"ჩვენი შეიარაღებული ძალები­ ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს ბევრად აღემატება“ - კვირის პალიტრა

"ჩვენი შეიარაღებული ძალები­ ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს ბევრად აღემატება“

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, მადრიდის ნატოს სამიტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება. ნატოს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ არსებობს განწყობა იმისთვის, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოში ჩამოსულმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. "მაშინ, როცა პუტინი განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ეს [ალიანსები] უფრო ძლიერი არიან, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა სენატორმა კეისიმ. სენატორების აზრით, საერთაშორისო ალიანსები აშშ-ის უმთავრესი იარაღია გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები და რა შანსი აქვს საქართველოს­ ნატოში შესასვლელად, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა:

- ასეთი ვიზიტების ფუნქცია უპირველესად მოკავშირეთა კონსოლიდაციაა, შემოწმება იმისა, თუ რამდენად მტკიცეა სახელმწიფოთა შორის კავშირები და რამდენად ერთგულობენ პარტნიორები თავიანთ ვალდებულებებს.

- ნატოს ღია კარის თემა კარიკატურულ საკითხად იქცა - ხალხს აღარ აქვს განცდა, რომ ოდესმე შევალთ ღია კარში.

- დიახ, მაგრამ პროცესის კარიკატურიზაციას ხელი შეუწყო ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა, ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულმა კომუნიკაციამ. ეს ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო­. ველოდით ნატოს სამოქმედო გეგმას და მივიღეთ მაპ-ზე უკეთესი. აქედან დაიწყო­ საუბარი იმაზე, რომ კი, ნატოს კარია ღიაა, მაგრამ ჩვენ იქ არავინ გვიშვებს. ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები და დიპლომატები რეიტინგის ასამაღლებლად დიპლომატიური წარმატების მოლოდინს აჩენენ. პრაგმატულად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და არსებობს თუ არა კონკრეტული შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, უკრაინაში კრიზისი, ჩვენთვის აღებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დასაახლოებლად, მაგრამ სხვა ტიპის განცდებსაც აჩენს. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, როგორ ემუქრება რუსეთი ფინეთსა­ და შვედეთს ნატოში გაწევრების შემთხვევაში­. ამიტომ იმისთვისაც­ მზად უნდა ვიყოთ, რომ პარტნიორებმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად თავი შეიკავონ რაღაცების დაფიქსირებისგან. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოში უსაფრთხოების გარემო­ იცვლება, ნატო შავი ზღვის აუზზე მთლიანად ცვლის ხედვას.

კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ რუსეთი აღარ არის დომინანტი, პირველი ძალა შავი ზღვის აუზში. რუსულ ფლოტს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა, მაგრამ ძალთა ბალანსი შეცვლილია, რასაც მოჰყვება ნატოს უსაფრთხოების დოქტრინა და საქმე­ს ბოლომდე­ მიიყვანს, რათა რუსეთი ამ პოლიტიკიდან გაითიშოს როგორც­ ძირითადი აქტორი. ამ შემ­თხვევაში მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ დიპლომატიურ­ არენაზე. თუ ვერ შევძლებთ პარტნიორების დარწმუნებას ჩვენს სანდოობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეუქცევადობაში, არაფერი გამოვა. ქართული შეიარაღებული ძალები­ უკვე დიდი ხანია ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. შეიძლება ითქვას, ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს (მაგალითად, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის) ბევრად აღემატება მომზადების ხარისხით, დონითა­ და გამოცდილებით. მათზე გაცილებით დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა გვაქვს. ავღანეთში ოპერაციების ჩატარებაზე თუ მიდგება საქმე, გერმანელ ჯარისკაცებს არც დაესიზმრებათ, ისეთ ოპერაციებს ატარებდნენ ქართველები. თავსებადობით და კოორდინაციის ხარისხით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ალბანეთსა და მონტენეგროს. ახლა მთავარია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, პოზიციის არაორაზროვანი დამოკიდებულება. სასიცოცხლოდ აუცილებელია დიპლომატიის პროაქტიული მუშაობა. არ ვიცი, რას აკეთებს ქართული დიპლომატია­, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, მაგრამ შესაძლებლობების ფანჯრები ნამდვილად არსებობს, რომ უფრო დავუახლოვდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და გავაძლიეროთ უსაფრთხოების გარანტიები. სხვა თუ არაფერი, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც შეგვიძლია პარტნიორებს შეიარაღება და ეკონომიკური დახმარება ვთხოვოთ.

- პოზიციის არაორაზროვან დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?

- თუნდაც ანაკლიის პორტის მაგალითი­ ავიღოთ. პირადად მაიკ პომპეოს დავპირდით, რომ ანაკლიაში პორტს ავაშენებდით? ავაშენეთ?! სამაგიეროდ, ორაზროვანი განმარტებები უხვად მოვაყოლეთ. თქვენი აზრით, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?

