თქვენს ოჯახებში შემობრძანდება წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი - კვირის პალიტრა

თქვენს ოჯახებში შემობრძანდება წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს - დღეს, რომელიც ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმია.­ "კვირის პალიტრა" არ არღვევს ტრადიციას და მკითხვ­ელს ამ უდიდეს დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე­ გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით­ ულოცავს. ამჯერად წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით...

წილკნის უძველესი ეპარქიის სიწმინდეთაგან განსაკუთრებული ადგილი უკავია წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და წმინდა მღვდელმთავარ ისეს საფლავს. გადმოცემის თანახმად, ეს სასწაულმოქმედი ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი ქრისტეს აკვნის ფიცარზე. იგი საქართველოში ჩამოაბრძანა ადრექრისტიანულ ხანაში წმინდა მეფე მირიანის ძემ, ბაქარმა (IV ს.) და თავიდანვე­ მის მიერ აგებულ ტაძარში­ მიუჩინა ადგილი.­ წილკნის ღვთისმშობლის ხატი თავისი ძლიერებით­ იმდენად იყო განთქმული, რომ მის წინაშე­ ლოცულობდა წმინდა მღვდელმთავარი ისეც. ხატზე ღვთისმშობლის ნახევარფიგურის­ ორივე მხარეს წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები არიან გამოსახული. ფერწერა­ ტემპერის საღებავებითაა შესრულებული. ხატი განვითარებული შუა საუკუნეების ოთხ ბიზანტიური მინანქრის მედალიონს შეიცავს. აქვეა მოჭედილი ფირფიტები წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებით, რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნეს განეკუთვნებიან. ასევე ხატს მის ჩარჩოზე დაფენილი მეთვრამეტე საუკუნის გლუვზედაპირიანი ფირფიტები ამშვენებს. წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფ­ლიოში ერთ-ერთი უიშვიათესია, რადგან ასეთი ფერწერული ხატები ძალიან ცოტაა შემორჩენილი.

xati2-1650792764.jpg

წილკანი, ღირსი ისე წილკნელი და მეფე ბაქარი

სოფელი წილკანი მცხეთის რაიონში, მუხრანის ვაკეზე მდებარეობს, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. მცხეთიდან 10 კილომეტრზე. სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე აღმოჩენილია ადრინდელი ქრისტიანული ხანის (მეოთხე-მეხუთე საუკუნეების) არქეოლოგიური ძეგლი - მიწისქვეშა აკლდამა. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა განსასვენებელი იყო. წილკანში დგას ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო საყდარს წარმოადგენდა. მეექვსე საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა წმიდა ისე წილკნელი - ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი. სწორედ მას მიაწერენ წილკნის სარწყავი არხის, "წილკნის რუს", მშენებლობას. ღირსი ისე წილკნელი განთქმული იყო უბიწოებით და მრავალი სათნოებით. წმინდა მამა დაკრძალულია ტაძარში, ინტერიერის ჩრდილოეთ მხარეს. შემორჩენილია მისი საფლავიც.

წილკანი ერთ-ერთი უძველესი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში. აქ მეოთხე საუკუნეში მეფე ბაქარ მირიან მესამის ძემ ააგო წილკნის საეპისკოპოსო ტაძარი. მის ადგილზე ვახტანგ გორგასლის დროს (მეხუთე საუკუნე) ააშენეს სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მეშვიდე საუკუნეში გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს. შემდეგში ძეგლი კვლავ რამდენჯერმე გადააკეთეს და განაახლეს. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. გალავანი მერვე საუკუნეს მიეკუთვნება. 1068 წელს მეფე ბაგრატმა წილკანთან დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. წილკანი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ბასილი, იოსებ სამებელი, ამბროსი მიქაძე, იოანე ონისიფორეს ძე ქარუმიძე და სხვები. სოფლის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები.

