უმეტეს, კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუციურადაც მოქცეულია მართლმსაჯულების სისტემაში. ის, რომ ევროასოცირების გზაზე ინსტიტუციურად მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციოს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა, უდავოა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირი არაერთ პროგრამას წარმართავს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გასაძლიერებლად.

- გადაწყვეტილების მიღების განუსაზღვრელობა როგორ შეიძლება დარეგულირდეს?

- "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და კანონმა შეზღუდოს ვადა. თუმცა არც ეს არის საკმარისი, რადგან ხშირად კანონებში­ არსებული რაღაც შეზღუდვების გამო ვადას არ იცავენ. თავად "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში გაწერილია საქმის წარმოებაში მიღების პროცედურა და ვადები, არადა, წლებია ბევრი საქმე წარმოებაში არ მიუღიათ. საერთო სასამართლოებში კიდევ ერთი პრობლემა საქმეების რაოდენობაა. შესაძლოა მოსამართლეს ძალიანაც უნდოდეს ვადები არ დაარღვიოს, მაგრამ საქმეების სიჭარბის გამო ვერ ახერხებს. საკონსტიტუციო სასამართლოში კი ეს პრობლემა არ არის და ამიტომ სრულად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ცხადია, არ ვგულისხმობ პერსონალურად რომელიმე მოსამართლეს, ლაპარაკია მთლიან აპარატზე.

რუსა მაჩაიძე