- რატომ არის ორაზროვანი, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციასა და რეზოლუციას შეუერთდა.

- დიახ, მაგრამ იდიოტური განცხადებები მოაყოლეს. ჩვენი პარტნიორები ვერ იგებენ, რა გვინდა. უკრაინის ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ჩვენ მათ ბოლომდე ვუჭერთ მხარს?! დიპლომატია მოლაპარაკების ხელოვნებაა და ვისაც არ შეუძლია ამ საქმის კეთება, სახლში უნდა წავიდეს.

- უკრაინის ხელისუფლებას თავად ნატოს შესახებაც არა აქვს იმის განცდა, რომ ალიანსი ბოლომდე მხარს უჭერს.

- რუსეთ-უკრაინის­ ომის შემდგომ ნატომ ახალი დატვირთვა შეიძინა - თუ მანამდე ცდილობდა ჩამოეყალიბებინა თავისი ადგილი მსოფლიო­ უსაფრთხოებაში, დღეს გახდა ანტირუსული ალიანსი. აი, ეს მიიღო პუტინმა თავისი უგუნური ქმედებებით.

დღეს უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა­ საბჭოთა წარმოების სამხედრო ტექნიკა - ბოლო თაობის გერმანული და ამერი­კული ტექნიკით ჩაანაცვლოს. ეს ნიშნავს,­ რომ დაიწყო ევროპის გადაიარაღება, ნატო ძლიერდება აღმოსავლეთ ფლანგზე. გერმანიამ პირველად ისტორიაში იარაღის მიწოდება დაიწყო არანატოს წევრი ქვეყნისთვის. ნახეთ, ჯონსონმა რა თქვა, ბრიტანეთი არ დაელოდება ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, ისე მიაყენებს რუსეთს დარტყმას, თუ მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებსო. ეს პირდაპირი სამხედრო მუქარაა.

- მაგრამ აშკარაა, რომ ეს არ არის საკმარისი. რჩება განცდა, რომ დასავლეთმა უკრაინელ ხალხს ფარის მისია დააკისრა. ასეთი გამოთქმაც კი გაჩნდა, ნატო მზად არის იბრძოლოს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდეო.

- ნატომ რომ უკრაინის ცა დაკეტოს, ან სამხედრო მისია გაგზავნოს, ეს ნიშნავს, რომ ახალი ტიპის გლობალური კონფლიქტი უნდა დაიწყოს ნატოსა და რუსეთს შორის. დიახ, უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის მსხვერპლია, ნატო კი რუსული აგრესიის მსხვერპლს იარაღით ეხმარება. ჩვენ გვახასიათებს ინფანტილური მოლოდინი, 2008 წელსაც გვეგონა, რომ ამერიკელები როკის გვირაბს დაბომბავდნენ, მაგრამ არ გააკეთეს იმ მოტივით, რომ ლოკალური კონფლიქტი მასშტაბურში გადაიზრდებოდა. ამჯერადაც ასეთი ვითარებაა. ისიც ვთქვათ, უკრაინას ცოცხალი ძალის პრობლემა­ არა აქვს, 240 000-იანი არმია ჰყავდა, ამასთან, სწორედ ნატოს დახმარებით ჰყავს ყველაზე თანამედროვე ტექნიკით შეიარაღებული სახმელეთო ძალები. ზელენსკი მეტს ითხოვს, მაგრამ ობიექტურად რომ შევხედოთ, ნატო ძალიან დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ უკრაინის ჯარების სარდალ ზალოჟნის გენიაზე, ამერიკული დაზვერვის გარეშე ვერაფერს დაგეგმავდა. რომ არა ნატოს შეიარაღება, მისი ჯარისკაცები ომს აქამდე ვერ მიიყვანდნენ.­ უკრაინელებმა ნატოს დახმარებით 200 მილიონი მარტო ჰაერში გაუნადგურეს რუსეთს. პილოტებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც კი ფრენა იცოდა, ყველა ჩამოაგდეს. მეოთხე თაობის თვითმფრინავებს კარგავენ რუსები.

- საქართველოში შემოჭრაც რომ დადგეს რუსეთისთვის დღის წესრიგში, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს ნატოსგან?

- ჯერ ერთი, საქართველოში შემოჭრა­ არ დადგება რუსეთის დღის წესრიგში,­ ხოლო, რას უნდა ველოდოთ ნატოსგან, ხელისუფლებასა და დიპლომატიურ სამსახურს უნდა ვკითხოთ. არ ვიცი, თუ კულუარულად მუშაობენ, მაგრამ­ შედეგს ვერ ვხედავ. სამიტიდან სამიტამდე­ ველოდებით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს.

- იმის იმედს რა გაძლევთ, რომ საქართველოში რუსეთი არ შემოიჭრება?

- რუსეთის სამხედრო ძალების 40% დემორალიზებულია. ასეთ დღეში მყოფი­ რუსეთი ვერ შეძლებს ახალი ფრონტის გახსნას.

ხათუნა ბახტურიძე