xati3-1650792765.jpg

ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის ვაჟი, ბაქარი, წმინდა მეფე კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა. ბიზანტიიდან სამშობლოში გამომგზავრების წინ ქართველი მეფისწული დიდი პატივით გამოისტუმრეს და ძვირფასი საჩუქრებიც გამოატანეს. გამეფების შემდგომ ბაქარმა ააგო წილკნის ეკლესია, სადაც დასვენებული იყო წილკნის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი უძველესი ხატი.წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი მადლმოსილებით ყოველთვის გამოირჩეოდა და მორწმუნეებს განსაკუთრებულად უყვარდათ, უხვადაც სწირავდნენ შესაწირს მადლიერების ნიშნად. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა ჯვრისწერისას დედოფალს ტაძარში გული შეღონებია და გონს მოსულა მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატისთვის ოქროს სამკაული შეუწირავთ. ხალხური გადმოცემით, წილკნის მინდვრებს კალია რომ შეესეოდა, ღვთისმშობლის ხატს წილკნის ტაძრიდან გალობით გამოაბრძანებდნენ, ლოცვა-გალობით შემოატარებდნენ ნათესებს და კალიაც გაეცლებოდა იქაურობას. ხატი სეტყვისაგანაც იცავდა ნათესებს... წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატი უპირველესია საქართველოში, რომელზეც გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ნახევარფიგურა. ოდიგიტრია ბერძნული სიტყვაა გზის მაჩვენებელს ნიშნავს. ეს არის ღვთისმშობლის იკონოგრაფიული გამოსახულება, რომელზეც ყოვლადწმინდა ქალწული გამოსახულია ყრმა ღმერთით - მარცხენა ხელში. მაცხოვარი მარჯვენა ხელით აკურთხებს მაყურებელს, მარცხენაში გრაგნილი უჭირავს. ხატზე გამოკვეთილია ქრისტეს ღვთაებრიობა­ - ღვთისმშობელი მასზე მიუთითებს ხელით და მიანიშნებს იესოს მეუფებაზე.­ ***1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება.

"კვირის პალიტრა" წელსაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს. სანთლები, რომლებიც საჩუქრად გადაეცემა მკითხველს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერი სწორედ იმ ეზოშია, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყმაწვილობაში ცხოვრობდა. უწმინდესის მშობლიურ სახლში დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერი 2003 წლიდან მოქმედებს.

დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: - თავდაპირველად ვულოცავთ მედიაჰოლდინგ "პალიტრას" 27 წლის იუბილეს. ღმერთმა მრავალი წელი შეაძლებინოს მის ადმინისტრაციას, თითოეულ მესვეურს, თანამშრომელს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთო საქმიანობა, მრავალი კარგი პროექტის განხორციელება. მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთ-ერთი ლამაზი ტრადიცია, რომელსაც ინარჩუნებს "კვირის პალიტრა", არის აღდგომის მილოცვა ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლებისათვის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საყვარელი დები და ძმები. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის ძვირფასი შვილები. წელს აღდგომისთვის შერჩეულია წილკნის ღვთისმშობლის ხატი. ის ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში, საქართველოშია დაცული და ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება.

გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებელს შეუსრულებია დედაღვთისმშობლის სიცოცხლეშივე, საქართველოში კი მოციქულთა სწორი მეფის, მირიანის, ვაჟის, ბაქარის, დროს ჩამოუტანიათ ივერიელთა უძველეს სამკვიდროში. ღმერთმა ქნას, ყველა სიწმინდეს გავუფრთხილდეთ და უფალმა დაგვიფაროს თავისი შვილები. დედაღვთისმშობელმა დალოცოს და მშვიდობიანი აღდგომა, კეთილდღეობა და კეთილი ნაყოფით სავსე ცხოვრება მოჰმადლოს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქრისტიანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა მრავალი მშვიდობიანი დღე გაგვითენოს.

მოამზადა თამარ მამაცაშვილმა

და ეკა სალაღაიამ