"არ მსმენია ისეთი ხელისუფლების შესახებ, ოპოზიციის უუნარობით არ ესარგებლოს“ - კვირის პალიტრა

"არ მსმენია ისეთი ხელისუფლების შესახებ, ოპოზიციის უუნარობით არ ესარგებლოს“

ხალხს არ სურს აჰყვეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციის ავანგარდშია, ხალხს არ დავიწყებია, აგვისტოს ომის დროს ხუთ დღეში რომ გამოიქცა "ნაციონალური“ ელიტა...

ქართველი ხალხის უმრავლესობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღარ ენდობა - ამაზე მეტყველებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლოდროინდელი კვლევა. მარტში გამოკითხულ რესპონდენტთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს "ქართული ოცნება"­ დგას, 7% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს,­ 6% - სხვა პარტიებს. გამოკითხულთა 64% ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამასთან, როგორც კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა­ უმეტესობა, უკრაინაში ომზე საქართველოს ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს. კითხვაზე: "როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მათ ქმედებას"? - რესპონდენტთა 63% პრეზიდენტის ქმედებებს­ აფასებს დადებითად, 46% კი პრემიერ-მინისტრისას. უარყოფითად პრეზიდენტის ქმედებები 18%-მა შეაფასა, პრემიერ-მინისტრის - 37%-მა. პრეზიდენტის ქმედებების შეფასებისას პასუხი არ იცოდა 18%-მა, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებების შეფასებისას - 15%-მა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე, ხალხისა და პოლიტიკოსების ურთიერთობებზე, სცენარების მოსალოდნელ განვითარებაზე ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე­ გვესაუბრა:

- სოციალური გამოკითხვის დროს რესპონდენტი უფრო ზოგადი შთაბეჭდილებით პასუხობს. ამ შემთხვევაშიც საზოგა­დოებამ ომში მონაწილეობაზე უარი მოიწონა. მართალია, კითხვა პირდაპირ ასე არ იყო დასმული, უნდა ჩართულიყო თუ არა საქართველო რუსეთთან ომში, მაგრამ ხალხის ზოგადი განწყობა ზუსტად ამას ეხება.­ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც­ ამ საკითხს გაუსვა ხაზი, თქვა, რომ არ დაუშვებს საქართველოს ომში ჩაბმას. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო მოიწონა ქართველმა ხალხმა მთავრობის პოზიცია.

- თქვენ როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომზე, რა დივიდენდები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ხელისუფლების ერთგვარმა თამაშმა, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს თუ რეზოლუციებს, მაგრამ თავისი განცხადებებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთის გულის მოგებას ცდილობს?

- საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ნამდვილად არ არის ისეთი რადიკალური, როგორიც მოქმედება. ვფიქრობ, ეს სულაც არ არის შემთხვევითი. რუსეთს განცხადებებზე აშკარა რეაქცია აქვს, შესაბამისად, ქართული მხარე ცდილობს ისეთი არაფერი თქვას, რაც რუსეთმა შეიძლება საბაბად გამოიყენოს, მაგრამ, მეორე მხრივ, დაწესებულ ყველა სანქციას უერთდება.საბოლოოდ, ასეთი ქცევით ლოგიკასთან წინააღმდეგობაშია - თუ რუსეთს საქართველოში შემოჭრა დასჭირდა, საბაბად ნებისმიერი რამის, მათ შორის დასავლურ სანქციებსა და რეზოლუციებზე საქართველოს მიერთებასაც გამოიყენებს. თუმცა ჯერ "ოცნება" ამ რთულ თამაშს თავს ართმევს.

- ამ თამაშს აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და უკრაინელი მეგობრები. რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში როგორი იქნება მათი პოზიცია?

- უკრაინელი მეგობრების პრეტენზიები­ გასაგებია, ისინი ახლა რთულ მდგომარეობაში არიან, იციან, რომ უკრაინელი ხალხი მსხვერპლს ახლა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული­ სამყაროსთვის იღებს. ჩვენ ვხედავთ, როგორი გაგებით ეკიდება ზელენსკის პრეტენზიებს მთელი დასავლეთი. ეს გასაგებია, რაც შეეხება დასავლეთს, მას არა აქვს საქართველოსთან პრეტენზიები.

- პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მეტი აქტიურობისკენ მოგვიწოდა?

- პოლონეთმა უკრაინის დახმარების ნამდვილად ყველაზე დიდი ტვირთი ზიდა, თუნდაც მიგრაციის საქმეში. თუმცა რაც პოლონეთმა გააკეთა, საქართველო ვერ შეძლებს იმავეს თავისი ადგილმდებარეობისა თუ რესურსების გამოც. არის კიდევ ერთი მომენტი, რიტორიკა - კიდევ მეტი მოდის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნატოს ქოლგის ქვეშ არიან. მათი მეტი აქტიურობა და ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე საქართველოსა თუ მოლდოვასთვის.

- ოპოზიციონერი ლიდერები, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით ბევრად გაბედულად­ გამოხატავენ უკრაინისთვის მხარდაჭერას და მათი პოზიციები მნიშვნელოვნად ემთხვევა ქარ­თველი საზოგადოების განწყობას, თუმცა ამის მიუხედავად, ამჯერადაც ვერ მოახერხეს ხალხის აყოლიება. როგორ გგონიათ, რატომ?

- ამას მხოლოდ ერთი მიზეზი არა აქვს. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ხალხს არ სურს აჰყვეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციის ავანგარდშია,­ ხალხს არ დავიწყებია, აგვისტოს ომის დროს ხუთ დღეში რომ გამოიქცა "ნაციონალური" ელიტა. ქართველი ჯარისკაცები ორ წელს ებრძოდნენ რუსებს სოხუმში.

- რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს დღეს ოპოზიციას, როდესაც ვადამდელი არჩევნების თემას ააქტიურებს?

- ვადამდელ არჩევნებს თავისი საკანონმდებლო კალაპოტი აქვს, კანონით არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში ინიშნება. დღეისთვის არც ერთი ეს პირობა მომწიფებული არ არის. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ხალხს უქმნის განწყობას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აბა, "ქართული ოცნება" ისედაც არის ხელისუფლებაში, სხვა პარტიები კი აღარც ჩანან ჰორიზონტზე...

- რა შეცდომები დაუშვეს პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა, რისი გაკეთება შეეძლოთ და არ ან ვერ გააკეთეს?

- დასაწყისში თითქმის ყველა პარტია ცდილობს პოლიტიკაში მესამე ძალად შემოვიდეს, მაგრამ მერე ყველა "ნაციონალების" ფრთებქვეშ ექცევა. დამოუკიდებელ მესამე ძალად რომ ჩამოყალიბებულიყო რომელიმე პარტია, მაშინ ის 64%, რომელმაც NDI-ს კვლევის მიხედვით ყველა პარტიას უნდობლობა გამოუცხადა, მისი მხარდამჭერი იქნებოდა. ეს მათი მთავარი შეცდომაა, თუმცა 2024 წლამდე შეიძლება პატარა პარტიებმა მოიპოვონ იმხელა ავტორიტეტი, რომ მესამე პლატფორმა შექმნან.

- რამდენიმე დღის წინ "ქართულმა ოცნებამ"­ დაარსების მეათე წლისთავი იზეიმა.­ მოვისმინეთ ლიდერების განცხადებები, რომ თურმე მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს­ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, აღმოფხვრეს სიღარიბე და ა.შ. თქვენ როგორც ფსიქოლოგი, რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ მოქმედებს ღარიბ ხალხზე ადამიანებზე პოლიტიკური ლიდერების თვითკმაყოფილება?

- ძალიან ცუდად. სამწუხაროდ, როგორ შეიძლება საერთო რთულ ვითარებაში საქართველომ თავი გაიტანოს, ამის პროგრამა ჯერ არავის წარმოუდგენია. ამიტომ ჯობდა ხელისუფლებას ასეთი განცხადებები არ გაეკეთებინა. დღეს სხვაგვარი უნდა იყოს მისი რიტორიკა.

- ხელისუფლება იმიტომაც ხომ არ აძლევს თავს შეცდომების დაშვების უფლებას, რომ უუნარო ოპოზიციის ფონზე ძალაუფლების დაკარგვის არ ეშინია?

- თუ ოპოზიციას რევოლუციის გარდა არაფერი აქვს ხალხისთვის შესათავაზებელი, ხალხი არ გა­ჰყვება. ეს იცის ხელისუფლებამ და, რა თქმა უნდა, ამით სარგებლობს. პოლიტიკის ისტორიაში არ მსმენია ისეთ ხელისუფლებაზე, რომელსაც ოპოზიციის უუნარობით არ ესარგებლოს. ასევე არაფერი მსმენია ოპოზიციაზე, რომელიც არ სარგებლობს ხელისუფლების უუნარობით. ჩვენ შევეჩვიეთ ხელისუფლებისთვის პრეტენზიების წაყენებას. სწორედ, ოპოზიციაა დამნაშავე იმაში, რომ ალტერნატივა­ არ არის ქვეყანაში. ამას გარდა, საზოგად­ოებამ, უნდა შეძლოს ალტერნატიული ახალი პოლიტიკური ძალების გენერირება. 30 წლის განმავლობაში ერთი და იმავე სახეებზე ორიენტირება ჩვენს საზოგადოებას კარგად არ ახასიათებს.

- ალბათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ დღეს პოლიტიკოსები უკიდურესად­ დისკრედიტირებული არიან. განათლებულ ახალგაზრდას არ სურს პოლიტიკაში მოსვლა.

- სტუდენტებს პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ვუკითხავ და ვიცი მათი შეხედულებები, პოლიტიკისკენ გახედვაც არ სურთ. უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მჭირდება იმისთვის, რომ დავანახო სინამდვილეში როგორი საინტერესოა პოლიტიკა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობდა, პოლიტიკა საჭადრაკო დაფააო. მართლაც, პოლიტიკა მიმზიდველი სწორედ წინასწარ გათვლილი და ნაფიქრი ნაბიჯების შედეგად შეიძლება გახდეს. ჩერჩილის სიცოცხლეში ნამოქმედარი შედეგს მისი სიკვდილის შემდეგაც იძლეოდა. ასეთი საინტერესო და მომხიბლავია სინამდვილეში პოლიტიკა. ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი კი ოპონენტების გაშავებაა. გამარჯვებულია ის, ვინც უკეთ მოახდენს ოპონენტის დისკრედიტაციას. ისეთმა მნიშვნელოვანმა პრობლემამაც კი ვერ გვაიძულა სახელმწიფოებრივად აზროვნება, ეგოს დათრგუნვა, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. ისეთი დროც იყო, ქართველებს­ რუსეთის­ გუბერნიად ყოფნა ჩვეულებრივ ამბად რომ მიაჩნდათ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ კომუნისტურმა პარტიამ რუსეთში არსებობა განაგრძო. დღემდე­ არსებობს ზიუგანოვის პარტია, საქართველოში კი გაქრა. საქართველომ ერთიანობა გამოიჩინა ქვეყნის ორიენტაციაში,­ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ დასავლეთისკენ უნდა აგვეღო კურსი. ის, რაც ახლა უკრაინელებში ძალიან მოგვწონს, თავგანწირული ბრძოლა, ჩვენთვისაც არ არის უცხო. ასეთი თავგანწირვით იბრძოდა საქართველო 90-იან წლებშიც, 2008 წელსაც. რუსეთთან ბრძოლაში უკან არასდ­როს დაგვიხევია. თუმცა ვნახეთ, რა მოხდა 90-იან წლებში. სოხუმის დაცემის გამო ქართველებს კოდორის ხეობაში ურთულესი გზის გავლამ მოუწიათ მხოლოდ იმიტომ, რომ სამეგრელოს მიმართულებით იოლად გასავლელ გზაზე სხვა პოლიტიკური ხედვის ქართველები ტყვიას ესროდნენ თანამემამულეებს. ასეთი იყო მაშინ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ახლა ერთმანეთს მაინც აღარ კლავენ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პოზიციის მქონე რიგითი ადამიანები. ქართველებმა ბევრი რამ ჩვენს თავში უნდა გავაცნობიეროთ, საკუთარი მანკიერება დავინახოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ქართველები ერთმანეთის დასაბეზღებლად მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დარბიან. ეს უცხოელებთან ძალიან ცუდად წარმოგვაჩენს. აი, ამ მანკიერებას თუ მოვიშორებთ, მერე დანარჩენ პრობლემებსაც გავუმკლავდებით.

ხათუნა ბახტურიძე